ლაკო ბუკიამ ახალ, 2017 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექციაზე მუშაობა დაასრულა. კოლექციას "გიყვარდე მუდამ/Love Me Always" დაარქვა, რომელიც მის ცხოვრებაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. დიზაინერი შვილს ელოდება და როგორც თავად აღნიშნავს, ეს მის პიროვნებაში დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდა. ლაკო ბუკიას როგორც 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის, ასევე 2017/2018 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია გამორჩეულია დიზაინერის მიერ შექმნილი პრინტებითა და ფერთა მრავალფეროვნებით. 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მალე გაყიდვაშიც ჩაეშვება.
TREND. დიზაინერს კოლექციებში გამოკვეთილ ტენდენციებსა და მსოფლიო მოდის ტენდენციებზე ესაუბრა:
რა ტენდენციებით გამოირჩევა Lako Bukia-ს 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია?
დაახლოებით 4 სეზონია, რაც ჩემ მიერ შექმნილ პრინტზე ვმუშაობ და ამ ტენდენციას არ ვარღვევ არცერთ კოლექციაში. შესაბამისად, 2017 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექცია, რომელიც მალე გავა გაყიდვაში, ამავე ტენდენციით გამოირჩევა. ეს კოლექცია გამორჩეულია იმითაც, რომ მივუძღვენი თბილისს, გადავიღე ის ადგილები, რომლებიც ჩემთვის აქტუალური იყო და მომწონდა, სწორედ ამ ადგილთა ფოტოები გამოვიყენე პრინტებად. ასევე პირველი კოლექციის შემდეგ აღარ მიმუშავია ერთ ან ორ ფერზე. ძირითადად ფერებზე ვმუშობ და გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში თბილი, ფერადი და პასტელური ფერებიც უხვად მაქვს გამოყენებული.
რაც შეეხება 2017/2018 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციას, რა იყო კოლექციის ინსპირაცია და ჰქონდა თუ არა გავლენა თქვენს ცხოვრებაში არსებულ ცვლილებებს ამ კოლექციის შექმნისას?
ბუნებრივია, ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემს პიროვნებაშიც დიდი ცვლილებები დაიწყო და შესაბამისად, ამან კოლექციის შექმნაზეც დიდი გავლენა იქონია. ასეთი დიდი ემოციური ძვრები და ცვლილებები პირველია ჩემი ცხოვრების განმავლობაში და შევეცადე ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი, კოლექციაზეც ამესახა. თუ კარგად დააკვირდებით, ამას კოლექცია ერთი შეხედვითაც ამბობს. განსაკუთრებით დეტალები, რომლებსაც ვიყენებ, სეზონიდან სეზონამდე განწყობებისა და გარემოს ტრანზაქციები, გარდაქმნები, კლასიკურისა და სპორტულის მიქსი, ქსოვილები, როგორიც არის მაქმანები და სტრეიჯი, მკვეთრი და თბილი პასტელური ფერების ნაზავი, ხელით ნაქსოვი კაბები და სვიტერები. ეს კოლექციაც საქართველოს თემატიკის გაგრძელებაა, თუმცა, მასში გაცილებით მეტია ჩემი თავი, ჩემს ემოციურ მხარესთან და ცხოვრებაში მიმდინარე სასიამოვნო ცლილებებთან ერთად.
როგორ ფიქრობთ, რა ტენდენციები იკვეთება 2017 წლის მსოფლიო მოდის სფეროში?
ფაქტია, რომ მსოფლიო მოდა ძველს აცოცხლებს და ახალი, უფრო ცოცხალი და დახვეწილი ფორმით გვთავაზობს. ზოგადად, სხვადასხვა დიზაინერები მომწონს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა, ინგლისში სხვა, პარიზში სხვა. ყველა სხვადასხვა ტენდენციაზე მუშაობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, ის, რომ 2017 წლის მთავარ ტენდენციად, მაინც ფერები რჩება. მაგალითად, წითელი ფერისა და ვარდისფერის შეხამება, აქტუალური ყვითელი ფერი. ტენდენციურად 2017 წელი ძალიან ფერადია.
გამოკვეთილ ტენდენციებს შორის, რა ტენდენციები მოგწონთ?
ამ ბოლო პერიოდში გამოვარჩევდი Baleciaga-ს, Demna Gvasalia-ს მიერ შემოთავაზებულ ახალ ტენდენციას, საქართველოში მოიხსენიებენ, როგორც "ლილოს ჩანთებს", თუმცა, გულრწფელად უნდა ვთქვა, რომ ეს იდეა ახალია და აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად გაეცოცხლებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურია და მახსენებს ბავშვობას, ამასთან ძალიან დახვეწილია და ახალი. ასევე ძალიან მომწონს საფრანგეთში მოღვაწე ესპანური მოდის სახლი Loewe, მომწონს მათი აქსესუარები, ძალიან მომწონს წელს ძალიან აქტუალური ფერები, მე ყოველთვის ფერებს ვემხრობი და ვანიჭებ უპირატესობას.
როგორია იდეალური ქალი 2017 წლისთვის?
ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქალების უმრავლესობა იდეალურია.თუმცა, 2017 წლისთვის ქალი აუცილებლად ძლიერია - არაფერი აქვს საერთო სტერეოტიპთან "სუსტი სქესი". რაც შეეხება იმას, თუ როგორია იდეალური ქალი, ანუ ჩემი ქალი - საკუთარი კოლექციების გავლით რომ ვიმსჯელო, იგი კვლავ ძლიერ ქალად რჩება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ჩემს კოლექციებს, ვფიქრობ, ყველა ვერ მოირგებს. ქალს, რომელსაც მოსწონს Lako Bukia-ს კოლექცია, აუცილებლად ძლიერი და განსხვავებულია. არ ვსაუბრობ სილამაზის სტანდარტულ აღქმაზე, შესაძლოა მისი ძალა და სამყაროს განსხვავებული ხედვა მხოლოდ შინაგანი სამყაროს ნაწილად რჩებოდეს.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, მოდა, ტანსაცმელი, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, ქართული ბრენდი, ბრენდი, ახალი კოლექცია
Trend.ge