LIFE

ცნობილი ვლოგერი X ფაქტორის სცენაზე

ცნობილი ვლოგერი X ფაქტორის სცენაზე

ქართველი ტელემაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, სანახაობრივი და მრავალფეროვანი შოუ, X ფაქტორი დაიწყო. პირველი გადაცემის პირველი მონაწილე, საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, არც ისე უცნობი, მეტიც, კარგად ნაცნობი, ვლოგერი ეკუნა ყანჩაველი აღმოჩნდა. ეკუნა, უკვე წლებია, რაც თავის ფეისბუქ გვერდზე მის მიერ გადაღებულ ვიდეოებს ტვირთავს და სხვადასხვა თაობისა და გემოვნების ადამიანებს საინტერესო და სასაცილო ამბებით ანებივრებს. 

ეკუნა სტუდენტია, იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლობს. უყვარს მაილი საირუსი, ცხოველები, ბოტასები და დიდი კაპიშონები. შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს ორი ძაღლი, რომლებსაც, როგორც თავად ამბობს, აღმერთებს. კალათბურთი და რეპი - მისთვის ყველაზე საყვარელი სპორტისა და მუსიკის მიმდინარეობებია. გარდა სიყვარულისა, თავადაც უშუალოდ არის ჩართული ორივე სფეროში, აქტიურად თამაშობს კალათბურთს და თამამად რომ რეპავს, ეს არც მისი "ფოლოუერებისთვის" არის უცხო და აღარც X ფაქტორის მაყურებლისთვის. 

ცნობილი ვლოგერი X ფაქტორის სცენაზე

იგი ფიქრობს, რომ X ფაქტორის მეშვეობით, მაყურებელი ამ კუთხით "მხიარული და ზედაპირული" ეკუნას მიღმა არსებულ, "სხვანაირ ეკუნას" უკეთ გაიცნობს. 

TREND. "სხვანაირ ეკუნას" პროექტისა და პირადი ინტერესების შესახებ ესაუბრა:

რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა და წარმატების შემთხვევაში რას პირდები მაყურებელს?

სასაცილო ვიდეოებთა ერთად, ხშირად, საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების სადემონსტრაციო ვიდეოებსაც ვტვირთავდი. დიდი გამოხმაურებისა და მოწონებების შემდეგ, გადავწყვიტე, მეცადა. შესაძლოა, ჩემზე ბევრად ძლიერი ვოკალური მონაცემების მქონე კონკურსანტებიც არიან, თუმცა, ვფიქრობ, პროექტისთვის საჭირო, ჩემს თავში არსებულ X-ს, მაქსიმალურად გამოვიყენებ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოხდეს, არ ჩავთვლი, რომ რამე დავკარგე. უპირველესად, საკუთარი სურვილით მივედი პროექტში და საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობ. ეს ჩემთვის, მართლაც ერთგვარი სიამოვნებაა. ზოგადად, მინდა ყველა სფეროში, ყველაფერი ვცადო. 

ცნობილი ვლოგერი X ფაქტორის სცენაზე

მოგვიყევი შენი ინტერესების შესახებ. 

შთაბეჭდილებებით და გამოცდილებებით ცხოვრება მინდა. კალათბურთს ვთამაშობ, ახლა მუსიკალურ სფეროსაც რაღაცნაირად დავუკავშირდი, ვწერ მუსიკალურ ტექსტებს, ვიღებ ვიდეოებს. ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო, უკვე წლებია ვეგეტარიანელი ვარ და მინდა ამით, ოდნავ მაინც დავიცვა ცხოველები. ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება მაქვს, ყველა მიყვარს. რთულია, კონკრეტულად გითხრათ, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი - მინდა ყველაფერში, რაც მაინტერესებს, ვცადო თავი. 

რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია საკუთარი ცხოვრება?

ბანალური უნდა ვიყო - ურთიერთიერთობების გარეშე. მეგობრებთან გატარებული თითოეული წუთი მასაზრდოვებს. ვფიქრობ, რომ ყველასგან, უკლებლივ ყველა ადამიანისგან შეიძლება სწავლა და ვსწავლობ კიდეც. კალათბურთის და მუსიკის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიცხოვრო. 

ცნობილი ვლოგერი X ფაქტორის სცენაზე

ძირითადად, შენი ვიდეოების თემატიკა გოგოებს ეხება. რატომ მაინცდამაინც გოგოები, ქალური პრობლემები და ურთიერთობები?

ვფიქრობ, რომ ყველა გოგოს, განურჩევლად, გვაერთიანებს ბიჭებთან დაკავშირებული საკითხები. ასე თუ ისე, თითქმის ყველას, საერთო სცენარი გვაქვს. გარდა ამისა, ასეთი შინაარსის ვიდეოებს სწრაფად იტაცებენ და საშუალებაც მეძლევა, სხვადასხვა ფორმით, საკუთარი აზრიც დავაფიქსირო. 

საყვარელი ვლოგერი თუ გყავს? 

ძალიან მომწონს ერთი ვლოგერი გოგო, Superwoman ქვია. ჩემთვის მართლა Superwoman-ია და უნდა გაგიმხილოთ, იგი ჩემი ერთგვარი ინსპირაციაა. ყოველთვის მოუწოდებს ქალებს მეტი თავდაჯერებულობისკენ, გამუდმებით არწმუნებს მათ თავიანთ შესაძლებლობებში და ეს ძალიან მომწონს. 

ცნობილი ვლოგერი X ფაქტორის სცენაზე

ხშირად, შენს ვიდეოებში გამომწერებს მოუწოდებ სხვადასხვა ქმედებისკენ: თავდაჯერებულობისკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ. როგორ, ფიქრობ, შეგიძლია იქცე სხვა ადამიანების მოტივაციად?

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ვიქცე სხვების მოტივაციად. სწორედ ამიტომ, ხშირად, მოვუწოდებ, უფრო ზუსტად კი, საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ იმის შესახებ, რომ ვარჯიში ძალიან მაგარია, რომ არასოდეს უნდა უსმინონ სხვებს და ბოლომდე მიყვნენ თავიანთი მიზნებისკენ მიმავალ გზას. არასოდეს არ დავიჭერ ვიდეოში, ვთქვათ, სიგარეტს, რომ შემდეგ, თინეიჯერებისთვის, რომლებსაც მე მოვწონვარ, რომელთათვისაც, მსგავსი ვიდეოები მარტივად ხდება ტენდენციური და მისაბაძი, რაიმე მავნე ჩვევაც იქცეს მათთვის მოსაწონ ქმედებად.



Trend.ge