მატილდა კატალია - X ფაქტორის აღმოჩენა და 44 წლის ასაკში ახდენილი ოცნება
- 26.04.2017
ბორდოსფრად შემოსილმა, სცენაზე ბლუზის ბგერები მიმოფანტა და პირველივე ნოტიდან, იგი არა მხოლოდ X ფაქტორის, არამედ, მთლიანად, ქართული მუსიკალური სამყაროს აღმოჩენად იქცა.
"ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად დავალაგე სწავლა, ოჯახი, შვილები, მეუღლე - თითქოს ცხოვრების ეს ფაზლი ავაწყვე და ერთი ნაწილი, მუსიკის სფეროსთან დაკავშირებული, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, გამომრჩა" - X ფაქტორის მაყურებელმა მატილდა კატალია სწორედ ამ ფრაზით გაიცნო.
TREND. 44 წლის დიასახლისს, 2 შვილის დედას და X ფაქტორის აღმოჩენას, მატილდა კატალიას ესაუბრა. როგორც პროექტის კონკურსანტი ამბობს, X ფაქტორში მისვლის გადაწყვეტილება მეგობრებისა და ახლობლების რჩევით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას ამ გადაწვეტილების მიღებას აქამდეც სთხოვდნენ, მატილდა თავს იკავებდა სწორედ იმის გამო, რომ პროფესიით საერთაშორისო-ეკონომიკური მენეჯმენტის სპეციალისტია და არა მუსიკოსი.
"როცა მივხვდი, რომ უკვე 44 წლის ვარ, საკუთარ თავს ვკითხე: როდის უნდა გადავდგა ნაბიჯი, რომელიც დამარწმუნებს, გამომდის თუ არა ის, რაზეც ყველა მეუბნება, რომ კარგად გამომდის" - ამბობს მატილდა კატალია.
მისი სასცენო სახელი ორი საკმაოდ ცნობილი ფილმის, Leon-ისა და Colombiana-ს ასევე ცნობილ პერსონაჟებთან ასოცირდება. კონკურსანტის თქმით, მას ორივე პერსონაჟი განსაკუთრებით უყვარს და სახელიც სწორედ ამიტომ შეარჩია.
მატილდა ჟიურის ასეთ რეაქციას არ ელოდა, არც საზოგადოებისგან წამოსული უდიდესი სითბო და ყურადღება ყოფილა მისთვის მოსალოდნელი. TREND.-თან საუბარში იგი ამბობს, რომ ისეთი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, რომელიც შვილის ბაღში დატოვებას, საყიდლებზე სიარულს გულისხმობს, მისთვის დღესასწაულად იქცა, რადგან, ადამიანების სიყვარული და მათი ყურადღება ეკრანზე გამოჩენის დღიდან არ წყდება. კონკურსანტი გვიმხელს, რომ მას ყოველთვის სურდა მიეღო ადამიანებისგან იმ რაოდენობით სიყვარული, რამდენსაც თავად გასცემდა.
მატილდა იხსენებს ბავშვობის ეპიზოდებს, როცა დედა უბრაზდებოდა და იგი სთხოვდა "ტკბილად გაჯავრებოდა". ამბობს, რომ ადამიანებისგან მიღებული სითბო და სიყვარული, რისი მოთხოვნილებაც ბავშვობიდან ჰქონდა, X ფაქტორის მეშვეობით აწმყოდ და რეალობად ექცა.
კონკურსანტი ოჯახის შესახებაც გვიყვება და როგორც თავად ამბობს, ოჯახში თითოეული დღე დიდი მხიარულებაა, რომ ყველა პრობლემა პოზიტიური დიალოგითა და ღიმილით გვარდება. რაც შეეხება მოლოდინებსა და გეგმებს, ამბობს, რომ X ფაქტორში მოვლენების განვითარება მისცემს მიმართულებას, თუმცა, უკვე ბენდებისგან შემოთავაზებებიც აქვს.
ალბათ, პროექტის მაყურებელს არც გასჭირვებია მიმხვდარიყო, რომელია კონკურსანტის საყვარელი ჟანრი და მისი საყვარელი მომღერალი, თუმცა მატილდა, TREND.-თან საუბარშიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯაზი და ბლუზი მისი ყოველდღიურობის ნაწილია, ხოლო ელა ფიცჯერალდი კი საყვარელი შემსრულებელი.
მას სჯერა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ქალი, რომელიც სახლში ზის და რომელიც განსაკუთრებული ნიჭის მატარებელია. ამიტომ, ყველას ურჩევს, ნუ დაკარგავენ წლებს და აუცილებლად სცადონ. მოიპოვონ ადამიანების სიყვარული და კეთილგანწყობა, აიმაღლონ თვითშეფასება და რაც მთავარია, საკუთარი ოცნებების ახდენას მიჰყონ ხელი.
თემები: სატელევიზიო შოუ, X ფაქტორი, ჟიური, შოუ, ქართული შოუბიზნესი, კონკურსანტი
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია