დღეს უფრო ადვილია მამაკაცთან ურთიერთობა, ვიდრე მაგალითად 50 წლის წინ და ამავდროულად, უფრო რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მოგინდება. ბევრი ქალი რეალურ ცხოვრებაში „იმ ერთადერთის“ პოვნას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებს და ახალი ადამიანების გაცნობას სოციალური ქსელის საშუალებით ცდილობს; ზოგი კი ფიქრობს, რომ ზედმეტად მაღალი სტანდარტები აქვს და სასურველი მამაკაცი აქამდე სწორედ ამის გამო ვერ ნახა. გახსოვდეს: არსებობს მამაკაცის 9 თვისება, რომლებიც მიგანიშნებს, რომ ამ კაცთან სერიოზულ ურთიერთობაზე არ უნდა იფიქრო: უმჯობესია, ცხოვრების გარკვეული პერიოდი მარტომ გაატარო, ვიდრე არასწორი არჩევანი გააკეთო!
9. მატყუარა: თუ ატყობ, რომ შენი მეგობარი მამაკაცი მუდმივად რაღაცას გიმალავს ან თუნდაც უწყინარ ტყუილში გამოიჭირე, პირდაპირი მნიშვნელობით - გაიქეცი! სტაბილური ურთიერთობა და მით უმეტეს ქორწინება ორმხრივ ნდობას ემყარება. თუ მამაკაცს ურთიერთობის დასაწყისში ტყუილების გარეშე ურთიერთობა არ შეუძლია, მზად იყავი, რომ წინ ძალიან დიდი იმედგაცრუება გელოდება.
8. „პლეიბოი“: თუ შენი რჩეულის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე მონოგამიური ურთიერთობა არ ყოფილა, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გაქვს. ზოგიერთ გოგონას ჰგონია, რომ მისი შეყვარებული მასთან ურთიერთობის დაწყებისას დასერიოზულდება და „გამოცდილი“ პარტნიორით, ამაყობს კიდეც, თუმცა გახსოვდეს: გამოცდილება და ერთგულება აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია - თუ მის ცხოვრებაში ბევრი ტყუილია და ერთდროულად რამდენიმე ურთიერთობის გაბმასაა მიჩვეული, ცხოვრების წესს არასოდეს შეცვლის.
7. უპასუხისმგებლო: ჩვენს რეალობაში ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინება, რაც სამწუხაროდ ხშირად წარუმატებელია. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, შენს შეყვარებულს წინა ქორწინებიდან შვილები ჰყავდეს. თუ მამაკაცი საკუთარ შვილზე არ ზრუნავს (მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ცუდი გამოცდილება იყო მისთვის პირველი ქორწინება), დარწმუნებული იყავი, ის კრიტიკულ მომენტში შენც „დაგიკიდებს“. თუ ადამიანს წარსულის შეცდომების გამო პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, ის ნებისმიერ სიტუაციაში არაკეთილსინდისიერად მოიქცევა.
6. „დამოკიდებული“: როგორც წესი, ნარკოტიკებსა ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები თავიანთ პრობლემას მალავენ ხოლმე, მაგრამ ამის გამოცნობას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება. არასოდეს გაჰყვე ცოლად მამაკაცს, რომელიც ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულია და პრობლემის მოსაგვარებლად ექიმებს არ მიმართავს. არ დაიჯერო, თუ გითხრა, რომ შენ გვერდით შეიცვლება, შენ მის გამოსწორებას ვერ შეძლებ!
5. უსაქმური: სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში სამსახურის პოვნა ძალიან რთულია. თუ ადამიანი გიყვარს და მის გვერდით მთელი ცხოვრების გატარებას აპირებ, ისიც უნდა გქონდეს გააზრებული, რომ შეიძლება გარკვეულ ეტაპზე უმუშევარი დარჩეს და თანადგომა სწორედ შენ უნდა გაუწიო. თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“: თუ ხედავ, რომ შენი რჩეული მამაკაცი თვითგანვითარებისთვის არაფერს აკეთებს და არც სამსახურის შოვნას ცდილობს, მაშინ შენი მომავლის სცენარი ნათელია: დღე და ღამეს გაასწორებ, ოჯახი რომ შეინახო, შენი ქმარი/პარტნიორი კი მთელ დღეებს დივანზე წამოწოლილი ვიდეოთამაშებსა ან ტელევიზორის ყურებაში გაატარებს. გინდა ასეთი ცხოვრება?
4. ნარცისი: ცხადია, შენი რჩეული სიმპათიური უნდა იყოს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს. თუმცა, თუ მამაკაცი სპორტულ დარბაზში 6 საათს ატარებს და შემდეგ სოციალური მედიით საკუთარი ბიცეფსების ფოტოებს აქვეყნებს, იცოდე, რომ პრობლემა გაქვს: საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი სათანადოდ ვერასოდეს შეგიყვარებს - ის ყოველთვის საკუთარი თავით იქნება გატაცებული და შენ სილამაზეს ვერასოდეს შენიშნავს.
3. მოძალადე: ნუ გახდები ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპის მსხვერპლი: მოძალადე „ვაჟკაცს“ არ ნიშნავს! თუ მამაკაცი მუდმივად ავლენს აგრესიულ ქცევას და გარშემომყოფებსაც ხშირად ეჩხუბება, მზად იყავი, რომ ადრე თუ გვიან იგივე სცენარი შენს სახლშიც გათამაშდება.
2. ბავშვობაში „ჩარჩენილი“: რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენს ქვეყანაში ბევრ ახალგაზრდას ცალკე ცხოვრების საშუალება არ აქვს და იძულებულია, 30 წლის შემდეგაც მშობლებთან ერთად იცხოვროს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, საკუთარ თავს უფლება მისცეს, ტანსაცმელი კვლავ დედამ გაურეცხოს ან საჭმელი მოუმზადოს. ასეთი მამაკაცი ყოველთვის ვიღაცაზე დამოკიდებული იქნება.
1. ძალაუფლების მოყვარული: ბევრ მამაკაცს ჰგონია, რომ ოჯახის „უფროსი“ უნდა იყოს, თუმცა „ავტორიტეტული“ ქმრის უკან ყოველთვის არასრულფასოვანი პიროვნება იმალება: ქალი და მამაკაცი როგორც კანონის, ასევე საზოგადოების წინაშე თანასწორია, არავის მისცე უფლება, შენი აზრი უმნიშვნელოდ მიიჩნიოს!
თემები: წყვილი, ტყუილი, წარუმატებელი ქორწინება, მოძალადე ქმარი, სტრესი
<a href="http://familyparliament.com/Thread/10-men-you-should-never-considered-for-marriage/">familyparliament.com</a>