მშობლები

სექტემბერში დაბადებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან - ახალი კვლევის შედეგი

სექტემბერში დაბადებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან - ახალი კვლევის შედეგი

როცა ბავშვი კლასში ასაკით დანარჩენებზე უფროსია, ეს მას უპირატესობას ანიჭებს - ნათქვამია ახალი კვლევის დასკვნაში.

კვლევა, სახელწოდებით „სკოლის დაწყების ასაკი და შემეცნებითი განვითარება“აშშ-ში ჩატარდა. მკვლევარებმა ფლორიდის საჯარო სკოლების 1,2 მილიონი მოსწავლის შემეცნებითი განვითარების დონე შეისწავლეს.

მოსწავლეთა ასაკი 6-დან 15 წლამდე მერყეობდა და მათი დაბადების თვე, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

კვლევამ აჩვენა, რომ სექტემბერში დაბადებული მოსწავლეები იყვნენ კლასში ასაკით თავიანთ კლასელებზე უფროსები და აჩვენებდნენ უფრო მაღალ შედეგებს, იღებდნენ უფრო მაღალ ქულებს და ჰქონდათ შემეცნებითი აზროვნების უფრო მეტად განვითარებული უნარი. სექტემბერში დაბადებულმა ბავშვებმა განსაკუთრებით დიდი უპირატესობა გამოავლინეს აგვისტოში დაბადებულ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც კლასში ასაკით ყველაზე პატარები იყვნენ.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ სექტემბერში დაბადებული ბავშვების აკადემიური მოსწრება მათ თანაკლასელებზე მაღალია არა მხოლოდ დაწყებით კლასებში - ეს ტენდენცია ნარჩუნდება უფროს კლასებში.

ასევე, კვლევის თანახმად, როცა ბავშვი სკოლის დაწყების პერიოდშივე დაბალ შემეცნებით უნარს ამჟღავნებს და დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, ამ ტენდენციას ინარჩუნებს მოზრდილ ასაკშიც.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სექტემბერში დაბადებული ბავშვები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დანაშაულის ჩადენისკენ.

უფროსები, ჭკვიანები და ნაკლებად მიდრეკილნი კრიმინალისკენ - სწორედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ სექტემბერში დაბადებული ბავშვი.