#გამოიყვანე პატარა ბისტროს დიდი სოციალური კამპანია ხანდაზმულების მხარდასაჭერად
- 03.11.2017
პეკინის 8-ში მდებარე ახალი ბისტრო გრაუნდ84 ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხით დაინტერესდა და დაიწყო სოციალური კამპანია #გამოიყვანე...
ვირუსული კამპანიის მიზანი ხანდაზმულების საზოგადოებაში დაბრუნება, მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა და სრულფასონი ინტეგრირებაა.
კამპანიით #გრაუნდ84 მოუწოდებს ახალგაზრდებს გამოიყვანონ გარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები და დაუმტკიცონ რამდენად საჭიროა მათი ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
კამპანია დაეფუძნა მონაცემებს:
საქართველო, როგორც დემოგრაფიის თვალსაზრისით გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანა, საგულისხმო გამოწვევების წინაშე დგას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, საქართველოს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტი იყო, 2030 წლისათვის 19 პროცენტამდე გაიზრდება.
პროგნოზით მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის შემდგომი ზრდა: თუ 2012 წელს საქართველოში ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი, ხოლო მამაკაცის - 70 წელი იყო, 2030 წლისთვის რიცხვები, შესაბამისად, 80.8 და 74.2 წლამდე გაიზრდება. დღევანდელი შრომითი ბაზარი ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობაში არ მოდის.
ხანდაზმულთა აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის: შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების არარსებობა, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შეზღუდული შესაძლებლობები, მწირი შემოსავალი და სტიგმა, რომელიც ხანდაზმულთა გარიყვას იწვევს. მოსახლეობის დაბერება შეიძლება მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების მიზეზიც გახდეს, რადგან ხანდაზმულობის ასაკში სოციალური უთანასწორობა შესამჩნევად ძლიერდება.
სოციალურ კამპანიაში უკვე ჩაერთვნენ ცნობილი სახეები:
#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84
ბახვა ბრეგვაძე 31
ბიჭი ბრეგვაძე 69
მე ბახვა ვარ, 31 წლის, მიყვარს მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება , კაფეში , კინოში , თეატრში სიარული, კარგი კონცერტის მოსმენა, რესტორანში გემრიელი კერძის მირთმევა, მომწონს ჩემზე უფროს, უმცროს, თუ ჩემს თანატოლ ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი, მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, კამათიც კი, მაღაზიაში საჭირო ტანსაცმლის შეძენა,წიგნების ყიდვა , სხვებისთვის საჩუქრების შერჩევა ... კარგად ვგრძნობ თავს სეირნობისას, მოგზაურობისას... მაინტერესებს იმ ადამიანებზე ყველაფერი, ვინც მიყვარს, აზარტული ვარ, ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები ...
ეს ჩემი ხასიათია , ჩემი ცხოვრების წესი, ეს ვარ მე, როგორც ინდივიდი რომელიც ვუყურებ ჩემს მომავალს .... მალე მეც ვიქნები 60 წელს გადაცილებული ბახვა, რომელსაც უყვარს მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება , კაფეში , კინოში , თეატრში სიარული, კარგი კონცერტის მოსმენა , რესტორანში გემრიელი კერძის მირთმევა , რომელსაც მოსწონს მასზე უფროს, მასზე უმცროს , თუ მის თანატოლ ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი, მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა ,კამათიც კი, მაღაზიაში საჭირო ტანსაცმლის შეძენა,წიგნების ყიდვა ,სხვებისთვის საჩუქრების შერჩევა ... კარგად გრნობს თავს სეირნობისას, მოგზაურობისას... აინტერესებს იმ ადამიანებზე ყველაფერი ვინც უყვარს , ძალიან აზარტულია და ყველაზე მეტად უყვარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები …
#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84
გელა ჩარკვიანი 78
ნანა ჩარკვიანი 14
მე რომ 78 წლის ვიქნები გამიხარდება თუ ჩემი ცხოვრება რამით მაინც ემსგავსება გელასას. ჩემი აზრით გელა ყველა ხანდაზმულისთვის მაგალითია იმისა, რომ ასაკს არ უნდა დანებდე. არ მისცე საშუალება, შეგზღუდოს და რაც მთავარია არ დაგიკარგოს მოტივაცია.
გელას შეემთხვა ყველაფერი, რასაც მისი დაბერება შეეძლო, მაგრამ გელა არ გაჩერდა, ასე თქვა, რაღაცით ხომ უნდა გადამეტანა ტრაგედიებიო.
ალბათ ყველა გელასავით აქტიურად უნდა ხვდებოდეს დილას, პროდუქტიულად და შემოქმედებითად ატარებდეს დღეს და მუსიკით ტკბობით ასრულებდეს საღამოს.
#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84
ნინო ცქიტიშვილი 38 წლის
გულიკო ცქიტიშვილი 70
პასუხისმგებლობა, აქტიური ცხოვრების სიყვარული და მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი ჩემი აზრით ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. მეც ეს მემკვიდრეობა ჩემი მშობლებისგან მერგო.
დღემდე აღტაცებით ვუყურებ დედაჩემს და ვამაყობ მისი შეუდრეკელობით და აქტიური ჩართულობით როგორც საოჯახო ისე საზოგადოებრივ საქმეებში. მას გამოსდის თანაბრად იყოს ორივე ასპარეზზე და ეს მისი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველი ახალი დღის.
ასე მგონია დედამ თავისი გადაწყვეტილებით ცხოვრების სპექტაკლის მესამე მოქმედება შეცვალა და დაანგრია ფარდის დაშვებამდე მოწყენილად ყოფნის სტერეოტიპი, თანაც მამას გარეშე.
დედა, მიყვარხარ! შენ მასწავლე რომ წლების მატება საშიში სულაც არაა, პირიქით შენი წლები შენი სიამაყეა, რადგან უკან გახედვის არ გეშინია. ყველაფერს გაუძელი და გაუმკლავდი, დღემდე გამკვირვებია - როგორ?
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, მოხუცები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია