მოგზაურობისა და ბედნიერი ცხოვრების 8 გაკვეთილი 30 წლის ადამიანისგან, რომელმაც 50 ქვეყანა ნახა
- 24.11.2017
30 წლის ტომი უოკერი მოგზაურია, რომელიც მოგზაურობის, ნანახი ქვეყნების, მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ წერს და სოციალურ ქსელებში მიმდევრებს უზიარებს.
უოკერმა უკვე 50 ქვეყანა ნახა. ისთავისი გამოცდილებიდან მოგზაურობისა და ბედნიერი ცხოვრების მთავარ გაკვეთილებს გვთავაზობს:
1. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ასაკმა არ უნდა მოახდინოს გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, ყოველთვის უნდა გააკეთოთ ის, რაც გსურთ.
2. ყველაზე დიდი ინვესტიცია საკუთარ თავში უნდა ჩადოთ და საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნოთ - სწორედ თქვენ უნდა შექმნათ საკუთარი ცხოვრება, თქვენზეა დამოკიდებული ეს ცხოვრება ბედნიერებით იქნება სავსე, თუ - არა. კავშირები, ახალი მეგობრები, ახალ გარემოსთან ადაპტაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ერთად გქონდეთ.
3. ყოველი ახალი ადგილი არის კარგი ადგილი - დაივიწყეთ შედარებები - ახალ ადგილს თავისი პრივილეგია აქვს. ფართოდ გაახილეთ თვალები, ყურადღებით დააკვირდით სიახლეებს, აღმოაჩინეთ დეტალები და უბრალოდ ისიამოვნეთ.
4. მატერიალურ სიმდიდრეს ამჯობინეთ უფრო მეტი გამოცდილების მიღება - მატერიალური საგნები მალე გვბეზრდება, გვავიწყდება, თუმცა გამოცდილება არის ის შენაძენი, რომელიც მუდამ ჩვენთან რჩება. გამოცდილება გვეხმარება გამოვიმუშაოთ ისეთი უნარები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უფრო წარმატებულს გახდის. რამ შეიძლება მოგცეთ იმაზე უკეთესი გამოცდილება, ვიდრე მოგზაურობაა?
5. მსოფლიო სავსეა კარგი ადამიანებით - არ აქვს მნიშვნელობა მათ ეროვნებას, კულტურას, რელიგიას - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო სავსეა კარგი ადამიანებით. ბევრს სურს დაგეხმაროს და თან ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ.
6. მოგზაურობა მარტივი არ არის - ყველა ჩვენგანი ვხედავთ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ და ვფიქრობთ, რომ მოგზაურის ცხოვრება ეს უმშვენიერესი რამაა. რა თქმა უნდა, მოგზაურობა მართლაც შესანიშნავია, მაგრამ რეალურად მას თან ახლავს ძალიან ბევრი სირთულე და საჭიროა, რომ ადამიანი იყოს ძლიერი როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად.
7. დაივიწყეთ მოლოდინები - ნუ გექნებათ განსაკუთრებული მოლოდინები და წინასწარი წარმოდგენები ამა თუ იმ ადგილის შესახებ, სანამ მას საკუთარი თვალით არ ნახავთ. დაინახეთ მხოლოდ პოზიტივი ყველაფერში.
ტომი იხსენებს, რომ ადამიანები ზოგიერთი ადგილის შესახებ ეუბნებოდნენ, რომ არ წასულიყო იქ, რადგან ძალიან მოსაწყენი ადგილი დახვდებოდა, მაგრამ როცა ტომმა მაინც მოინახულა კონკრეტული „მოსაწყენი ქვეყნები“ აღფრთოვანებული დარჩა. ტომი გვირჩევს, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას მსგავს რჩევებს არ დავუჯეროთ.
8. საკუთარი ბედნიერება აქციეთ პრიორიტეტად - არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, მოგზაურობთ, თუ მუშაობთ, ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ არ გსიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, მაშინ რატომ ხართ დაკავებულები ამ საქმით? ნამდვილად გაქვთ არჩევანის საშუალება და უნდა აირჩიოთ ისეთი ცხოვრება, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ.
თემები: მოგზაურობა, ურთიერთობა, რჩევები, მოგზაური
<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია