მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არც მხოლოდ მოდაა და არც მხოლოდ სიმაღლის თუ მომხიბვლელობის მოსამატებელი საშუალება. მაღალი ქუსლი ამ ყველაფერსაც მოიცავს და კიდევ უფრო მეტიცაა. ეს იცის ყველამ - ვისაც ერთი დღეც არ შეუძლია მაღალი ქუსლის გარეშე და იმანაც, ვინც წელიწადში ერთხელ მაინც მოირგებს ხოლმე. მართალია, მერე შეიძლება, მთელი დარჩენილი წელი „ქუსლის“ მომგონებლის მოკითხვაში გაატაროს. თუმცა ეს არაფერს ცვლის - ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყველას აქვს (შეიძლება ცოცხალი თავით არ გაამხილოს, მაგრამ არ დაიჯერო)!
სიმართლე რომ გითხრა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული არცთუ ისე კომფორტულია, განსაკუთრებით, თუ ეს ქუსლი წვრილია. თუმცა არსებობს წესები, რომლის გათვალისწინებით შესაძლებელია მაღალ ქუსლზე უფრო მეტი დროის უფრო უმტკივნეულოდ გატარება და თავისუფლად მოძრაობაც!
ხარისხი
ფეხსაცმელი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რაშიც ფულის დაზოგვა არ ღირს. შესაძლოა იაფი ტანსაცმელი იყოს მოდური და დახვეწილი, აქსესუარებიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფეხსაცმელი. ასეთ დროს ყიდულობ ერთს და საუკეთესოს. ფეხსაცმლის ხარისხს შეგიძლია მოდურობაც შესწირო. არ ღირს „მოდურად“ ფეხების „დამტვრევა“
ზომიერება
არ არის აუცილებელი მუდმივად მაღალ ქუსლზე იდგე. ჩაანაცვლეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ბრტყელძირიანი ან შედარებით დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ორთოპედების აზრით, ეს შენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა - ფორმას იცვლის და მაგრდება წვივის კუნთები. ხშირად დაასვენე ფეხები, ნუ გეშინია მაღალ ქუსლზე დგომა არ დაგავიწყდება.
საფენები
არსებობს რამდენიმე მოსახერხებელი საშუალება, რაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კომფორტულად ტარებაში დაგეხმარება, მაგალითად, სპეციალური საფენები. ძალიან კარგი საშუალებაა, თუ ხანგრძლივად გაცვიათ ქუსლიანი ფეხსაცმელი ან ფეხზე დგომა გიწევთ დიდხანს.
სქელი ქუსლი
წვრილი ქუსლებს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა საკმაოდ „მერყევიცაა“. ფეხზე „მყარად დგომისთვის“ სქელი ქუსლები შეარჩიე. ასე ნაკლებად ავნებ მუხლებს და სხვა სახსრებს.
მორგებული ფეხსაცმელი
იყიდე მხოლოდ ის ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად მოგერგება. „ის ერთადერთიც“ კი რომ აღმოაჩინო რომელიმე მაღაზიაში, არ იყიდო, თუ შენი ზომა არ იქნება. „მტერსაც არ ვუსურვებ“ მოჭერილი ფეხსაცმლით სიარულს; თუმცა დიდიც არანაკლებ დისკომფორტს შეგიქმნის.
მაღაზია თუ ონლაინ მაღაზია
ფეხსაცმლის ონლაინ გამოწერა შესაძლოა მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ხარისხისა და ზომის გარანტიას ვერავინ მოგცემს. ასეთ რამეში მხოლოდ მაშინ დარწმუნდები, თუ ყიდვამდე შენ თვითონ მოირგებ. შეეცადე ფეხსაცმელი ჩვეულებრივ მაღაზიაში იყიდო. ასე ფეხსაცმლის უკან დაბრუნებაც შეგეძლება და არასოდეს გექნება „ფეხიარასდროსჩამიდგამს“ კოლექცია.
წვეულება, ქუსლები და სიმაღლე
თუ ქუსლიან ფეხსაცმელს წვეულებისთვის ყიდულობ, სანამ წახვალ აუცილებლად ჩაიცვი ერთი დღით მაინც. დიდი შეცდომაა მისი პირდაპირ წვეულებაზე ჩაცმა.
როგორც ამბობენ, ათსანტიმეტრიანი ქუსლი სრულიად საკმარისია ყველა „ამბიციის“ დასაკმაყოფილებლად! ყველა „მწვერვალის“ დასაპყრობად!
თემები: ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი, კომფორტული
წყარო: <a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>