ამერიკის მენოპაუზის ასოციაციამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალისა და მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობები არა მხოლოდ ქალების სასარგებლოდაა განსხვავებული, არამედ დროთა განმავლობაში იცვლება კიდეც: შუახნის ქალებს თანატოლ მამაკაცებზე უკეთესი მეხსიერება აქვთ. და მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალებს გონებრივი უნარები საგრძნობლად უქვეითდებათ, საბოლოო ჯამში, კვლევა ამტკიცებს, რომ მამაკაცებთან შედარებით, მაინც უკეთესად და დიდხანს იმახსოვრებენ მოვლენებს.
სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მეხსიერების დაქვეითება გარდაუვალი პროცესია: დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს შუახნის ასაკში მეხსიერების პრობლემები აწუხებს.
ქალები „გონების დაბინდვას“ საკმაოდ ხშირად მენოპაუზის დროს უჩივიან, თანაც, მამაკაცებთან შედარებით, მეტად მიდრეკილები არიან დემენციისა და მეხსიერების გაუარესებისკენ. თუმცა, ამ ფაქტორების მიუხედავად, კვლევა ადასტურებს, რომ შუახნის ქალები თანატოლ მამაკაცებს მეხსიერების ყველა მახასიათებლით სჯობნიან:
კვლევის ფარგლებში 45-დან 55 წლამდე 212 მამაკაცსა და ქალს კოგნიტური ტესტი ჩაუტარეს, რომელიც მათ ეპიზოდურ მეხსიერებას, გონების მაკონტროლებელ ფუნქციას, სემანტიკური გადამუშავების უნარებსა და ვერბალურ უნარებს აფასებდა. რაც შეეხება საკვლევი ობიექტების ასოციაციურ და ვერბალურ მეხსიერებას, მათ გასაზომად სპეციალური ტესტი გამოიყენეს – კვლევის მონაწილეებს აჩვენებდნენ ადამიანების სახეებს, ეუბნებოდნენ მათ სახელებს და შემდეგ სთხოვდნენ, ეს სახელები გაეხსენებინათ.
გარდა იმისა, რომ ქალებმა უკეთესი გონებრივი შესაძლებლობები გამოავლინეს, კვლევამ ისიც დაამტკიცა, რომ მენოპაუზამდე და მენოპაუზის პერიოდის ასაკის ქალები პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფებს მეხსიერების ყველა მაჩვენებლით სჯობნიდნენ.
პოსტმენოპაუზის ასაკში ქალების მეხსიერების დაქვეითებას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ამ დროს ორგანიზმში ესტროგენის დონე საგრძნობლად მცირდება, რაც პირველადი დასწავლისა და ადრე ნასწავლი ინფორმაციის აღდგენის უნარებს ასუსტებს. თუმცა, მამაკაცებთან შედარებით, მეხსიერების მოცულობასა და ერთიანობას ქალები მაინც უკეთ ინარჩუნებენ.
ამ კვლევის საფუძველზე, ამერიკის მენოპაუზის ასოციაცია ქალებს მოუწოდებს, „გონების დაბინდვის“ ჩივილებს სერიოზულად მიუდგნენ, მისი შესაძლო გართულებები თავიდან რომ აიცილონ.
თემები: ასაკი, მამაკაცები, ქალები, რჩევები, მეხსიერება
<a href="http://psychcentral.com/news/2016/11/10/memory-capabilities-vary-by-gender-and-change-over-time/112329.html?li_source=LI&li_medium=hot-topics">http://psychcentral.com</a>