გახსოვს ანეკდოტი – მამაკაცის ბავშვობის პირველი 40 წელი განსაკუთრებით რთულიაო? და მართლაც, ამდენს ვლაპარაკობთ და ვერ გაგვირკვევია, რა ასაკში „ჭკვიანდებიან“ მამაკაცები. აშკარაა, როდესაც მამაკაცის ზრდასრულობაზე ვსაუბრობთ, წლები არაფერ შუაშია და საქმე სულ სხვა ფენომენთან გვაქვს: ზოგიერთი 15 წლის ასაკში უკვე ძალიან შეგნებულია, ზოგიც – მთელი ცხოვრება არასერიოზულ ადამიანად რჩება. ამიტომაც, თუ გაინტერესებს, ზრდასრულია თუ არა შენი ინტერესის ობიექტი, მის საქციელს უნდა დააკვირდე.
8. ზრდასრული კაცი არასოდეს გააკრიტიკებს შენს გარეგნობას: თუ მართლა უყვარხარ, არასოდეს გამოვა სიტყვით: „თმას ხომ არ გაიღიავებდი?“ ან „კარგი იქნება, ცოტა თუ გახდები“. თუ ასე იქცევა, ნუ იფიქრებ, რომ შენზე ღელავს – ის გამიზნულად ცდილობს, შენი თვითშეფასება დააკნინოს, თავი რომ დაუცველად იგრძნო და, საბოლოოდ, მისგან წახვიდე კიდეც.
7. ზრდასრული კაცი არასოდეს დაარღვევს შენს პირად სივრცეს: თუ პარტნიორებს ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ, დასამალიც არაფერია – არც sms-ები და არც კონტაქტები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცს უფლება აქვს, ჯიბეები ამოგიქექოს ან შენს პირად მიმოწერაში ჩაიჭყიტოს. მისი მხრიდან ასეთი საქციელი ნიშნავს, რომ საკუთარ თავში არასაკმარისადაა დარწმუნებული. თანაც აშკარაა, საერთოდ არ გცემს პატივს.
6. ზრდასრული კაცი არასოდეს გაექცევა სირთულეებს: გახსოვს, გარდატეხის ასაკში პრობლემები რომ გექმნებოდა და თავს შენს ილუზიურ სამყაროს აფარებდი? ზრდასრულმა კაცმა კი იცის, რომ პრობლემის გადაჭრა მისთვის თვალის გასწორების გარეშე შეუძლებელია – როგორც ურთიერთობებში, ასევე ოჯახსა და სამსახურში. აქვე დავაზუსტებთ, რომ პრობლემის გადაჭრაში უთანხმოების მიზეზის ძებნას სულაც არ ვგულისხმობთ, უბრალოდ, ჭკვიანმა მამაკაცმა ყოველთვის იცის, როდის გადაჭრას პრობლემა და როდის აარიდოს თავი კამათს.
5. ზრდასრულ კაცს არ მიაჩნია, რომ გრძნობების გამომჟღავნება სისუსტის ნიშანია: მამაკაცურობა უემოციობას სულაც არ ნიშნავს. ჭკვიან კაცს არ ეშინია, თუ მის რომანტიკულ, მგრძნობიარე ან სენტიმენტალურ ქცევას გააკრიტიკებენ, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში მყარადაა დარწმუნებული.
4. ზრდასრული კაცი მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს: ზოგადად, ქართველებს გვახასიათებს მთელი დარჩენილი ხელფასის ერთ ვახშამში დახარჯვა და შემდეგი 2 კვირა სასწაულის მოლოდინი. ისეც ხშირად ხდება, რომ მამაკაცები შუა კვირაში წვეულებაზე შემორჩებიან და ამიტომ მეორე დღეს სამსახურის გაცდენა უწევთ ხოლმე. დაიმახსოვრე: ასეთ მამაკაცს უნარი არ შესწევს საიმისოდ, რომ სამომავლო გეგმები დააწყოს ან საკუთარი შეცდომების შედეგებზე დაფიქრდეს. ასეთი საქციელი მხოლოდ მოზარდებს ეპატიებათ. რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობთ, რომ ადამიანი ყველანაირ სპონტანურობას მოკლებული უნდა იყოს, თუმცა ხვალინდელი დღის სრული იგნორირება მამაკაცის პასუხისმგებლობის გრძნობას მართლაც ეჭვქვეშ აყენებს.
3. ზრდასრული კაცი პირველ ადგილზე „ძმაკაცებს“ არ დააყენებს: მამაკაცის ფსიქოლოგიური კომფორტისთვის აუცილებელია, კვირაში ერთი დღე მაინც კაცების გარემოცვაში გაატაროს. თუმცა ჭკვიან კაცს უნდა ესმოდეს, რომ მისი ცხოვრების მეგზური ქალია. მათ კი, ვინც რჩევებს მხოლოდ ძმაკაცებს ეკითხებიან და ცოლის ან მეგობარი ქალის აზრს არ ითვალისწინებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, რაც გარკვეული ტრავმით ან ინფანტილურობითაა გამოწვეული, თავად კი მიაჩნიათ, რომ ქალის აზრის იგნორირებით საკუთარ მამაკაცურობას უსვამენ ხაზს.
2. ზრდასრულ კაცს დედასთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს: ღირსეული მამაკაცი მშობლებს ყოველთვის პატრონობს, მიუხედავად იმისა, მათთან კარგი ურთიერთობა აქვს თუ არა. თუმცა არსებობს ზღვარი, რომელსაც ხშირად დედები არღვევენ და ცდილობენ, თავიანთი შვილის პირადი სივრცეც მიითვისონ. ჭკვიანი კაცი, მიუხედავად დედისადმი უსაზღვრო პატივისცემისა, ამ პრობლემას დროულად დაარეგულირებს.
1. ზრდასრული მამაკაცი არასოდეს გამოავლენს ქალის მიმართ ძალადობას: მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ ვგულისხმობთ. თუ პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის – სიტყვიერი ან მორალური ძალადობა იგრძენი, რაც არ უნდა სინანული გამოხატოს, პატიებას აზრი არ აქვს, თავს უშველე და უკეთესი ადამიანი მოძებნე.
ზოგადად, მამაკაცის ქალისადმი დამოკიდებულება მხოლოდ მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით ან ღირებულებებით არ განისაზღვრება – ქალის პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია: ურთიერთობა ხომ ორმხრივია, ამიტომაც უმნიშვნელო შეცდომებს ქალიც უნდა აკვირდებოდეს, რადგან სავსებით შესაძლებელია, ურთიერთობის გაციება სწორედ ამ შეცდომებმა განაპირობოს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://translate.google.com/#ru/ka/зрелый">https://translate.google.com</a>