ამერიკის პირველი ქალბატონების ყველაზე გამორჩეული საინაუგურაციო კაბები
- 20.01.2017
2017 წლის 20 იანვარი მნიშვნელოვანი მხოლოდ პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის არ ყოფილა: დიდი ხანია ცნობილია, რომ პირველი ლედის საინაუგურაციო კაბა, როგორც წესი, მთელი მსოფლიოს მოდის სამყაროს განხილვის ობიექტი ხდება ხოლმე.
მელანია ტრამპი: ჯეკი კენედის რეტროსპექცია
მელანია ტრამპმა თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი იდეალი ჯეკი კენედია. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის Harper’s BAZAAR-ის სტატია, სადაც მისი ლუქი სწორედ ჟაკლინ კენედის საინაუგურაციო ჩაცმულობას შეადარეს: არჩევანი ორივე ქალბატონმა პასტელურ ცისფერზე შეაჩერა და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ ორივე მათგანი მომაჯადოებლად გამოიყურებოდა.
მელანია ტრამპმა Ralph Lauren-ის ტანზე მომდგარი კაბა და 70-იანების სტილის მოკლე პიჯაკი მოირგო, რომლებსაც იმავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ხელთათმანები შეუხამა. სხვათა შორის, სწორედ Ralph Lauren-ი იყო მელანიას თეთრი კომბინიზონის ავტორიც, რომელიც პირველ ლედის არჩევნების ღამეს ეცვა.
ამ ეტაპზე თანამედროვე სამყაროში ერთხმად აღიარებენ, რომ ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი მიშელ ობამაა. თვალი გადავავლოთ ამერიკის პირველი ქალბატონების განსაკუთრებულ საინაუგურაციო კაბებს:
1961-ში ჯეკი კენედის შიფონის თეთრ კაბას ბრილიანტებით და ვერცხლისფერი ნაქარგებით გაფორმებული კორსეტი ამშვენებდა. მისი ავტორი Bergdorf Goodman-ის სალონის დიზაინერი — ეთელ ფრანკო (Ethel Frankau) იყო, რომელმაც კაბა თავად ჯეკის ჩანახატებზე დაყრდნობით შექმნა. მისის კენდედის კაბაზე იმავე ფერის მანტო ეცვა. Washington Post-მა დაწერა, რომ „სწორედ მაშინ დაიწყო ჯეკის უდიდესი გავლენა ამერიკის მოდაზე“.
მიშელ ობამამ 2013 წლის ინაუგურაციაზე ჯეისონ ვუს (Jason Wu) ხავერდის და შიფონის უსახელო წითელი კაბა მოირგო, ბრილიანტის ბეჭდის ავტორი სამკაულების დიზაინერი — კიმბერლი მაკ დონალდია (Kimberly McDonald), ფეხსაცმელი კი ჯიმი ჩუს (Jimmy Choo) ეკუთვნის.
2009 წლის კაბაზეც ჯეისონ ვუმ იზრუნა: მიშელს ამჯერად თეთრი, ცალი მხრით კონსტრუირებული შიფონის კაბა ეცვა.
ჯორჯ ბუშის 2001 წლის ინაუგურაციაზე ლორა ბუშმა ნაქარგებით გაფორმებული შანტილიური მაქმანის (მე-17 საუკუნის ტრადიციებით ხელით ნაქსოვი მაქმანი) წითელი კაბა მოირგო, რომლის დიზაინიც პირველი ლედის თანამემაულეს — ტეხასელ ოსტატს ეკუთვნოდა; 2005-ში კი არჩევანი V-საყელოიან, ღია ცისფერ კაბაზე შეაჩერა, რომლის დიზაინის ავტორი ოსკად დე ლა რენტა (Oscar de la Renta) იყო; ამავე დიზაინერის კაბები ეცვა მისის ბუშს 2001 წელს Vogue-ის ფოტოსესიაზე და 2004 წელს რესპუბლიკელების ეროვნულ კონვენციაზე.
1997 წელს ჰილარი კლინტონსაც ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა: პირველი ლედი დიზაინერს 1993-ში კენედის ცენტრში შეხვდა და როგორც ამტკიცებს, მხოლოდ იმ მომენტში აღმოაჩინა, რომ დე ლე რენტას კაბაში იყო გამოწყობილი, როდესაც ამის შესახებ დიზაინერმა აღნიშნა. მას შემდეგ, ოსკარ დე ლა რენტა „მეგობრულ“ ჰილარის ახასიათებს, როგორც „ყველა ქალის იდეალს“. 1993 წლის ინაუგურაციაზე ჰილარის მძივებით ნაქარგი ხავერდის კაბა ეცვა, რომელიც არც თუ ისე ცნობილმა დიზაინერმა — სარა ფილიპსმა (Sarah Phillips) შექმნა. მისი ნამუშევრები პირველმა ლედიმ ბუტიკ Little Rock-ში აღმოაჩინა.
ბარბარა ბუშს 1989 წელს არნოლდ სკაასის (Arnold Scaasi) სამეფო ლურჯი ფერის კაბა ამშვენებდა, რომელიც ხავერდის კორსეტით და სატინის ქვედაბოლოსგან შედგებოდა. ჟურნალისტებმა მისის ბუში „ამერიკის ყველაზე გლამურულ ბებოდ აღიარეს“.
ნანსი რეიგანის ფავორიტი დიზაინერი ჯეიმს გალანოსი (James Galanos) აღმოჩნდა: 1981 წელს პირველი ლედი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მძივებით ნაქარგი, ცალი მხრით კონსტრუირებული თეთრი კაბით გამოცხადდა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა: მის შესახებ წერდნენ, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის კვალობაზე ზედმეტად მდიდრულად იყო გამოწყობილი. 85-ში კი ჯეიმს გალანსონის გუნდმა ნანსის კაბის ქარგვას 300 საათი დაუთმო და როგორც კულუარებში საუბრობდნენ, მთლიანი საინაუგურაციო ლუქი პირველ ლედის 46,000 აშშ დოლარი დაუჯდა.
გემოვნებიან პირველ ქალბატონებს შორის ყველაზე მოკრძალებული როსალინ კარტერი აღმოჩნდა: 1977-ში ინაუგურაციის ცერემონიაზე ოქროსფერი ნაქარგებით გაფორმებულ უსახელო, შიფონის ლურჯ კაბაში გამოეწყო, რომელიც ასევე 71-ში ეცვა — იმ დღეს, როდესაც მისი მეუღლე გუბერნატორი გახდა.
თემები: ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი, მელანია ტრამპი ინაუგურაციაზე, მელანია ტრამპის საინაუგურაციო კაბა, მელანია ტრამპის კაბა, მელანია ტრამპის კაბის ავტორი, Ralph Lauren
წყარო: <a href="http://time.com/4636471/first-lady-inaugural-dresses-trump-inauguration/?xid=newsletter-brief">TIME</a>, <a href="http://www.harpersbazaar.com/celebrity/red-carpet-dresses/news/a20071/melania-trump-inauguration-dress/">Harper's BAZAAR