LIFE

ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობას ნარცისები და ფსიქოპათები აგრძელებენ?

ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობას ნარცისები და ფსიქოპათები აგრძელებენ?

ქალებისთვის სასიყვარულო ურთიერთობის დასრულება საკმაოდ მტკივნეული მომენტია და ხშირად გვსიამოვნებს, როდესაც ყოფილი მეგობარი მამაკაცი ჩვენ მიმართ ყურადღებას იჩენს. ასეთ დროს გვგონია ხოლმე, რომ ისევ ვუყვარვართ, თუმცა ამის მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამე იყოს: ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა განსაკუთრებულად ნარცისებსა და ფსიქოპათებს უყვართ.

ასე რომ, თუ ყოფილი შეყვარებული დღემდე გწერს და მის გრძნობებში მაინცდამაინც დარწმუნებული არ ხარ, ექსპერტების მოსაზრებას გაეცანი.

ბევრისთვის ყოფილ პარტნიორთან მეგობრობა წარმოუდგენელია, შედარებით „შავბნელი“ ფსიქიკის მქონე ადამიანებს კი ეს მშვენივრად გამოსდით. Psychology Today-ზე იმასაც ვკითხულობთ, რატომაა არარეალური ყოფილი პარტნიორების მეგობრობა: „ყოფილი შეყვარებულები/პარტნიორები ერთმანეთს აღარ ენდობიან, არც ერთმანეთის ბედნიერება ადარდებთ და შესაბამისად, აღარც მხარდაჭერას უცხადებენ ერთმანეთს“.

ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობას ნარცისები და ფსიქოპათები აგრძელებენ?

ოკლენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყოფილ წყვილებზე დაკვირვება აწარმოეს და აღმოაჩინეს, რომ ფსიქოპათები და ნარცისები სტრატეგიული მიზნებით ემეგობრებიან ადამიანებს; ზოგადად კი, ცხოვრებაში მოკლევადიან სასიყვარულო ურთიერთობებს ამჯობინებენ. ამ კვლევის პროცესში მეცნიერები სპონტანურად იმ საკითხითაც დაინტერესდნენ, როგორ იქცევიან ასეთი ადამიანები ყოფილ პარტნიორებთან: დაკვირვების ობიექტებს სთხოვეს, ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობის მიზეზები ჩამოეთვალათ, თანაც ისე, რომ მათი ჩამონათვალი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზით დაწყებულიყო და ყველაზე უმნიშვნელოთი დასრულებულიყო.

მონაწილეების პასუხები უმეტესად ასე გადანაწილდა: „საიმედოა“, „სანდოა“, „სენტიმენტალური ღირებულებები გვაკავშირებს“. კვლევის ის ობიექტები კი, რომლებიც შედარებით ბნელი პიროვნული შტრიხებით გამოირჩეოდნენ, ყოფილ პარტნიორებთან მეგობრობას მერკანტილური მიზნებით – „პრაქტიკული და სექსუალური დანიშნულებით“ ხსნიდნენ.

ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობას ნარცისები და ფსიქოპათები აგრძელებენ?

რატომ სურთ ნარცისებს „მკვდარი“ ურთიერთობების შენარჩუნება? – ამ ფენომენს ნარცისიზმის ექსპერტები იმით ხსნიან, რომ მათ, როგორც წესი, სასტიკად ეშინიათ ნებისმიერი დანაკარგის ან წაგების და თუ ურთიერთობა მათი სურვილით არ დასრულებულა, ბოლომდე ეპოტინებიან, პარტნიორის წასვლით მიღებულ ჭრილობებს მათთან „მეგობრობით“ იშუშებენ.

მკვლევარების განცხადებით, რომანტიკული ურთიერთობები არა მხოლოდ ადამიანის ზოგადი ფსიქოლოგიური ფონის, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეც მოქმედებს: აღმოჩნდა, რომ ჯანსაღ ურთიერთობებში მყოფი ადამიანები ნაკლებს ეწევიან და ზოგადად, თავიანთი ცხოვრების წესით ჯანმრთელობას ნაკლებად ვნებენ; ფიზიკურადაც სხვებზე აქტიურები არიან, მეტად სოციალური ქცევით გამოირჩევიან და მარტოხელა ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ფსიქოპათებმა ამ ყველა სარგებლის შესახებ მშვენივრად იციან, მაშინ გასაკვირიც აღარაა, ყოფილი პარტნიორის კომფორტის ზონიდან „გაშვება“ რომ არ სურთ – ამ გზით ერთგვარად იმ დადებითი ემოციების კომპენსირებას ახდენენ, რომლებსაც ერთ დროს ერთად იზიარებდნენ.

ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრობას ნარცისები და ფსიქოპათები აგრძელებენ?

რაც შეეხება ნარცისებს, მათი ყოფილებთან მეგობრობის მოტივაციები განსხვავებულია: მაგალითად, ნარცისები ზოგიერთ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ ამყარებენ, რომ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტით სოციალური სტატუსი აიმაღლონ. ამიტომაცაა, რომ გამორჩეული ეგომანიაკები ყოველთვის ცნობილ ქალებზე – „სხვებისთვის საჩვენებელ“ ცოლებზე ქორწინდებიან. ასეთი ცოლები თავდაჯერებულობის განსამტკიცებლად სჭირდებათ და სწორედ უდიდესი სიამაყის გამოა, რომ არ სურთ, ყოფილი პარტნიორი სხვის გვერდით იხილონ.

საბოლოოდ კი ოკლენდის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ნარცისებიცა და ფსიქოპათებიც მანიპულირების ოსტატები არიან: ყოფილი შეყვარებულების/პარტნიორების სუსტი მხარეების შესახებ უდიდეს ინფორმაციას ფლობენ და მას ეგოისტური მიზნებისთვის – ძალაუფლებისა და კონტროლის შესანარჩუნებლად იყენებენ. ასე რომ, თუ ყოფილი შეყვარებულის გამოჩენამ გული აგიჩქარა, Trend გირჩევს, ჯერ მისი პიროვნული თვისებები გააანალიზო და საკუთარი თავი მხოლოდ ამის შემდეგ დაარწმუნო, რომ ისევ უყვარხარ.



<a href="https://broadly.vice.com/en_us/article/narcissists-and-psychopaths-love-to-stay-friends-with-their-exes?utm_source=broadlyfbus">https://broadly.vice.com</a>