რა არის იკიგაი? ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო
- 09.12.2020
რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი? კმაყოფილი ხართ დღევანდელი ცხოვრებით? თუ ამ კითხვებზე პასუხისას ეჭვის გრძნობა გეუფლებათ, შესაძლებელია, თქვენს ცხოვრებაში იკიგაი დაკარგულია. სინამდვილეში, მისი პოვნა გაამდიდრებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და რწმენით აგავსებთ.
რა არის იკიგაი?
იკიგაი, ეს არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო. მისი
კონცეფცია, მოიცავს იმ სურვილს და მისწრაფებას, რის გამოც, ყოველ დილით იღვიძებთ. ეს არის ცხოვრების აზრი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ერთი იდეის კონცეფცია. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რასაც ყოველდღიურად გეგმავთ და ასრულებთ. ის ყველაფერია, რაც გაგრძნობინებთ, რომ არსებობთ.
არსებითად, იკიგაი არის რაღაც, რასაც ყველა ადამიანი ამა თუ იმ ხარისხით ეძებს. ის მოიცავს ოთხ ელემენტს: რა გიყვართ, რისი კეთება გეხერხებათ, რა სჭირდება საზოგადოებას და რის გაკეთებაში გადაგიხდიან ფულს. სწორედ ამ ოთხი კომპონენტის გადაკვეთაზე იბადება ნამდვილი იკიგაი.
რატომ არის იკიგაი მნიშვნელოვანი?
სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი განცდაა ამაოება - რომ ჩვენ უმიზნოები ვართ და ტყუილად ვცხოვრობთ. ამ ემოციების გამო, შესაძლებელია ფსიქიკური პრობლემების წინაშეც კი აღმოვჩნდეთ.
იკიგაი სწორედ ამ ტიპის ემოციური გამოცდილების ანტიდოტია. ის გვეხმარება გავძლიერდეთ ემოციურად, პროფესიულად და ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში მივაღწიოთ წარმატებას.
როგორ აღმოვაჩინოთ იკიგაი?
რა გიყვართ?
პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ თქვენი იკიგაის საიდენტიფიკაციოდ, არის „რისი კეთება მიყვარს?“.
რა ტიპის სამუშაოს შესრულებისას გრძნობთ თავს ბედნიერად? რა არის, რისი კეთებაც, დაღლისა და მობეზრების გარეშე, დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ? გახსოვდეთ, რომ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა განსაზღვრავს თქვენს სურვილებს და გეხმარებათ წარმატების მიღწევაში. შეიძლება ბევრი რამ გიყვარდეთ, თუმცა, აუცილებლად იარსებებს ერთი რამ, რისი კეთებაც უბრალოდ არ გბეზრდებათ.
რისი კეთება გეხერხებათ?
მეორე კითხვა დაგეხმარებათ იპოვოთ ისეთი რამ, რისი კეთებაც გამოგდით.
რომელ სფეროებში აღწევთ კარგ შედეგებს? რა საქმის შესრულებისას იღებთ კომპლიმენტებს და აღიარებას? რას უკავშირდება თქვენი მიღწევები? სრულიად შესაძლებელია, რომ ბევრი რამის კეთება გეხერხებათ, მაგრამ ყველა მათგანი ვერ იქნება თქვენი იკიგაი. ზოგიერთი ადამიანი შესანიშნავი მზარეულია და თან, ბრწყინვალედ გამოსდის რიცხვებთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველდღიურად, ვერ ახერხებს თავისი ნიჭის გადმოცემას.
ამ კითხვებზე პასუხის შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ იკიგაის ელემენტების შეკრება და მკაფიოდ განსაზღვროთ: თუ რა არის ის, რაც გიყვართ და რისი კეთება გეხერხებათ ან რისი კეთება შეიძლება გამოგივიდეთ (რეალისტურად).
რის გაკეთებაში გადაგიხდიან ფულს?
შემდეგი კითხვა გვაიძულებს რეალურ სამყაროს მოვარგოთ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები.
რომელი უნარია რეალიზებადი? რომელი უფრო ადვილად გვაპოვნინებს სამსახურს? რის კეთებაში გადაგიხდიან ფულს? ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ ძალიან სწრაფად უარყოთ ის, რისი კეთებაც გვიყვარს. შეიძლება არსებობდეს ჩვენი უნარების გაყიდვის ისეთი გზები, რომლებიც არც პირდაპირია და არც აშკარა.
თუ ამის განხილვა გიჭირთ, სთხოვეთ სხვებს დახმარება ან გააკეთეთ თქვენი კვლევა. ამ კითხვის დასმა დაგეხმარებათ გააგრძელოთ იკიგაის ძიება, რომელიც არამარტო სულიერი კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარებათ, არამედ შეძლებთ თქვენი მატერიალური კეთილდღეობა უზრუნველყოთ.
რა სჭირდება საზოგადოებას?
დასკვნითი კითხვა წარმოადგენს იმას, რასაც შესაძლოა ხშირად უგულებელყოფთ. მაგრამ სინამდვილეში, ის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ეს ელემენტი გულისხმობს იმის გათვალისწინებას, თუ როგორ შეგვიძლია საზოგადოების წახალისება და იმ მნიშვნელოვანი ღირებულების შეთავაზება, რომელიც დადებითად აისახება. ჩვენი საქმიანობა, ხელოვნება და ვალდებულებები, აუცილებლად ჰპოვებს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. დაიმახსოვრეთ, რომ სამყაროს შესაცვლელად, პირველ რიგში, თქვენს გარშემო არსებული მცირე სოციუმის პოზიტიური შეცვლა დაგჭირდებათ.
თქვენი იკიგაი მდგომარეობს ამ ელემენტების გადაკვეთაზე. ეს არის ის, რაც გიყვარს და გსიამოვნებს; რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ან გვაქვს სურვილი, ვისწავლოთ. ეს არის ის, რაც აუცილებელია ცხოვრებისთვის და ეს არის ის, რაც მსოფლიოს სჭირდება.
ყველა ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი იკიგაი. მას უბრალოდ აღმოჩენა ესაჭიროება. ამასთან, ყველა ადამიანს არ აქვს მხოლოდ ერთი იკიგაი. შეიძლება გაგვიმართლოს და გაირკვეს რომ არსებობს რამდენიმე რამ, რაც ამ ოთხი ელემენტის ცენტრშია მოთავსებული.
იკიგაი არის გზა სრულყოფილი ცხოვრებისკენ, რომელიც დაგვეხმარება ყოველ დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, მკაფიოდ დავინახოთ ჩვენი მიზნები. ამასთან, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რა არის ზუსტად ჩვენი იკიგაი.
თემები: ფსიქოლოგია, წარმატება, რჩევები, მოტივაცია, წარმატების მიღწევა
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია