LIFE

როგორ შეხვდა ასაკოვანი რიჩარდ გირი თავისი ოცნების ქალს? – 90-იანების ვარსკვლავის სიყვარულის ისტორია

როგორ შეხვდა ასაკოვანი რიჩარდ გირი თავისი ოცნების ქალს? – 90-იანების ვარსკვლავის სიყვარულის ისტორია

სიყვარული ხშირად ასოცირდება ახალგაზრდობასთან. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, ადამიანს ეს გრძნობა ასაკში ეწვიოს. ასეთია რიჩარდ გირის შემთხვევა, რომელიც ცხოვრების სიყვარულს ასაკში შეხვდა. ასაკობრივი სხვაობა? როდესაც საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, ეს მხოლოდ რიცხვებია... 

პირველი შეხვედრა

რიჩარდ გირმა თავისი ცხოვრების სიყვარული ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაიცნო. მაშინ ალექსანდრა სილვა პატარა ბავშვი იყო. მსახიობმა გოგონას მამისგან ნავი ითხოვა, თანაც, ფილმისთვის. თუმცა ისინი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ - მრავალი, მრავალი წლის შემდეგ. მაშინ, როდესაც პატარა გოგონა უკვე ქალი იყო, ხოლო მსახიობი, თითქმის 65 წლის... 

ქორწინება და სიყვარული

საზოგადოებამ რიჩარდ გირისა და ალექსანდრა სილვას წყვილი 2014 წელს გაიცნო, სწორედ მაშინ, როდესაც მათი სიყვარულის ზღაპრული ისტორია დაიწყო. ისინი 2018 წელს დაქორწინდნენ. სილვა ჰუმანიტარულ საქმიანობაშია ჩართული, ის ესპანეთში უსახლკაროთა პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. მსახიობი ყურებამდეა შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე: 

”მე ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი სამყაროში - როგორ არ ვიყო? მე დაქორწინებული ვარ ლამაზ ქალზე, რომელიც არის ჭკვიანი, მგრძნობიარე, მხიარული, მომთმენი, რომელმაც იცის როგორ აპატიოს, რომელიც ეხმარება სხვა ადამიანებს, რომელიც შესანიშნავი მზარეულია და რომელიც ამზადებს საუკეთესო სალათებს მსოფლიოში!” 

როგორც ჩანს, რიჩარდ გირის ეს აღფრთოვანება ცალმხრივი სულაც არ არის, რადგან ალექსანდრა სილვას ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ: 

„ვგრძნობ, თითქოს ნამდვილ ზღაპარში ვარ. ეჭვგარეშეა, თავს მსოფლიოში ყველაზე იღბლიან ქალად ვგრძნობ... რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიული, ვიდრე მამაკაცი, რომელიც ყოველდღე სიმღერებს გწერს?” - და ეს სიმართლეა - ცნობილია, რომ მსახიობი ყოველდღიურად უგზავნიდა ქალს ყვავილებს მანამ, სანამ ერთად ცხოვრებაზე არ დაითანხმა, ხოლო ქორწინების შემდეგ, ის ყოველდღიურად სიმღერებს უწერს...

შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრა სილვას ქმარზე ქების მეტი არაფერი აქვს სათქმელი: „ის ყველაზე თავმდაბალი, მგრძნობიარე, მოსიყვარულე, ყურადღებიანი, მხიარული, გულუხვი კაცია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. რა შემიძლია ვთქვა? ძალიან შეყვარებული ვარ! ის ყოველ დილით მეკითხება, რა გამაბედნიერებს და დღე ისე არ გავა, რომ არ აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანი ვარ მისთვის. მე ძალიან იღბლიანი ვარ!” 

რთული წარსული

აღსანიშნავია, რომ რიჩარდ გირიცა და ალექსანდრა სილვაც, ორივე განქორწინების პროცესს გადიოდა, როდესაც კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 30 წელზე მეტია, ეს არ ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი. მთავარი პრობლემა ის ემოციური მდგომარეობა იყო, რომელშიც ორივე, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად იმყოფებოდა. ამ თემაზე საუბრისას, სილვამ აღნიშნა: 

„ეს იყო სიყვარულის ისტორია რთული დასაწყისით, სადაც სირთულეები ერთად უნდა გადაგველახა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა. შეიძლება უფრო მეტად დავახლოვებოდით ან პირიქით. იყო მომენტები, როცა ეჭვი მეპარებოდა. თავიდან მას ჩემზე მეტად სჯეროდა. თუმცა ფაქტია, რომ ორივემ ვიცოდით, ჩვენი ერთად ყოფნა, უბრალოდ, გარდაუვალი იყო“. 

და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად! 

2019 წელს მათ პირველი საერთო ვაჟი, ალექსანდრე, შეეძინათ. 2020 წელს კი მათ მეორე ბავშვის დაბადება ამცნეს საზოგადოებას. ისინი ამჟამად ნიუ-იორკში, რანჩოზე, ცხოვრობენ, სადაც პუბლიკისგან მოშორებით ატარებენ ძირითად დროს.