ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება, სულ რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. დემნა და მისი გუნდი, ამ შოუზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ჩვენებაზე მისულ ყველა სტუმარს, სკამზე უკრაინის დროშა დახვდათ. დროშასთან ერთად, დემნამ ემოციური წერილი გამოაქვეყნა და აფხაზეთის ომთან დაკავშირებული ტკივილი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი, აფხაზეთიდან დევნილია.
“უკრაინაში მიმდინარე ომმა, ჩემში იმ წარსული ტრავმის ტკივილი გააღვიძა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე მოხდა ჩემს ქვეყანაში და მე სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. ეს არის ისეთი რამ, რაც მუდამ შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ, მაგრამ ასევე გავაცნობიერე, თუ რა არის ცხოვრებაში ნამდვილად ფასეული, ყველაზე მნიშვნელოვანი – სიცოცხლე, სიყვარული და თანაგრძნობა.
სწორედ ამიტომ, ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს რელევანტურობას და არსებობის უფლებას. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. რაღაც მომენტში, ვიფიქრე, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება იმ ბოროტებასთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას!“
თემები: ჩვენება, დემნა გვასალია, 2022 წლის ტრენდი, ბალენსიაგა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია