LIFE

იმოგზაურეთ წარსულში, მაგრამ არასოდეს დარჩეთ იქ

იმოგზაურეთ წარსულში, მაგრამ არასოდეს დარჩეთ იქ

ადამიანები დროსთან ერთად იზრდებიან, ვითარდებიან და ღირებულებების გადაფასებაც უწევთ. ამიტომაც ბევრი ადამიანი დროსთან ერთად ცვლის დამოკიდებულებებს, მიდგომებს.


დროის ჩარხი გაუჩერებლად მოძრაობს და ყოველდღიური რუტინა ხშირად ისე გვითრევს, ვხვდებით, რომ ამ რუტინაში, მოძრაობაში თუ სწავლაში ყველაზე მეტად წარსულის ნოსტალგია შემოგვიტევს ხოლმე.

ხანდახან, როცა ბავშვობის მივიწყებულ კერძს მივირთმევთ, ან კიდევ ძველ ფილმს ვუყურებთ, წარსულის ბევრი მოგონება ერთად მოიყრის ხოლმე თავს და გვეჩვენება, რომ ის რაც წარსულია, ყოველთვის სასიამოვნო მოსაგონარია.

წარსული ბავშვობას, ან ახალგაზრდობას უკავშირდება, როცა ყველაფერი ბევრად მარტივი და იოლი გვეჩვენებოდა, როცა უდარდელად ვცხოვრობდით.


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ წარსულში ცოტა ხნით დაბრუნება კარგია, მაგრამ ნუ დავრჩებით იქ იმდენ ხანს, რომ გვერდზე დაგვრჩეს აწმყო და ჩვენი პრობლემები.
ადამიანები, ვინც მუდმივად წარსულის მოგონებით ცხოვრობენ, წინსვლა არ შეუძლიათ.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ წარსული არის წარსული და თამამად გავუსწოროთ თვალი რეალობას.

ის, ვინც ჩვენ ვიყავით დიდი ხნის წინ და რაც მაშინ გავაკეთეთ, ან როგორც ვიცხოვრეთ, მხოლოდ იმის ნაწილია, თუ ვინ ვართ ახლა და ამჟამად. თუმცა, ეს არ არის ყველაფერი, რაც შეგვიძლია ვიყოთ. ადამიანები, ვინც მუდმივად წარსულის მოგონებით ცხოვრობენ, წინსვლა არ შეუძლიათ, არადა უნდა ვიაროთ წინ, რომ წარმოსახვით დავინახოთ, ვინ გავხდებით და რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ, ნაცვლად იმისა, რომ წარსულის მოგონებებით ვიცხოვროთ.

როდესაც წარსულში ვცხოვრობთ, ჩვენ ვკარგავთ საკუთარ თავს აწმყოში, აწმყო კი მთავარი დროა, რომელსაც ფეხდაფეხ უნდა ავყვეთ და არ ჩამოვრჩეთ.

ხშირად აწმყოს და მომავლის შედარება შეიძლება რთული და მტკივნეულიც იყოს, თუმცა იცით რა არის ჩვენს აწმყოზე უფრო საშიში? - დავბრუნდეთ წარსულში და დავრჩეთ იქ. რეალობა ყოველთვის არ არის ლამაზი, მაგრამ ის რეალობაა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვერ გავექცევით.

იფიქრეთ იმაზე, რამდენად სრულფასოვანია თქვენი ცხოვრება ახლა და რამდენი კარგი რამ შეიძლება მოგიტანოთ ახლა გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა.

დაფიქრდით იმაზეც, რამდენ შესაძლებლობას დაკარგავთ, თუ წარსულში ჯიუტად ცხოვრებას გადაწყვეტთ და აწმყოს სირაქლემას თვალით შეხედავთ. ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით ისე, რომ შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი მიღწევებით ახლა და მომავალშიც, ბევრი კარგი და სწორი ნაბიჯით.

იმის ნაცვლად, რომ იცხოვროთ წარსულში, გამოიყენეთ ის, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ნათელი მომავლის შექმნაშ დაგეხმარებათ.

და თუ მაინც, ამჟამად წარსულში ცხოვრობთ, გააჩერეთ დროის მანქანა და სასწრაფოდ დაბრუნდით აწმყო დროში.