ყოველდღიურად, ფეისბუქის მეშვეობით დაახლოებით 4.5 მილიარდი ადამიანი გამოხატავს სხვადასხვა პოსტის თუ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას. სულ მცირე, დღეში, ერთი ადამიანი ერთ პოსტს ან ფოტოს იწონებს. ამერიკული კვლევითი ცენტრის მიხედვით, როცა ადამიანი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს ათავსებს, ბევრი მოწონების შემთხვევაში, იგი თავს კარგად გრძნობს, ხოლო ონლაინ მეგობრების მიერ იგნორირებისას კი, პირიქით.
ამავე კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ, ნათელი მოჰფინა იმ საკითხს, თუ როგორ ვგრძნობთ თავს სოციალური ქსელის გავლენით და მოქმედებს თუ არა იგი ყველაზე ერთნაირად. როგორც ირკვვა, ადამიანებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზნები აქვთ, ღრმად სწამთ თავიანთი თავისა და შესაძლებლობების, ნაკლებად მოქმედებს მოწონებული თუ დაიგნორებული პოსტები.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიზანდასახულობა და თვითშეფასება, აძლევს ადამიანს საშუალებას, გაუძლოს ვირტუალურ, უარყოფით "ფიდბექს". ასეთი ადამიანები გრძნობენ, ამჩნევენ და აფასებენ, მათ ირგვლივ არსებულ დადებით ყურადღებასაც, თუმცა, როგორც ირკვევა, მათთვის არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ, თავდაჯერებულ და მიზნის მქონე ადამიანებს, არ სჭირდებათ ონლაინ მეგობრებისგან მიღებული ყურადღება.
კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი, ენტონი ბაროუ, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიდი ყურადღებით ეკიდება ახლახანს განთავსებულ ფოტოზე არსებულ მოწონებებსა და მათ რაოდენობას, ნიშნავს, რომ იგი სოციალურ სამყაროზე დამოკიდებულია. "იმ დღეებში, როცა ადამიანები ონლაინ მეგობრებისგან ცოტა მოწონებას იმსახურებენ, თავსაც გაცილებით ცუდად გრძნობენ. ასეთი ადამიანების თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ამბობენ და ფიქრობენ მასზე სხვები. ეს რა თქმა უნდა არაჯანსაღია! ისინი ყოველთვის ცდილობენ დაამტკიცონ: "მე კარგად ვიცი როგორი ვარ და მომწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ!"
მკვლევარებმა, თავდაპირველად, გამოკითხვა ჩაატარეს ონლაინ მყოფი 250 ფეისბუქ მომხმარებლის. მათ ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა კონკრეტული მიზნები, როგორ ესმოდათ თავდაჯერებულობა და რას წარმოადგენდა ეს უკანასკნელი მათთვის. იმ ადამიანების შემთხვევა, რომლებსაც საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული სამომავლო გეგმები აღმოაჩნდათ, არც თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაში მერყეობდნენ, მათ ნაკლებად ადარდებდათ დღეში რამდენ მოწონებას იმსახურებდნენ. საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა იმ გამოკითხული ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც არ გააჩნდათ კონკრეტული სამომავლო გეგმები და ბოლომდე თავდაჯერებულნიც არ იყვნენ.
კვლევის მეორე ეტაპზე, მკვლევარებმა სტუდენტები გამოიკითხეს, რომელთა უმრავლესობაც ამტკიცებდა, რომ სწორედ მაშინ გრძნობდნენ თავს განსაკუთრებულად, როცა სოციალურ ქსელში მეგობრები მათ მიმართ მოწონებას აფიქსირებდენ.
როგორც ხედავთ, ადამიანების უმრავლესობისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელოვა აქვს საკუთარი სოციალურ ქსელზე მიმდინარე პროცესებს. არც მეტი არც ნაკლები, ერთი შეხედვით უწყინარი, სწრაფი, მობილური და ინფორმაციული სოციალური სამყარო, დიდ გავლენას ფლობს ისეთ მნიშვნელოვან პიროვნულ მდგომარეობებზე, როგორიც არის სწორი თვითშეფასება, საკუთარი თავის რწმენა, ემოციური მდგომარეობა და ა.შ. ეს თანამედროვე სამყაროა, რომელიც ზოგჯერ მეტისმეტად დაუნდობელი ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რეალურ ცხოვრებაში, ყველას გაგვაჩნდეს სამომავლო, კონკრეტული გეგმა, ვიცოდეთ რა გვსურს და გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია! ეს არის ერთადერთი გასაღები იმისა, რომ საკუთარ თავს არ ვუყუროთ სხვათა მზერის მიღმა!
თემები: ფეისბუქი, სოციალური ქსელები, სოციალური მედია, დამოკიდებულება, სტატუსები, დაპოსტვა, პოპულარობა
bigthink.com