ფრენის შემდეგ თქვენი კანი გამომშრალი და გაღიზიანებულია? - Wizz Air გამოსავალს გთავაზობთ
- 07.10.2025

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ფრენის შემდეგ, თქვენი კანი მეტისმეტად გამომშრალი და უსიცოცხლოა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ტუჩების შემთხვევაში - დელიკატური და ნაზი კანი რამდენიმე საათშივე იწყებს აქერცვლას. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრენა კანს დიდ სტრესს უქმნის - გამომშრალი ჰაერი, წნევისა და ტემპერატურის ცვლილება მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რასაც ადამიანის სხეული თვითმფრინავში აწყდება. დღეს, სწორედ აღნიშნულ პრობლემაზე გვესაუბრება Wizz Air - ქართული ავიაბაზრის ლიდერი და გვირჩევს თუ როგორ მოვუაროთ კანს თვითმფრინავში.
კანზე ზრუნვა ფრენამდე იწყება და ფრენის შემდეგაც გრძელდება
ფრენამდე
ფრენის წინა ღამეს და ფრენის დღეს უნდა წაისვათ გაჯერებული, დამატენიანებელი სახის კრემი. იდეალურ შემთხვევაში ისეთი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, გლიცერინს და კერამიდებს. ეს უკანასკნელი ნივთიერება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან კანს ერთგვარ დამცავ ფენად ეკვრის და ტენიანობას აკავებს. ცხადია, შეგიძლიათ რამდენიმე ფენადაც დაიტენიანოთ კანი - მაგალითად, ჯერ სერუმი, იგივე შრატი წაისვათ, შემდეგ კი - დამატენიანებელი კრემი. ნუ დაგავიწყდებათ სხეულის ლოსიონიც, რადგან თვითმფრინავის მშრალი ჰაერი კანის ყველა უბანს აზიანებს, განსაკუთრებით, კი ფეხებს.
თუ მაკიაჟს ატარებთ, თავი აარიდეთ მძიმე დაფარვას - ტონალური კრემი გამომშრალ კანზე არათანაბრად ჯდება და მალე იწყებს აქერცვლას. ამის ნაცვლად, აირჩიეთ შეფერილი დამატენიანებელი ან BB კრემი, რომელიც ტონს გაათანაბრებს, მაგრამ ამასთან ერთად, კანს საშუალებას მისცემს ისუნთქოს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, დალიეთ წყალი, თავი აარიდეთ ალკოჰოლსა და უარი თქვით მარილიან საკვებზე.
ფრენის განმავლობაში
თვითმფრინავის ჰაერი მუდმივად აცლის თქვენს კანს ტენიანობას, ამიტომ რეგულარულად უნდა განიახლოთ კრემი. დარწმუნდით, რომ სახეს სუფთა ხელებით ეხებით, რათა არ გადაიტანოთ ბაქტერიები კანზე. თუკი კანის დასატენიანებლად სახის მისტს ან თერმულ წყალს გამოიყენებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაამატოთ კრემიც - წინააღმდეგ შემთხვევაში სითხე უცებ აორთქლდება და თქვენი კანი კიდევ უფრო სწრაფად გამოშრება. და, ცხადია, დალიეთ წყალი.
ძირითადი წესი ასეთია - ფრენის ყოველი საათისთვის მიიღეთ 1 ჭიქა წყალი. მაგალითად, თუ თქვენი ფრენა 3 საათი გრძელდება, 3 ჭიქა წყალი უნდა მიიღოთ. თავი აარიდეთ ყავას, შავ ჩაის და ალკოჰოლს, რადგან ისინი ორგანიზმს კიდევ უფრო აშრობენ. ნუ დაგავიწყდებათ ტუჩები - გამოიყენეთ ცხიმოვანი, მსუყე ბალზამი, სასურველია SPF დაცვით. ხოლო თუ თვალებიც გიშრებათ, თან იქონიეთ დამატენიანებელი წვეთები.
ფრენის შემდეგ
ფრენის შემდეგ საფუძვლიანად გაიწმინდეთ სახე, რათა მოაცილოთ ოფლი, მარილი და ბაქტერიები, რომლებიც ფრენის დროს დაგროვდა თქვენს კანზე. გამოიყენეთ რბილი, დამატენიანებელი საშუალება, რათა თავიდან აიცილოთ კანის გაშრობა - ფრენის შემდეგ ხომ კანი ისედაც საკმაოდ გამომშრალია. გამოიყენეთ დამატენიანებელი შრატი, ტონერი, კრემი და ნებისმიერი პროდუქტი, რასაც კანის მოსავლელად იყენებთ.
რომელი ინგრედიენტებია განსაკუთრებით სასარგებლო?
ფოკუსი ყველა იმ ინგრედიენტზე უნდა გააკეთოთ, რომლებიც კანს არა მხოლოდ ატენიანებენ, არამედ ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას. მაგალითად, ჰიალურონის მჟავა განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან მას არამხოლოდ ჩააქვს წყლის მოლეკულა კანში, არამედ ადგილზევე აფიქსირებს. ასევე მნიშვნელოვანია გლიცერინი და კერამიდები, რომლებიც თან კანის ბარიერს ამაგრებენ და თან, ტენიანობას არ აძლევენ გაქცევის, ჩვენს შემთხვევაში აორთქლების საშუალებას.
გარდა ამისა, ანტიოქსიდანტები, როგორიცაა C ვიტამინი ან E ვიტამინი, კანს ოქსიდაციისგან მიღებული სტრესისგან დაცვაში ეხმარებიან. გაითვალისწინეთ, რომ ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტები უმჯობესია ფრენი დროს გამოიყენოთ, რათა სიმაღლეზე, UV რადიაციისგან მიღებული ზიანი აიცილოთ თავიდან. და საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტურია პანთენოლი, იგივე B5 ვიტამინი და ალოე ვერა. ეს ინგრედიენტები კანს ამშვიდებენ და განსაკუთრებით სასიამოვნოა ფრენისას.
დაიმახსოვრეთ, რეკომენდებულია, რომ პროდუქტი არ შეიცავდეს ალკოჰოლს ან პარფიუმს, რადგან ორივე მათგანი აღიზიანებს კანს. ამ შემთხვევაში, რბილი, დერმატოლოგიური ფორმულები არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ფრენის დროს კანი არ გამოშრეს.
თვითმფრინავში ყველაზე მნიშვნელოვანია მზისგან დაცვა
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიმაღლეზე UV რადიაცია კიდევ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ზღვის დონეზე. ღრუბლების ზედაპირიდან არეკლილი სინათლე, რომელიც ილუმინატორებიდან შემოდის თვითმფრინავში, განსაკუთრებით საზიანოა, ამიტომ მზისგან დამცავი კრემის (SPF 50) გამოყენება აუცილებელია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფანჯრის გვერდით ზიხართ.
იდეალურ შემთხვევაში, აირჩიეთ დამატენიანებელი მზისგან დამცავი კრემი, რომელშიც შეიცავს თუთიის ოქსიდს ან ტიტანის დიოქსიდს - ფიზიკური ფილტრები გამომშრალ კანს ნაკლებ აღიზიანებენ, ვიდრე ქიმიური ფილტრები. არ დაგავიწყდეთ, რომ მზისგან დამცავი კრემი ფრენის განმავლობაშიც უნდა განაახლოთ, რადგან მზის მავნე გამოსხივება, კანის გამოშრობის, დაბერების და კიბოს ნომერ პირველი მიზეზია.