ჯანმრთელობა

6 გზა გაციების შესაჩერებლად - როდესაც თავს ცუდად გრძნობთ

6 გზა გაციების შესაჩერებლად - როდესაც თავს ცუდად გრძნობთ

გაციება ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა, ის ხშირად მოულოდნელად ჩნდება, თან ახლავს სურდო, ხველა, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტის შეგრძნება. გაციების სიმპტომები, როგორც წესი, პიკს აღწევს პირველი სამი დღის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება ორ კვირამდე გაგრძელდეს.

როდესაც დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება, მნიშვნელოვანია ინფექციის პროგრესირების პრევენცია.

TREND გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გაციება ადრეულ სტადიაზე შეაჩეროთ.

დიდი რაოდენობით სითხე

გაციების დროს დიდი რაოდენობით სითხის მიღება ხელს უწყობს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას, სიმპტომების შემსუბუქებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას. გაციება ხშირად წარმოქმნის სქელ ლორწოს, რამაც შეიძლება სუნთქვა გაართულოს. დიდი რაოდენობით სითხის მიღება ატენიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას, მის გამოდევნას და ხელს უშლის შემდგომ გართულებებს.

გაციების დროს შეგიძლიათ დალიოთ წყალი, სუსტი ჩაი, ხილის სასმელები და კომპოტები. სასმელები უნდა იყოს თბილი ან ოთახის ტემპერატურის. მოერიდეთ ცივ ან ცხელ სითხეებს, რადგან მათ შეუძლიათ ლორწოვანი გარსების დაწვა.

თაფლი

თაფლი თავისი ბუნებრივი ანტისეპტიკური ნაერთების წყალობით ხელს უწყობს მავნე ბაქტერიებისა და სოკოების განადგურებას. მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ასტიმულირებს ანტისხეულების და სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას, აჩქარებს ორგანიზმის ბრძოლას ინფექციასთან.

თუ ყელის ტკივილი ან ქავილი გაწუხებთ, მიიღეთ თაფლი, ის ქმნის დამცავ ფენას, ამსუბუქებს სიმპტომებს და აადვილებს ყლაპვას.

ძილი და დასვენება

როდესაც გაციების პირველი ნიშნები ჩნდება, სხეული ითხოვს დასვენება-მოდუნებას. ძილის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ციტოკინებს, ასევე ძილის დროს სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მეტაბოლიზმი რეგულირდება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია განვითარებად ინფექციასთან საბრძოლველად.

გარდა ამისა, საკმარისი დასვენება და კარგი ძილი ამცირებს სტრესის დონეს. დასვენებით, საშუალებას აძლევთ თქვენს სხეულს გადავიდეს მაქსიმალური მზადყოფნის რეჟიმში და დაამარცხოს დაავადება საწყის ეტაპზე.

ვიტამინი C

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ. გაციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას, სიმპტომების შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანია რაციონში C ვიტამინით მდიდარი საკვების ჩართვა, ესენია ციტრუსები, კივი, კენკრა, ბულგარული წიწაკა, ისპანახი, ბროკოლი და კომბოსტო.

ცხვირის ირიგაცია ფიზიოლოგიური ხსნარით

ირიგაცია ხელს უწყობს ცხვირის ღრუს გაწმენდას ლორწოსგან, პათოგენებისა და ალერგენებისგან და ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას. პროცედურა მისაღებია ცხვირისა და პარანასალური სინუსების პრაქტიკულად ყველა დაავადებისთვის, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისთვის.

ანტივირუსული მედიკამენტები და იმუნოსტიმულატორები

გაციების პირველი ნიშნებისას ანტივირუსული მედიკამენტების და იმუნოსტიმულატორების მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დაავადების პროგრესირებას და შეამციროს სიმპტომები.

ანტივირუსული მედიკამენტები პირდაპირ მოქმედებს ვირუსზე, ააქტიურებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს ორგანიზმის რეაქციას ინფექციაზე.

მედიკამენტებისა და დოზირების სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია!

თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, დაუყოვნებლივ ჩაეწერეთ ექიმთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებს: ბავშვებს და ორსულებს.