„ის მის გვერდით ანათებს“ - ჰოლივუდი ჯოლისა და ლუი გარელის სავარაუდო რომანზე ალაპარაკდა
- 30.01.2026
ჰოლივუდი ახალი, სკანდალური ჭორით ცხოვრობს - როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან მძიმე განქორწინებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ისევ შეყვარებულია. ამჯერად მსახიობის რჩეული ევროპული კინოს ნამდვილი ვარსკვლავი, ფრანგი „მაჩო“ ლუი გარელია.
რომანი გადასაღებ მოედანზე
ყველაფერი ახალი დრამის, Couture-ის გადასაღებ მოედანზე დაიწყო, რომლის რეჟისორი ალის ვინოკურია. ფილმი პარიზის მოდის კვირეულის ფონზე ვითარდება და მასში ანჯელინა და ლუი მთავარ როლებს ასრულებენ.

ინსაიდერები ყვებიან, რომ წყვილს შორის „აუხსნელი ქიმია“ პირველივე დღეებიდან გაჩნდა.
„ანჯელინა ანათებს, როდესაც ლუისგან შეტყობინება მისდის. ის გაცილებით მხიარული და ლაღი გახდა, როგორიც დიდი ხანია არავის უნახავს“, - აცხადებს წყარო გამოცემა National Enquirer-თან.
ვინ არის ლუი გარელი?
42 წლის გარელი საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და „რთულ“ მამაკაცად ითვლება.

მას ყოველთვის გავლენიანი და ლამაზი ქალები იტაცებდა - წლების განმავლობაში ხვდებოდა კარლა ბრუნის დას, ვალერია ბრუნი-ტედესკის, ხოლო 2017 წელს ცნობილ მოდელზე, ლეტიცია კასტაზე დაქორწინდა.
თუმცა, როგორც ირკვევა, გარელი და კასტა 2025 წლის დასაწყისში, 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფარულად განქორწინდნენ. ახლა ფრანგული მედია ლუის პარიზის ყველაზე სასურველ სასიძოდ მოიხსენიებს.

მეგობრების შიში და ჯოლის პრიორიტეტები
მიუხედავად დიდი ვნებისა, ანჯელინას გარემოცვა ცოტა შეშფოთებულია. ამბობენ, რომ გარელი საკმაოდ რთული ხასიათისაა და შესაძლოა, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყოს. თავად 50 წლის ჯოლი კი მეგობრებს არწმუნებს, რომ გრძელვადიან გეგმებს არ აწყობს და მისთვის მთავარი კვლავ კარიერა და მისი 6 შვილია.

თუმცა, ფაქტია - ევროპულ კინოში დაბრუნებამ ანჯელინას ცხოვრებაში ახალი ფერები შეიტანა. იქნება თუ არა ეს მოკლევადიანი გატაცება, თუ ჯოლი საბოლოოდ იპოვის ბედნიერებას ფრანგი მსახიობის მკლავებში, ამას დრო აჩვენებს.
თემები: ანჯელინა ჯოლი