ახალი ციფრული პლატფორმა Wizz Link: Dohop-ის მხარდაჭერით, Wizz Air ქსელის ყველა მიმართულებას აკავშირებს
- 10.02.2026
WIZZ Link თითქმის 8,000 ახალ სამარშრუტო კომბინაციას გთავაზობთ Wizz Air-ის მზარდ ქსელში; ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მგზავრებს ახლა ერთიანი ჯავშნით შეუძლიათ რამდენიმე მიმართულების არჩევა
Wizz Air, ევროპის ყველაზე დაბალი ემისიების მქონე ავიაკომპანია, უშვებს ახალ ციფრულ პლატფორმას, WIZZ Link-ს, რომელიც შეიქმნა სამოგზაურო ტექნოლოგიურ კომპანიასთან, Dohop-თან პარტნიორობით. პლატფორმა მგზავრებს საშუალებას აძლევს, კომპლექსური ფრენები ერთიანი ტრანზაქციით დაჯავშნონ. ახალი სერვისი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს Wizz Air-ის სტრატეგიაში, რომლის მიზანია, გაამარტივოს და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ბიუჯეტური მოგზაურობა რამდენიმე მიმართულებით.
ბევრი მოგზაური, განსაკუთრებით ევროპაში, მარშრუტებს არა პირდაპირი ფრენებით, არამედ რამდენიმე სეგმენტის კომბინაციით აწყობს — მაგალითად, ლონდონიდან ბუდაპეშტში და შემდეგ აბუ-დაბიში. დღეს ასეთ შემთხვევებში მათ ხშირად უწევთ თითოეული სეგმენტის ცალ-ცალკე მოძებნა, განრიგების შედარება, ბარგის წესებისა და ტარიფების შემოწმება და ბილეთების სხვადასხვა ტრანზაქციით შეძენა.
საშუალოდ, მოგზაურები გამგზავრებამდე ხუთ საათამდე ხარჯავენ ჯავშნების მართვაში, რაც ზრდის შეცდომების რისკს და ხშირ შემთხვევაში მათ აგრეგატორ პლატფორმებზე გადაჰყავს, სადაც სხვა ავიაკომპანიები კონკურენციას უწევენ იმავე ჯავშნებზე, ხოლო შეფერხებების დროს მგზავრები დაუცველ მდგომარეობაში რჩებიან.
WIZZ Link-ის მეშვეობით მგზავრებს უკვე შეუძლიათ გადაჯდომიანი ფრენების დაჯავშნა და თითქმის 8,000 ახალი კომბინაციის მოძებნა პლატფორმაზე wizzlink.wizzair.com, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გადამყვან ჰაბებში, როგორიცაა ბუდაპეშტი, რომი, ლონდონი, ქუთაისი, ვარშავა, ტირანა და სხვა.
მგზავრებს შეუძლიათ რამდენიმე მიმართულებით ფრენის ერთიანი შესყიდვა, რაც ზრდის მოქნილობას და აფართოებს Wizz Air-ის ქსელის გამოყენების შესაძლებლობებს. ეს ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებლები WIZZ ეკოსისტემაში შეინარჩუნოს, გაზარდოს საშუალო ჯავშნის ღირებულება და ლოიალობა, ხოლო მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ტრანზაქციით შეიძინონ ადგილები, პრიორიტეტული სერვისები, კვება და სხვა დამატებითი მომსახურებები ყველა ფრენის სეგმენტისთვის.
WIZZ Link დაფუძნებულია Dohop-ის RetailConnect ტექნოლოგიაზე, რომელიც ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, შექმნას და მართოს მოქნილად ფრენებისა და გადაჯდომის სქემები, სრული კონტროლის შენარჩუნებით ფასებზე, დისტრიბუციასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე. WIZZ Link-ის მეშვეობით ჯავშნისას მგზავრებს ასევე შეუძლიათ დაამატონ ConnectSure – დაცვის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას დაგვიანების, გაუქმების ან გამოტოვებული ფრენების შემთხვევაში და მთელი მოგზაურობის განმავლობაში სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება მგზავრებს.
მაიკლ დელეჰანტი, Wizz Air-ის კომერციული და ოპერაციული საკითხების უფროსი ხელმძღვანელი:
„ონლაინ ტურისტული სააგენტოები კვლავ ფლობენ ონლაინ ბაზრის მნიშვნელოვან წილს - დღეს მგზავრების მესამედზე მეტი ფრენებს OTA-ების მეშვეობით ჯავშნის. ამასთანავე, მრავალსეგმენტიანი მარშრუტები უკვე შეადგენს ტრაფიკის მნიშვნელოვან ნაწილს და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ყველა ჯავშნის საერთო მაჩვენებელი ორნიშნა პროცენტამდე გაიზრდება. WIZZ Link გვაძლევს საშუალებას, გაყიდვები ჩვენს ეკოსისტემაში შევინარჩუნოთ, გავზარდოთ კონვერსია და თითო მგზავრზე სეგმენტების რაოდენობა. თავად მგზავრებისთვის კი ეს სერვისი დამატებით კომფორტსა და არჩევანს ქმნის, აერთიანებს Wizz Air-ის ფართო ქსელს ერთიან, დაკავშირებულ ჯავშნის გამოცდილებაში.
WIZZ Link წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი Customer First Compass-ის ვალდებულებებისა და Wizz Air-ის გრძელვადიანი ზრდისთვის. ეს სიახლე ჩვენი სტრატეგიის საკვანძო ეტაპია, რათა ავიამოგზაურობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, დაკავშირებული და მომხმარებელზე ორიენტირებული გავხადოთ.”
Dohop-თან პარტნიორობა მხარს უჭერს Wizz Air-ის ვალდებულებას, გააფართოოს ქსელი ახალი ციფრული შესაძლებლობების მეშვეობით, რომლებიც მოგზაურობას კიდევ უფრო ამარტივებს. Dohop-ის ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ავიაკომპანიას სთავაზობს დაკავშირებული მოგზაურობის გადაწყვეტილებებს, ქმნის კავშირის ახალ ფორმებს, რომლებიც ავსებს ტრადიციულ პარტნიორობებს და ამცირებს ძველი ინტერლაინ სისტემების სირთულეს.
ჰიუ ეიტკენი, Dohop-ის ოპერაციული საკითხების უფროსი ხელმძღვანელი:
„WIZZ Link ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლიათ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ალტერნატიული ინტერლაინ ტექნოლოგიის გამოყენებით ეფექტურად გააფართოონ ქსელი და მგზავრებს კავშირის უკეთესი შესაძლებლობები შესთავაზონ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ Wizz Air-ს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯში, რომელიც ამარტივებს მოგზაურობას ევროპაში, ქმნის ახალ მარშრუტულ შესაძლებლობებს და აუმჯობესებს მგზავრის გამოცდილებას - იმავდროულად ინარჩუნებს პროცესის სიმარტივესა და ხარჯთეფექტიანობას ავიაკომპანიისთვის.”
WIZZ Link-ის გაშვება კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ულტრადაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოზიციას და შეესაბამება მის ფართო სტრატეგიას, რომელიც ტექნოლოგიებისა და პარტნიორობების გამოყენებით ქსელის კავშირს, ოპერაციულ ეფექტიანობასა და მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.
Dohop-ის შესახებ
Dohop, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რეიკიავიკში, ისლანდიაში, წამყვანი პროვაიდერია ალტერნატიული გადაწყვეტილებების სფეროში. საჰაერო-საჰაერო და საჰაერო-სახმელეთო ალტერნატიული პარტნიორობების ხელშეწყობით, Dohop ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს გახსნან შეუზღუდავი კავშირები ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების მეშვეობით. Dohop ასევე უზრუნველყოფს კავშირის დაცვის სერვისებს მგზავრებისთვის მაღალი 4.1 TrustScore-ით. 2004 წელს დაარსებული Dohop-ის 100-ზე მეტი სამოგზაურო ტექნოლოგიების ექსპერტისგან შემდგარი გუნდი ეხმარება 100-ზე მეტ ავიაკომპანიასა და სამოგზაურო პროვაიდერს, მათ შორის easyJet-ს, Transavia-ს, Air France-ს, Vueling-ს და Air Transat-ს, შექმნან ახალი შესაძლებლობები მოგზაურობებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.dohop.com.