Glovo-ს თანადამფუძნებელი, საშა მიშუ ქართველ სტარტაპერებს შეხვდა - გზა სტარტაპიდან გლობალურ ტექნოლოგიურ პლატფორმამდე
- 06.03.2026
Glovo-ს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა უშუალოდ Glovo-ს თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები.
საშა მიშუმ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ჩამოყალიბდა Glovo-ს იდეა, ისაუბრა სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, თავდაპირველ შეცდომებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას ახლავს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში - საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის.

Glovo-ს თანადამფუძნებელი, საშა მიშუ: „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა და ქართველი მეწარმეებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას ნამდვილად აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ჰაბი, ქართველ სტარტაპერებს აქვთ ძლიერი ხედვა და იდეები, ხოლო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მასშტაბირების სწორი სტრატეგია, ზუსტად ისეთი გზა, როგორიც Glovo-მ გაიარა.”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე: „ასეთი შეხვედრები ეხმარება სტარტაპებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება იდეა საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტად და რა ნაბიჯებია საჭირო გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები მიიღებენ ცოდნას, გაიღრმავებენ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.”
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. Glovo-ს მსგავსი გლობალური გამოცდილების გაზიარება პირდაპირ პასუხობს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს - როგორ მასშტაბირდეს იდეა და როგორ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.

Glovo-ს შესახებ:
Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია