ბრაიტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოკითხეს ძაღლების მეპატრონები იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს სახლში ძაღლის ყოლა ადამიანის ცხოვრებაზე,
კვლევის მონაწილეებს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Qualitative Research in Psychology“-ში, დაუსვეს შემდეგი კითხვები:
„როგორ გრძნობთ თავს თქვენს ძაღლთან შეხვედრისას?“
„ძაღლთან ურთიერთობის რომელი ასპექტი მოგწონთ ყველაზე მეტად?“
„შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი და თქვენი ძაღლის ურთიერთობა?“
პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ ძაღლის ყოლის სარგებელი შეიძლება დაიყოს ხუთ კატეგორიად.

ყოველდღიური რუტინა
საყვარელი შინაური ცხოველის მოვლის რუტინა ადამიანებს აძლევს მიზანს და აზრს, რაც მათ ცხოვრებას სრულყოფილს ხდის.
მაგალითად, ერთ-ერთმა გამოკითხვის მონაწილემ აღნიშნა: „ჩემი შინაური ცხოველის გასეირნების, გამოკვების და კმაყოფილი სახის დანახვა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს“.
განწყობის გაუმჯობესება
ძაღლი პოზიტივის წყაროა, რაც სასიამოვნო გრძნობებს იწვევს მათ პატრონში და აუმჯობესებს მის განწყობას. გამოკითხვის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძაღლები ეხმარებიან მათ მოდუნებასა და განტვირთვაში: „მხოლოდ აწმყოში ყოფნა, ძაღლის გვერდით ჯდომა და მისი მოფერება საკმარისია ყველა თქვენი პრობლემის დასავიწყებლად“ - ერთხმად აღნიშნა გამოკითხულთა უმეტესობამ.

უპირობო სიყვარული
გამოკითხვის მონაწილეებმა ძაღლებთან ემოციური კავშირი აღწერეს როგორც გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ თანამგზავრობაა. ადამიანები თავიანთ ძაღლებს ოჯახის წევრებად, ან ჩვილებად აღიქვამენ, რომლებზეც ზრუნვა საჭიროსთან ერთად დიდი ბედნიერებაა - ეს ემოციური როლი ადამიანებსა და ძაღლებს შორის ღრმა კავშირს აჩვენებს.
პატრონებს და მათ შინაურ ცხოველებს ერთმანეთი უპირობოდ უყვართ, უყვართ ისეთები, როგორებიც არიან და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, თუ არ ჩავთვლით რაიმე გემრიელ ნუგბარს, ძაღლის შემთხვევაში.
ახალი მეგობრების შეძენა
ძაღლის პატრონები არა მხოლოდ უკავშირდებიან თავიანთ შინაურ ცხოველებს, ძაღლის ყოლა ეხმარება მათ სხვა ადამიანებთან დაკავშირებაში, რომლებსაც ისინი სეირნობისას ხვდებიან; ძაღლები აერთიანებენ ადამიანებს და აძლიერებენ კავშირებს მათ შორის.

„ეს სტრესულია, მაგრამ ღირს“
კვლევის მონაწილეებმა აღიარეს, რომ ძაღლის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. იქნება ეს ლეკვების წვრთნა, თუ შინაური ცხოველის მოვლა ავადმყოფობისა და სიბერის დროს - ამ და სხვა მიზეზთა გამო ძაღლის ყოლა შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, თუმცა, გამოწვევების მიუხედავად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სარგებელი აჭარბებს ნაკლოვანებებს. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, „ეს ზოგჯერ ემოციური ატრაქციონია, მაგრამ ღირს“.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია