LIFE

პრინცი უილიამის „მომგებიანი“ ციხე: როგორ გამოიმუშავა უელსის პრინცმა მილიონები მომწამვლელი გაზით სავსე შენობით?

პრინცი უილიამის „მომგებიანი“ ციხე: როგორ გამოიმუშავა უელსის პრინცმა მილიონები მომწამვლელი გაზით სავსე შენობით?

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში პრინცი უილიამი მოექცა. როგორც ირკვევა, უელსის პრინცმა კორნუოლის საჰერცოგოს მფლობელობაში არსებული ერთი ძალიან უჩვეულო ობიექტისგან - მიტოვებული ციხისგან - 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოგება ნახა.

მიტოვებული საპყრობილე და მომწამვლელი გაზი

საუბარია დევონში მდებარე HMP Dartmoor-ის ციხეზე, რომელიც კორნუოლის საჰერცოგოს საკუთრებაა. The Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრიდან უილიამი ამ შენობას იუსტიციის სამინისტროზე წელიწადში 1.5 მილიონ ფუნტად აქირავებს.



ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ ციხე 2024 წლის ივლისიდან ფაქტობრივად გამოუყენებელია. მიზეზი? შენობაში რადონის – ბუნებრივი წარმოშობის მომწამვლელი გაზის – საგანგაშოდ მაღალი დონე დაფიქსირდა, რომელიც ფილტვის კიბოს იწვევს. პატიმრების სასწრაფო ევაკუაციის შემდეგ შენობა ცარიელი დარჩა, თუმცა ბიუჯეტიდან ქირის გადახდა უილიამის ანგარიშზე მაინც გრძელდება.

ვირთხები, ღამურები და მილიონები

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ციხე დაიცალა, შენობა ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ვენტილაციის მიზნით ღიად დატოვებული ფანჯრების გამო, იქაურობა ვირთხებმა, ფრინველებმა და ღამურებმა დაიკავეს. მიუხედავად ასეთი „მისტიკური“ და მძიმე მდგომარეობისა, პრინცის შემოსავალი ამ ობიექტიდან სტაბილურად იზრდება.

საიდან აქვს პრინცს ასეთი ქონება?

შეგახსენებთ, რომ კორნუოლის საჰერცოგო ჯერ კიდევ 1337 წელს ედუარდ III-მ დააფუძნა, რათა ტახტის მემკვიდრეს პირადი შემოსავალი ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ჩარლზ III მეფე გახდა, საჰერცოგო უილიამს გადაეცა.

  • შემოსავალი: საჰერცოგოს წლიური მოგება დაახლოებით 21 მილიონი ფუნტია.

  • რაში იხარჯება: ამ თანხით უილიამი აფინანსებს საკუთარ ოჯახს, შვილებს და საქველმოქმედო პროექტებს.

კორნუოლის საჰერცოგოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იჯარის ხელშეკრულება სტანდარტულ კომერციულ საფუძველზეა გაფორმებული და ისინი იუსტიციის სამინისტროსთან მუდმივ კონტაქტზე არიან, რათა „სამართლიანი გამოსავალი“ იპოვონ.



მიუხედავად იმისა, რომ უილიამი ამ შემოსავლიდან გადასახადებს ნებაყოფლობით იხდის, ბრიტანულ საზოგადოებაში კითხვები მაინც ჩნდება: რამდენად მართებულია მილიონების მიღება შენობიდან, რომელიც ამჟამად მხოლოდ ვირთხების თავშესაფარია?