აგვისტოს ბოლო საღამოებისთვის: 5 ფილმი, რომელიც ზაფხულის განწყობას გაგიხანგრძლივებთ
- 30.08.2026
აგვისტო მთავრდება და ზაფხულის დასრულებასთან ერთად ის განსაკუთრებული განწყობაც იცვლება, რომლის გახანგრძლივებაც ასე გვინდა. თუ საღამოსთვის ფილმს ეძებთ, რომელიც ზაფხულის ატმოსფეროს კიდევ ცოტა ხნით შეგინარჩუნებთ და შემოდგომისთვის განგაწყობთ, ეს ხუთი ფილმი გამოგადგებათ.
ზოგი მათგანი ზაფხულის არდადეგების, ზღვისა და თავგადასავლების განწყობას დაგიბრუნებთ, ზოგი კი სასიამოვნო ნოსტალგიასა და მსუბუქ მელანქოლიას მოგიტანთ.
1. „მკვდარი პოეტების საზოგადოება“
რეჟისორი: პიტერ უირი
ფილმი, რომელსაც ბევრი ადამიანი შემოდგომის პირველ დღეებთან აკავშირებს, თუმცა მისი ნახვა ზაფხულის ბოლო დღეებშიც განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

ბიჭების დახურული სკოლა-პანსიონის შესახებ ისტორია უკვე ათწლეულებია, მაყურებლის გულს ეხება. ფილმი გვახსენებს საკუთარი გზის არჩევის მნიშვნელობას და იმ სამყაროში გვაბრუნებს, რომელიც ამერიკული ელიტური სკოლებისა და კოლეჯების ატმოსფეროს გვაცნობს.
„მკვდარი პოეტების საზოგადოებასთან“ ერთად ჯეი დი სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ თუ გაგახსენდებათ, შესაძლოა, რამდენიმე წლით ახალგაზრდადაც იგრძნოთ თავი - და ნაცნობ ნივთებსა თუ მოვლენებს ახალი თვალით შეხედოთ.
შეიძლება ახალი რამის სწავლაც მოგინდეთ.
Carpe diem - ისარგებლე დღით.
2. „პლიაჟი“
რეჟისორი: დენი ბოილი
თუ ფილმი არსებობს, რომელსაც ზაფხულის განწყობის დაბრუნება შეუძლია, „პლიაჟი“ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

აქ ყველაფერი მოიპოვება, რაც 2000-იანი წლების საკულტო ფილმისთვის არის საჭირო: ულამაზესი კადრები, ზღვა, ეგზოტიკური გარემო, სოციალური ქვეტექსტი, ალექს გარლენდის თამამი რომანის ეკრანიზაცია და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიო.
ამ ფილმს ზაფხულის განწყობის შექმნა მაშინაც შეუძლია, თუ სამივე თვე წვიმდა და თქვენ მთელი ზაფხული დახუთულ ოფისში გაატარეთ.
3. „გრავითი ფოლსი“
ავტორი: ალექს ჰირში
შემოდგომის მულტსერიალის - „ღობის მიღმა“ - დრო ჯერ არ დამდგარა, ამიტომ ზაფხულის განწყობისთვის „გრავითი ფოლსის“ გადახედვა ჯერ კიდევ შეიძლება.
იდუმალი ქალაქი, ყოველ სერიაში ახალი „კვირის მონსტრი“ და, რა თქმა უნდა, პირველი თინეიჯერული ზაფხული - მეგობრობა, შეყვარება და თავგადასავლები.
სწორედ ამიტომ სერიალს გარკვეულწილად დევიდ ლინჩის საუკეთესო ნამუშევრების ტრადიციაც ახსენდება.

ამავე მიზეზით, „ტვინ პიქსის“ ხელახლა ყურებაც ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მასზე მეტად შემოდგომური სერიალი ალბათ რთულად მოიძებნება.
4. „შუაღამე პარიზში“
რეჟისორი: ვუდი ალენი
პარიზის ღამის ქუჩები, ზაფხული, წარსულში მოგზაურობა და ის უცნაური განცდა, როცა გგონია, რომ სხვა ეპოქაში ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა - „შუაღამე პარიზში“ ზუსტად ის ფილმია, რომელიც ზაფხულის ბოლო საღამოს უხდება.
ფილმის მთავარი გმირი ყოველ ღამე შუაღამისას წარსულში აღმოჩნდება და მე-20 საუკუნის დასაწყისის პარიზის შემოქმედებით სამყაროში ხვდება.

აქ არის ყველაფერი, რაც ზაფხულის მიწურულს შეიძლება მოგინდეს: მოგზაურობის რომანტიკა, პარიზული ქუჩები, ხელოვნება, სიყვარული, ნოსტალგია და მსუბუქი მელანქოლია.
ფილმი გვახსენებს, რომ ზოგჯერ წარსულის იდეალიზების ნაცვლად აწმყოს დაფასება უნდა ვისწავლოთ - რადგან ის, რასაც ახლა ვცხოვრობთ, ერთ დღეს ჩვენივე ნოსტალგიის ნაწილი გახდება.
5. „მამა მია!“
რეჟისორი: ფილია ლოიდი
საბერძნეთის კუნძული, ზღვა, მზე, მუსიკა და დაუვიწყარი ზაფხულის დღეები - „მამა მია!“ სწორედ ის ფილმია, რომელიც ზაფხულის დასრულების საშუალებას ცოტა ხნით მაინც არ მოგცემთ.

ფილმის მთავარი მოვლენები ბერძნულ კუნძულზე ვითარდება, სადაც ქორწილისთვის ემზადებიან. ოჯახური საიდუმლოებები, ძველი სიყვარული, მეგობრობა და ABBA-ს ცნობილი სიმღერები ფილმს მსუბუქ და სადღესასწაულო განწყობას სძენს.
თუ ზაფხულის ბოლო დღეებში ზღვის მონატრება უკვე დაგეწყოთ, ეს ფილმი ნამდვილად კარგი არჩევანია.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია