LIFE

ჯოან როულინგის 12 საყვარელი წიგნი - ნაწარმოებები, რომლებმაც „ჰარი პოტერის“ ავტორი შთააგონა

ჯოან როულინგის 12 საყვარელი წიგნი - ნაწარმოებები, რომლებმაც „ჰარი პოტერის“ ავტორი შთააგონა

„ჰარი პოტერის“ ჯადოსნური სამყარო მხოლოდ ჯოან როულინგის წარმოსახვის ნაყოფი არ არის - მის შექმნაზე გავლენა არაერთმა ცნობილმა მწერალმა და ლიტერატურულმა ნაწარმოებმა მოახდინა.

ავტორი შთაგონებას იღებდა კლასიკური ინგლისური ლიტერატურიდან, ზღაპრებიდან, დეტექტივებიდან და ისეთი წიგნებიდანაც, რომელთა კავშირიც ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებთან ერთი შეხედვით წარმოუდგენელია.

როულინგის საყვარელ ნაწარმოებებს შორისაა წიგნები, რომლებმაც გავლენა მოახდინა „ჰარი პოტერის“ პერსონაჟებზე, სიუჟეტურ ხაზებსა და მთავარ თემებზე - სიყვარულზე, მეგობრობაზე, არჩევანსა და თავგანწირვაზე. წარმოგიდგენთ იმ წიგნებს, რომლებმაც მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა

1. „ლომი, კუდიანი და გარდერობი“ - კლაივ სტეიპლზ ლუისი

ჯოან როულინგს კლაივ ლუისის „ნარნიას ქრონიკები“ განსაკუთრებით უყვარს, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე სწორედ „ლომმა, კუდიანმა და გარდერობმა“ მოახდინა. მწერალი იხსენებდა, რომ ჰარი პოტერის ცხრა და 3/4 პლატფორმაზე გამავალ სცენაზე მუშაობისას ნარნიაში ბავშვების გადამყვანი გარდერობი გაახსენდა. ამგვარად, „ჰარი პოტერის“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდს ლუისის ნაწარმოებში გარკვეული ლიტერატურული წინამორბედი აქვს.

წიგნის მთავარი თემებია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, მეგობრობა, ერთგულება და სხვის გადასარჩენად თავგანწირვის მზადყოფნა.

2. ბიბლია

ბიბლიური ტექსტები „ჰარი პოტერის“ ბოლო წიგნში მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას იძენს. ჰარის მშობლების საფლავის ქვაზე პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს სიტყვებია ამოკვეთილი: „უკანასკნელი მტერი, რომელიც განადგურდება, არის სიკვდილი“. დამბლდორების ოჯახის საფლავზე კი მათეს სახარების ფრაზა გვხვდება: „სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც“.

2007 წლის პრესკონფერენციაზე როულინგმა განმარტა, რომ ეს ორი ციტატა მთელი სერიის მთავარ სათქმელს გამოხატავს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ისტორიის ფინალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიკვდილის, სიყვარულისა და იმედის თემები.

3. „ქარი ტირიფებში“ - კენეთ გრემი

ამ წიგნს როულინგი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაეცნო. როდესაც გოგონა წითელათი იყო ავად, მამა მას ნაწარმოებს ხმამაღლა უკითხავდა. მოგვიანებით მწერალი იხსენებდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ბავშვობის მოგონება იყო.

წიგნი თხუნელას, ვირთხას, მაჩვსა და ბატონ გომბეშოს თავგადასავლებს მოგვითხრობს. ბუნების თბილი აღწერები, მეგობრობა და ოჯახური სიმყუდროვე ის თემებია, რომელთა ამოცნობაც ჰოგვარტსის ჯადოსნურ სამყაროშიც შეიძლება.

4. „მაკბეტი“ - უილიამ შექსპირი

შექსპირის ტრაგედია ვოლდემორის ისტორიის ერთ-ერთ შთაგონების წყაროდ იქცა. ერთ-ერთ ინტერვიუში როულინგმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიცვლებოდა მაკბეტის ბედი, წინასწარმეტყველების მოსასმენად ჯადოქრებს რომ არ შეხვედროდა.

მწერალი აღიარებდა, რომ „მაკბეტი“ ძალიან უყვარს და შესაძლოა, შექსპირის საყვარელ პიესადაც მიიჩნევდეს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბედისწერისა და პირადი არჩევანის ურთიერთმიმართება: წინასწარმეტყველებამ შეიძლება მოვლენების განვითარებას ბიძგი მისცეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად ადამიანი იღებს.

5. „ემა“ - ჯეინ ოსტინი

ჯეინ ოსტინი კიდევ ერთი ავტორია, რომლის შემოქმედებითაც ჯოან როულინგი აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით უყვარს რომანი „ემა“, რომელიც, საკუთარი აღიარებით, ოცზე მეტჯერ აქვს წაკითხული.

როულინგი ამბობდა, რომ წიგნებისთვის მოულოდნელი დასასრულის მოფიქრებაზე არასდროს ზრუნავდა ისე, რომ არ გახსენებოდა, რამდენად ოსტატურად ახერხებდა ამას ოსტინი „ემაში“. ის განსაკუთრებით აფასებს ინგლისელი მწერლის უნარს, რთული სიუჟეტური კონსტრუქციები შექმნას და მკითხველის მოლოდინები ოსტატურად შეცვალოს.

6. „თამაში ჭვავის ყანაში“ - ჯერომ დევიდ სელინჯერი

სელინჯერის რომანმა თანამედროვე მწერლების არაერთ თაობაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის ჯოან როულინგზეც. წიგნის მთავარი გმირი, ჰოლდენ კოლფილდი, გაზრდის რთულ პერიოდს გადის, საკუთარ თავსა და სამყაროში თავის ადგილს ეძებს.

მართალია, ნაწარმოებს ჯადოსნურ თავგადასავლებთან საერთო ბევრი არაფერი აქვს, მაგრამ მას „ჰარი პოტერთან“ მნიშვნელოვანი თემები აერთიანებს: გაზრდა, მარტოობა და საკუთარი გზის პოვნა.

7. „კენტერბერიული მოთხრობები“ - ჯეფრი ჩოსერი

„ჰარი პოტერის“ მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ სამი ძმის ზღაპარი, რომელსაც ბიდლი „სიკვდილის საჩუქრებში“ ჰყვება. ამ ისტორიის ფესვები შუა საუკუნეების ლიტერატურაში უნდა ვეძებოთ.

როულინგი ამბობდა, რომ მისთვის შთაგონების მნიშვნელოვანი წყარო ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობებიდან“ ინდულგენციების გამყიდველის ამბავი გახდა. სწორედ ამ ლიტერატურულ ტრადიციას უკავშირდება სამი ძმის ისტორია, რომლებიც თავად სიკვდილს ხვდებიან.

8. „მკვლელობა საუზმეზე“ - დოროთი ლ. სეიერსი

დოროთი ლ. სეიერსი დეტექტიური რომანებით არის ცნობილი, როულინგი კი განსაკუთრებით აფასებს მის მიდგომას ამ ჟანრისადმი. მწერლისთვის საინტერესოა სეიერსის მოსაზრება, რომ რომანტიკულმა ხაზმა მკითხველის ყურადღება გამოძიებას არ უნდა გადაატანინოს.

თუმცა „ჰარი პოტერის“ ავტორი რომანტიკული ურთიერთობების სრულად გამორიცხვას არ ეთანხმება. მისი აზრით, რადგან წიგნებში პერსონაჟების ხასიათებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, სიყვარული და გაზრდის პროცესი თხრობის ბუნებრივი ნაწილია. ამასთან, როულინგი რომანტიკულ ურთიერთობებს ზოგჯერ მკითხველის შეცდომაში შესაყვანადაც იყენებდა და ამ გზით პერსონაჟების ნამდვილ მოტივებს მალავდა.

9. „ამბავი ორ ქალაქზე“ - ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსის რომანს როულინგის ლიტერატურულ ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მწერალი მას ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაეცნო, როდესაც პარიზის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა.

განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მასზე ნაწარმოების ფინალმა მოახდინა: სიდნი კარტონი სხვა ადამიანის გადასარჩენად თავს სწირავს. როულინგის თქმით, რომანის ბოლო სტრიქონები, რომლებიც თავგანწირვასა და სიმშვიდის პოვნას ეძღვნება, დიდხანს ახსოვდა. საყვარელი ადამიანების გადასარჩენად საკუთარი თავის გაწირვის თემა მოგვიანებით „ჰარი პოტერის“ ერთ-ერთ მთავარ მოტივადაც იქცა.

10. „ხმალი ქვაში“ - ტერრენს ჰენბერი უაიტი

მეფე არტურის შესახებ მოთხრობილი ისტორია ჯოან როულინგისთვის შთაგონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ნაწარმოების მთავარი გმირი, მეტსახელად მეჭეჭა, ჯადოქარ მერლინს ხვდება და სწავლას იწყებს, თანდათან კი საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენს.

როულინგს არტური ჰარი პოტერის სულიერ წინამორბედადაც კი მოუხსენიებია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მერლინსა და დამბლდორს შორის გარკვეული მსგავსებების დანახვა შეიძლება.

11. „ლოლიტა“ - ვლადიმერ ნაბოკოვი

„ჰარი პოტერის“ მოყვარულებისთვის ეს არჩევანი შესაძლოა მოულოდნელი იყოს, თუმცა როულინგი ნაბოკოვის შემოქმედებით არაერთხელ აღფრთოვანებულა. მეტიც, მას „ლოლიტა“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საყვარელ რომანად დაუსახელებია.

მწერალს განსაკუთრებით ხიბლავდა, როგორ ახერხებდა ნაბოკოვი ტრაგიკულისა და კომიკურის შერწყმას და რთული, მრავალშრიანი თხრობის შექმნას. რასაკვირველია, „ლოლიტა“ საბავშვო წიგნების წერის შთაგონების წყარო არ გამხდარა, თუმცა როულინგის პირად ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

12. „განძის მაძიებლები და ბესტებლების ოჯახის სხვა ისტორიები“ - ედიტ ნესბიტი

ედიტ ნესბიტი ერთ-ერთია იმ მწერლებს შორის, რომელთა შემოქმედებასაც ჯოან როულინგი განსაკუთრებით აფასებს. მას „განძის მაძიებლები“ ნამდვილ შედევრად მიაჩნდა და აღიარებდა, რომ ბავშვობაში ნესბიტის წიგნებს არაერთხელ უბრუნდებოდა.

როულინგისთვის ამ ინგლისელ ავტორთან შედარება დიდი კომპლიმენტი იყო. მისი თქმით, ნესბიტის ნაწარმოებები ბევრ რამეში ჰგავს იმას, რის შექმნასაც თავად ცდილობს ლიტერატურაში.