LIFE

50 დღე რილსების გარეშე - როგორ იცვლება ადამიანის ტვინი, კონცენტრაცია და პროდუქტიულობა

50 დღე რილსების გარეშე - როგორ იცვლება ადამიანის ტვინი, კონცენტრაცია და პროდუქტიულობა

ინფლუენსერმა თითქმის ორი თვე სოციალური ქსელების გარეშე გაატარა და აღმოაჩინა, რომ ეკრანისგან დისტანცირებამ არა მხოლოდ ყურადღების კონცენტრაცია აღადგინა, არამედ საკუთარი სტილის პოვნაშიც დაეხმარა

რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ონლაინ, მით უფრო ხშირად გვიჩნდება სურვილი, ცოტა ხნით მაინც გავექცეთ უსასრულო სქროლვას. სოციალური ქსელებისგან დროებით გათიშვა კი ბოლო პერიოდში ერთგვარ ტრენდადაც იქცა.

სწორედ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა ინფლუენსერმა იონა ბურსიაგიმ (@ionasarchive), რომელმაც TikTok-ზე საკუთარი გამოცდილება გააზიარა. თავდაპირველად მას სოციალური ქსელების გარეშე 5 კვირის გატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა როცა სმარტფონის მუდმივი შემოწმების სურვილი გაუქრა, ექსპერიმენტი კიდევ 15 დღით გააგრძელა.

საბოლოოდ, იონამ 50 დღე გაატარა სოციალური ქსელების გარეშე და ამბობს, რომ ამ პერიოდში საკუთარ თავში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება აღმოაჩინა.

„ჩემი ცერი თითქოს თავისით მოძრაობდა“

ექსპერიმენტის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში იონამ გააცნობიერა, რამდენად ავტომატური გამხდარიყო ტელეფონის გამოყენება.

მისი თქმით, მესამე დღესაც კი ამჩნევდა, რომ თითი ინსტინქტურად ცდილობდა სოციალური ქსელის გახსნას.

თუმცა ამ დროს აპლიკაციას უბრალოდ ხურავდა.

ყველაზე რთული მისთვის მე-10 და მე-11 დღეები აღმოჩნდა - სწორედ ამ პერიოდში იგრძნო ის, რასაც თავად სოციალური ქსელებისგან „მოხსნის სინდრომს“ უწოდებს.

ადრე გოგონა ვერც კი აცნობიერებდა, რამდენად დიდი ადგილი ეკავა სოციალურ ქსელებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგჯერ მოკლე ვიდეოების ყურებაში მთელი დღე გადიოდა, ეკრანთან გატარებული დრო კი დღეში 8 საათსაც აღწევდა.

რა შეიცვალა 50 დღის შემდეგ?

ექსპერიმენტის შედეგებმა იონასთვის მოულოდნელად დადებითი აღმოჩნდა.

მისი თქმით, სოციალური ქსელებისგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან:

  • სიმშვიდე და შინაგანი კონტროლი დაიბრუნა;
  • აზრების მართვა უფრო მარტივად შეძლო;
  • მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა კონცენტრაცია;
  • კვლავ დაიწყო ახალი იდეების თავისუფლად მოფიქრება;
  • საქმეების ბოლომდე მიყვანა გაუადვილდა;
  • მუშაობის დროს ყურადღება აღარ ეფანტებოდა ყოველ რამდენიმე წუთში;
  • მუდმივი სწრაფი სტიმულაციის მოთხოვნილება შეუმცირდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ მას აღარ ჰქონდა მუდმივი სურვილი, ტელეფონი აეღო და ახალი ვიდეოები ენახა.

სოციალური ქსელებისგან გათიშვამ მისი სტილიც შეცვალა

ექსპერიმენტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი კი საერთოდ სხვა სფეროს შეეხო.

იონამ აღმოაჩინა, რომ სოციალური ქსელებისგან გათიშვის შემდეგ საკუთარი სტილის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება კვლავ შეძლო.

მანამდე მისი ჩაცმულობის არჩევანზე მუდმივად მოქმედებდა ის, რასაც ინტერნეტში ხედავდა - ახალი ტრენდები, რეკლამები, ინფლუენსერების სტილი და პოპულარული ესთეტიკა.

„ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ მუდმივად მბომბავდნენ ფოტოებით, რეკლამებით, ტრენდებითა და სხვა ადამიანების პირადი სტილით და რამდენად ძლიერ გავლენას ახდენდა ეს ჩემზე“, - ამბობს ინფლუენსერი.

სოციალური ქსელებისგან დისტანცირების შემდეგ კი საკუთარ თავში ახალი იდეების გაჩენა დაიწყო და სამოსის შერჩევისას უკვე ნაკლებად ფიქრობდა იმაზე, რა არის მოდური ამ მომენტში.

რატომ გვიჭირს რილსებისგან თავის დაღწევა?

მოკლე ვიდეოები ისეა შექმნილი, რომ მომხმარებელი ერთი ვიდეოს შემდეგ მეორეზე გადავიდეს. თითოეული ახალი კადრი ახალ სტიმულს გვთავაზობს, რის გამოც „კიდევ ერთის ნახვა“ ძალიან მარტივად შეიძლება რამდენიმე საათიან სქროლვად გადაიქცეს.

ამიტომაც იონას ექსპერიმენტი მხოლოდ სოციალური ქსელებისგან დროებით გაქცევად არ იქცა - მან აღმოაჩინა, რამდენად ავტომატურად იყენებდა საკუთარ ტელეფონს.

მისი გამოცდილება კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: ჩვენ ვირჩევთ, რას ვუყუროთ, თუ ალგორითმი ირჩევს ჩვენთვის?

იონას TikTok-ვიდეომ უკვე 1,6 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა და ვირუსულად გავრცელდა. ახლა ინფლუენსერი იმედოვნებს, რომ მისი გამოცდილება სხვა ადამიანებსაც დააფიქრებს და შესაძლოა, საკუთარ თავზე მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებაც გადააწყვეტინოს.

შესაძლოა, ყველაზე რთული არა სოციალური ქსელების წაშლა, არამედ იმის აღმოჩენაა, თუ რამდენად გვენატრება ისინი

50 დღის შემდეგ იონასთვის მთავარი შედეგი მხოლოდ მეტი თავისუფალი დრო არ ყოფილა. მან აღმოაჩინა, რომ სოციალური ქსელების გარეშე ფიქრი, იდეების მოფიქრება, მუშაობა და საკუთარი სურვილების მოსმენა უფრო მარტივი გახდა.

და ალბათ ყველაზე საინტერესო კითხვაც სწორედ ეს არის: თუ 50 დღით რილსებს გავექცევით, რას აღმოვაჩენთ საკუთარ თავში?