LIFE

ვენეციის კინოფესტივალის 7 ფილმი, რომლებიც ამ შემოდგომაზე არ უნდა გამოტოვოთ

ვენეციის კინოფესტივალის 7 ფილმი, რომლებიც ამ შემოდგომაზე არ უნდა გამოტოვოთ

თრილერებიდან, რომლებიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება, იაპონურ დრამებამდე - ვენეციის 2026 წლის ფესტივალზე არაერთი ფილმი გამოჩნდა, რომლებმაც მაყურებლისა და კინოინდუსტრიის განსაკუთრებული ყურადღება უკვე მიიპყრო.

2 სექტემბერს ვენეციაში 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომელიც ტრადიციულად დაჯილდოების სეზონის ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. წელს „ოქროს ლომისთვის“ 21 ფილმი იბრძვის, კიდევ 19 ნამუშევარი კი კონკურსის მიღმა იქნება ნაჩვენები.

მათ შორის რამდენიმე ფილმი უკვე განსაკუთრებით განხილვადია. შევარჩიეთ 7 ყველაზე საინტერესო ფილმი, რომელთა ნახვაც ამ შემოდგომაზე ნამდვილად ღირს.

„მელანი“ (Ink)

რეჟისორი: დენი ბოილი
ჟანრი: ბიოგრაფიული, თრილერი
ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი
როლებში: გაი პირსი, ჯეკ ო'კონელი

დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პრემიერით - „მელანი“ ვენეციის ფესტივალის გახსნის ფილმიცაა და მთავარ კონკურსშიც მონაწილეობს.

„ტრენინგისა“ და „მილიონერ ღატაკთა უბნიდან“ ცნობილი დენი ბოილი ამჯერად ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun-ის, ჩამოყალიბების ისტორიას გვიყვება.

1960-იან წლებში მედიის მაგნატმა რუპერტ მერდოკმა წამგებიანი გაზეთი შეიძინა და მისი წარმატებულ გამოცემად ქცევა გადაწყვიტა. საბოლოოდ მან არა მხოლოდ კონკურენტ The Mirror-ს აჯობა, არამედ ხელი შეუწყო იმ ყვითელი პრესის ინდუსტრიის ჩამოყალიბებასაც, რომელსაც დღეს ვიცნობთ.

„პრაიმ-თაიმი“ (Prime Time)

რეჟისორი: ლენს ოპენჰაიმი
ჟანრი: ბიოგრაფიული, თრილერი
ქვეყანა: აშშ
როლებში: რობერტ პატინსონი, ფიბი ბრიჯერსი

ლენს ოპენჰაიმის სადებიუტო მხატვრული ფილმი კიდევ ერთი ნამუშევარია, რომელიც ჟურნალისტიკას ეხება - ამჯერად სატელევიზიო სამყაროს.

ფილმი რეალურ შოუს „დაიჭირე მტაცებელი“ (To Catch a Predator) ეფუძნება. 2000-იან წლებში NBC-ისთვის კრის ჰანსენის მიერ შექმნილ გადაცემაში ჟურნალისტი მოხალისეების გუნდთან ერთად ინტერნეტში სექსუალურ მტაცებლებს ეძებდა.

მონაწილეები დამნაშავეებს ბავშვების სახელით უკავშირდებოდნენ და შეხვედრაზე ეპატიჟებოდნენ, სადაც მათ უკვე გადამღები ჯგუფი ელოდებოდა. შოუ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ერთმა შემთხვევამ საბოლოოდ ჰანსენისა და თავად პროექტის ბედი შეცვალა.

Bucking Fastard

რეჟისორი: ვერნერ ჰერცოგი
ჟანრი: დრამა
ქვეყანა: აშშ
როლებში: რუნი და ქეით მარა, ორლანდო ბლუმი



რუნი და ქეით მარა პირველად გამოჩნდებიან ერთად ერთ ფილმში. სწორედ მათი მონაწილეობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერნერ ჰერცოგმა კანის კინოფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა - ორგანიზატორებს ფილმის საკონკურსო პროგრამაში ჩასმა არ სურდათ.

ვენეციაში კი ფილმი მთავარ კონკურსში მოხვდა და „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის.

ნამუშევარი რეალურ მოვლენებს ეფუძნება და ფრიდა და გრეტა ჩაპლინების ისტორიას მოგვითხრობს - დების, რომლებიც XX საუკუნეში სამედიცინო სენსაციად იქცნენ.

ისინი ტყუპები იყვნენ და გარეგნულად თითქმის იდენტურები, თუმცა მათი ისტორია ამით არ სრულდებოდა. დები თითქოს ერთ ორგანიზმად ცხოვრობდნენ: ყველაფერს სინქრონულად აკეთებდნენ, ერთდროულად საუბრობდნენ, ერთდროულად ავადდებოდნენ და ერთმანეთისგან განშორება არ შეეძლოთ. მოგვიანებით ორივეს ერთი ადამიანი შეუყვარდა.

„ველური ცხენი“ (Wild Horse)

რეჟისორი: მარტინ მაკდონა
ჟანრი: თრილერი, დრამა, კომედია
ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, აშშ
როლებში: სემ როკველი, სტივ ბუშემი

„ბრიუგეში დასაწოლად“ და „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისურის შტატში“ ავტორი მარტინ მაკდონა ვენეციის ფესტივალს კარგად იცნობს. 2026 წელს ის მესამედ იბრძვის მთავარი ჯილდოსთვის - ამჯერად ჩილეში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ კრიმინალური დრამით.

ფილმის სიუჟეტში CIA-ის აგენტები კრისი და ლი სააღდგომო კუნძულზე დავალების შესასრულებლად მიდიან. მათ ჯერ არ იციან, რომ ახალი მისია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული.

კრისი ადგილობრივ სტუდენტებს უახლოვდება, რომლებიც საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობენ. ამ ახალი ნაცნობობის ფონზე კი ორი აგენტის გეგმები და მისია საფრთხის წინაშე დგება.

„ბუნკერი“ (Bunker)

რეჟისორი: ფლორიან ზელერი
ჟანრი: თრილერი
ქვეყნები: საფრანგეთი, ესპანეთი
როლებში: პენელოპე კრუსი, ხავიერ ბარდემი

პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი, რომლებიც უკვე 16 წელია დაქორწინებულები არიან, ეკრანზე კიდევ ერთხელ ითამაშებენ წყვილს.

ფლორიან ზელერის ახალ თრილერში წარმატებულ არქიტექტორს ადგილობრივი მილიარდერი ბუნკერის აშენებას სთხოვს. ანაზღაურება დიდია, თუმცა არქიტექტორის მეუღლე ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს - მისი აზრით, მსოფლიო კატასტროფებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მხოლოდ მდიდრებს არ უნდა ჰქონდეთ.

ნელ-ნელა პროექტი ორივესთვის კოშმარად იქცევა: ურთიერთობა ინგრევა, მათი სახლის გარშემო კი თვალთვალი იწყება.

„უკან მოიხედე“ (Look Back)

რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა
ჟანრი: დრამა
ქვეყანა: იაპონია
როლებში: რე იკედა, მიო სასაკი

ჰიროკაძუ კორეედამ ფილმი ტაცუკი ფუძიმოტოს ამავე სახელწოდების მანგას მიხედვით გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი პოპულარული „ჩენსოუმენის“ შექმნითაც არის ცნობილი, „უკან მოიხედე“ სრულიად სხვა ტონალობის ისტორიაა.

ეს არის ემოციური და ტრაგიკული ამბავი ზრდაზე, კონკურენციაზე, ოცნებისა და მიზნისკენ სწრაფვასა და დანაკარგზე.

სიუჟეტის ცენტრში სკოლის მოსწავლე აიუმუა, რომელიც სკოლის გაზეთისთვის კომიქსებს ხატავს და საკუთარ ნიჭში დარწმუნებულია. თუმცა ერთ დღეს გაზეთში ფუჯინოს ნამუშევრებს აღმოაჩენს - გოგონას, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის და სოციალური შფოთვის გამო სახლიდან თითქმის არ გამოდის.

„ხორცის ეფექტი“ (The Flesh Effect)

რეჟისორი: მეგი ჯილენჰოლი
ჟანრი: დრამა, მოკლემეტრაჟიანი
ქვეყანა: აშშ
როლებში: დაკოტა ჯონსონი, ელენ ბერსტინი

ვენეციის წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი მეგი ჯილენჰოლის ფილმია, რომელიც კონკურსის მიღმა იქნება ნაჩვენები.

ჯილენჰოლი წელს ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია და ამავდროულად საკუთარ ფილმსაც წარადგენს. „ხორცის ეფექტი“ მერლინ მონროს კულტურულ იმიჯს იკვლევს.

ფილმი იმაზე გვაფიქრებს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მონროს ცხოვრება, მას რომ სიბერემდე ეცოცხლა და როგორ შეიცვლებოდა მისი ბედი.

ახალგაზრდა მონროს როლს დაკოტა ჯონსონი ასრულებს, ასაკოვან ვერსიას კი - ელენ ბერსტინი, რომელიც მერლინ მონროს სიცოცხლეში იცნობდა.