ხელოვნური ინტელექტი მარტოობას გვიმსუბუქებს თუ უფრო აღრმავებს? - ახალი კვლევის პასუხი
- 05.09.2026
„დღეს მთელი დღე რატომღაც შფოთვა მაქვს... უფროსმა მოკლედ მიპასუხა, შეხვედრამაც უშედეგოდ ჩაიარა, საქმეები დამიგროვდა და წინ დიდი პროექტი მელოდება. მირჩიე, რა გავაკეთო?“ - მსგავსი შეტყობინებები ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისთვის ყოველდღიურობად იქცა.
AI-სთან საუბარი ბევრისთვის უკვე ჩვეულებრივი გზაა, რომ ვინმეს მოუყვეს საკუთარი პრობლემები, მიიღოს რჩევა ან უბრალოდ თავი ნაკლებად მარტოსულად იგრძნოს. თუმცა ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთმა ურთიერთობამ პირიქით, მარტოობის განცდა შეიძლება გააძლიეროს.
AI-ს „მეგობრად“ უფრო ხშირად მაშინ აღიქვამენ, როცა რეალური ურთიერთობები აკლიათ
კვლევაში AI-ს მომხმარებლები შეისწავლეს - გამოიკითხა 1131 ადამიანი, მათგან 244-მა კი საკუთარი ჩატების სრულად გაანალიზების შესაძლებლობა მისცა მკვლევრებს.
საინტერესო აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 12%-ზე ნაკლები ამბობდა, რომ AI-ს ძირითადად საუბრისთვის იყენებდა. თუმცა ჩატების ანალიზმა სხვა სურათი აჩვენა: ნახევარზე მეტი AI-ს „მეგობარს“, „კომპანიონს“ ან რომანტიკულ პარტნიორსაც კი უწოდებდა, ხოლო შესწავლილი საუბრების 80%-ზე მეტი ემოციურ და სოციალურ მხარდაჭერას ეხებოდა.
ვის ემუქრება ყველაზე მეტად ეს პრობლემა?
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში სოციალური კავშირები ისედაც ცოტა ჰქონდათ და AI-სთან ურთიერთობის მთავარი მიზეზი სწორედ ადამიანური კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. მათთან ჩატბოტებთან ხშირი ურთიერთობა მარტოობის უფრო ძლიერ განცდას უკავშირდებოდა.
იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა მათთანაც, ვინც AI-ს საკუთარ პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციას ხშირად უზიარებდა.
რატომ არ გვაძლევს AI ყოველთვის იმ მხარდაჭერას, რასაც ველით?
მკვლევრების ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ემპათიის შეზღუდული უნარია - ჩატბოტს ყოველთვის არ შეუძლია ემოციური საუბრის სწორად აღქმა და შესაბამისი რეაქცია.
მეორე მხრივ, AI ძალიან კარგად ახერხებს საუბრის გაგრძელებას და მომხმარებლის ჩართულობას. შედეგად, შეიძლება დიდხანს ისაუბროთ, ბევრი რამ მოუყვეთ და ბოლოს მაინც ისეთი განცდა დაგრჩეთ, თითქოს ნამდვილი ემოციური მხარდაჭერა ვერ მიიღეთ.
ამიტომ მკვლევრები AI-სთან ასეთ კომუნიკაციას „სოციალურ წასახემსებელს“ ადარებენ - მან შეიძლება ცოტა ხნით შეამსუბუქოს მარტოობის განცდა, მაგრამ ხანგრძლივი ემოციური კეთილდღეობისთვის აუცილებელ რეალურ ადამიანურ კავშირებს ვერ ჩაანაცვლებს.
უფრო მეტიც, შესაძლოა შეიქმნას მანკიერი წრე: რაც უფრო მარტოსულია ადამიანი, მით მეტ დროს ატარებს AI-სთან, შესაბამისად კი ნაკლები დრო რჩება რეალურ ურთიერთობებზე - და საბოლოოდ მარტოობის განცდაც ძლიერდება.
თემები: რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია