ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის სახელით ვეღარ ისარგებლებენ - რისი უფლება აღარ აქვთ წყვილს
- 08.09.2026
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას მათი სტატუსის შესახებ არაერთი კითხვა მოჰყვა. ახლა კი, როგორც უცხოური მედია წერს, მეფე ჩარლზ III-მ ოფიციალურ პირებს წერილობით განუმარტა, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მონარქიას ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.
წერილი მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ბუკინგემის სასახლეს მათი სტატუსის შესახებ არაერთი კითხვა მიმართეს. დოკუმენტი 100-ზე მეტ მაღალჩინოსანს გადაეგზავნა.
წერილში აღნიშნულია, რომ ჰარისა და მეგანის ამჟამინდელ სტატუსში ცვლილება არ მომხდარა - მათი „სამეფო უმაღლესობის“ ტიტულები კვლავ შეჩერებულია და ისინი მას არ იყენებენ. ასევე, მათი საქველმოქმედო საქმიანობა პირად ინიციატივად მიიჩნევა და არა სამეფო ოჯახის ოფიციალურ საქმიანობად.

ეს ნიშნავს, რომ ჰარისა და მეგანს არ შეუძლიათ მონარქიის სახელით ოფიციალურად გამოსვლა ან სამეფო ოჯახის ფინანსური რესურსებით სარგებლობა. მათ ასევე არ აქვთ უფლება, სამეფო ტიტულები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ.
ცალკე საკითხია მათი უსაფრთხოება. ჰარი და მეგანი წლებია ცდილობენ, ბრიტანეთში სახელმწიფო დაფინანსებით დაცვა დაიბრუნონ. ჩარლზ III-ის წერილში განმარტებულია, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მეფე თავად არ იღებს - უსაფრთხოების საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა.
ჰარისა და მეგანის წარმომადგენლებს წერილზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
თემები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, მეგან მარკლი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია