LIFE

პრინცესა დიანას ტყუპი დისშვილები და მათი სიყვარულის ისტორიები - ელიზა სპენსერი ქორწინებაზე ალაპარაკდა

პრინცესა დიანას ტყუპი დისშვილები და მათი სიყვარულის ისტორიები - ელიზა სპენსერი ქორწინებაზე ალაპარაკდა

პრინცესა დიანას ტყუპი დისშვილები, ამელია და ელიზა სპენსერები, პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ. ამჯერად დები პარტნიორებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში HELLO!-ს ექსკლუზიურ ფოტოსესიაში გამოჩნდნენ და სიყვარულისა და ქორწინების შესახებაც ისაუბრეს.

ამელიას მეუღლე გრეგ მალეტია, რომელზეც მან 2023 წელს იქორწინა. წყვილმა ქორწილი სწორედ სამხრეთ აფრიკაში გადაიხადა და, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა კვლავ მყარია. ფოტოსესიის დროს გრეგი მეუღლეს სიყვარულით მოეფერა, ამელია კი მას „ანგელოზსაც“ უწოდებდა.

ელიზა კი თითქმის ათი წელია ჩენინგ მილერდთან არის ურთიერთობაში. ფოტოსესიის დროს მან ხუმრობით აღნიშნა, რომ პარტნიორთან ერთად გადაღებისას თავი ისე იგრძნო, თითქოს ქორწილისთვის ემზადებოდა. შემდეგ კი პირდაპირ თქვა: „ქორწინებაზე ნამდვილად გვილაპარაკია“.

ჩენინგი და გრეგიც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არ არიან - ისინი ერთად სწავლობდნენ და წლების განმავლობაში მეგობრობენ. გრეგის თქმით, მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მათ შორის სპორტი, თუმცა მათ ურთიერთობას განსაკუთრებით საერთო ღირებულებები აერთიანებთ - ერთგულება, ამბიცია, პატიოსნება და ოჯახისადმი ძლიერი დამოკიდებულება.

ამელია და ელიზა სამხრეთ აფრიკაში გაიზარდნენ და ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ. მათთან ერთად იქ ცხოვრობდნენ უფროსი და, მოდელი ლედი კიტი სპენსერი, უმცროსი ძმა ლუი, ვიკონტ ალთორპი და ნახევარძმა სამუელ აიტკენი. ამელიას თქმით, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება მათთვის ყოველთვის ერთგვარი ოჯახური გაერთიანებაა.

დღეს დები ლონდონში ცხოვრობენ და სამოდელო კარიერას აგრძელებენ. ორივე Storm Management-ის წარმომადგენელია და ხშირად ჩნდებიან მოდისა და მაღალი საზოგადოების ღონისძიებებზე. მათი თქმით, სტილის მხრივ ბევრი საერთო აქვთ და ჩაცმულობის შერჩევაც მათთვის მარტივია - ხშირად ერთნაირი გემოვნება აქვთ.

ამელია და ელიზა ყოველთვის განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ. ცოტა ხნის წინ მათ DNA ტესტი ჩაიტარეს და გაიგეს, რომ იდენტური ტყუპები არიან. ამელიას თქმით, ამ აღმოჩენამ მათ შორის კავშირის შეგრძნება კიდევ უფრო გააძლიერა - მათ ისედაც ხშირად ესმით ერთმანეთის უსიტყვოდ და ზოგჯერ ზუსტად იციან, რას ფიქრობს ან რას განიცდის მეორე.

ამელია და ელიზა ჩარლზ სპენსერისა და მისი ყოფილი მეუღლის, მოდელ ვიქტორია აიტკენის, ქალიშვილები არიან. მათი მამა კი პრინცესა დიანას უმცროსი ძმაა, რის გამოც დები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ცნობილი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენლები არიან.