LIFE

თუ მარტო ყოფნა გიყვართ, ეს შესაძლოა თქვენს ინტელექტზე მეტყველებდეს - ფსიქოლოგის განმარტება

თუ მარტო ყოფნა გიყვართ, ეს შესაძლოა თქვენს ინტელექტზე მეტყველებდეს - ფსიქოლოგის განმარტება

თუ თავისუფალ დღეს მეგობრებთან შეხვედრის ნაცვლად სახლში დარჩენა, ფილმის ყურება, სეირნობა ან უბრალოდ საკუთარ თავთან დროის გატარება გირჩევნიათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ გიყვართ.

ფსიქოლოგ რაკელ კორდობას თქმით, საკუთარი არჩევანით მარტო ყოფნასა და არასასურველ მარტოობას შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც ადამიანი მარტო ყოფნას თავად ირჩევს და ამ დროს თავს კომფორტულად გრძნობს, ეს შესაძლოა თვითრეგულაციისა და საკუთარ თავთან კარგი ურთიერთობის ნიშანი იყოს.

ფსიქოლოგის განმარტებით, ინტელექტი მხოლოდ IQ-ს არ ნიშნავს. მასში შედის ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია, შემოქმედებითობა, საკუთარ ემოციებზე ფიქრისა და საკუთარი თავისა და სხვების უკეთ გაგების უნარიც.

ამიტომ მარტო ყოფნის სიყვარული თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანი სხვებზე „ჭკვიანია“, თუმცა მდიდარი შინაგანი სამყარო და მაღალი გონებრივი დატვირთვა ადამიანს სიმშვიდისა და განმარტოების მოთხოვნილებას უჩენს.

ასეთ ადამიანებს ხშირად სიამოვნებთ კითხვა, სეირნობა, ბუნებაში ყოფნა, შემოქმედებითი საქმიანობა ან უბრალოდ მშვიდად დასვენება. განმარტოება მათთვის ერთგვარი „გადატვირთვის“ საშუალებაა.

ამასთან, მარტო ყოფნა იზოლაციას არ ნიშნავს. ფსიქოლოგის აზრით, ჯანსაღი მდგომარეობა მაშინ მიიღწევა, როდესაც ადამიანს შეუძლია თავი კარგად იგრძნოს როგორც სხვებთან ურთიერთობისას, ისე საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროს.

საინტერესოა ისიც, რომ საპირისპირო ქცევას - მუდმივად ადამიანებთან ყოფნისა და საკუთარი თავისთვის თავისუფალი დროის არქონის სურვილს - ზოგჯერ სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება უბრალოდ ექსტრავერტული ხასიათი იყოს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი მუდმივი აქტიურობითა და ურთიერთობებით საკუთარი ფიქრებისა და ემოციებისგან გაქცევას ცდილობს.

ექსპერტის თქმით, საკუთარი თავის უკეთ გაცნობა ადამიანს მარტო ყოფნის კომფორტულად აღქმაშიც ეხმარება. ამის სწავლა კი შესაძლებელია - მაგალითად, თავიდან დღეში მხოლოდ 20-30 წუთი დაუთმეთ საკუთარ თავს, ტელეფონის გარეშე, და ეს დრო სასიამოვნო საქმიანობას დაუკავშირეთ.

მთავარი კი ისაა, რომ მარტო ყოფნა და მარტოობა ერთი და იგივე არ არის. თუ საკუთარ თავთან დროის გატარება სიამოვნებას განიჭებთ, ეს შესაძლოა სწორედ იმაზე მიუთითებდეს, რომ საკუთარ ემოციებსა და საჭიროებებთან კარგი კავშირი გაქვთ.