მოეჭიდეთ ფერად ბუშტებს და გაფრინდით - ირაკლი კუნჭულიას პერსონალური გამოფენა
- 12.03.2017
ყველას, ვისაც ოდესმე ჰელიუმის ბუშტებთან ერთად სიმაღლეების დაპყრობაზე გიოცნებიათ ან ოცნებობთ, გალერეა iArt, 14 მარტს, 19:00 საათზე მხატვარ ირაკლი კუნჭულიას გამოფენაზე გეპატიჟებათ.
გალერეაში iArt მხატვარი ირაკლი კუნჭულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს გამოფენს და გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მხატვრის მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის მრავლად შეხვდებით ფერადი ბუშტების თემატიკას, რაც გამოარჩევს მისი ნახატების ამ ახალ სერიასაც. ირაკლი კუნჭულიას მიერ შექმნილი პერსონაჟები რეალურ და არარეალურ სამყაროში სწორედ ფერად ბუშტებთან ერთად მოგზაურობენ.
ირაკლი კუნჭულია ი. ნიკოლაძის სახელობის სამხტვრო ტექნიკური კოლეჯსა ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ეუფლებოდა სამხატვრო ტექნიკას. TREND. მხატვარს აბო თბილელის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში ესტუმრა, სადაც ირაკლი კუნჭულიამ გამოფენისა და სამუშაო ყოველდღიურობის შესახებ ისაუბრა. სამხატვრო სახელოსნო Art Studio მხატვრების ირაკლი კუნჭულიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას საერთო სამუშაო სივრცეა. სწორედ ამ სახელოსნოში დაგვხვდა მხატვრის მიერ შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა ნახვაც ნებისმიერ მსურველს 14 მარტს გამოფენაზე შეეძლება.
როგორც მხატვარი ირაკლი კუნჭულია ამბობს, მას არ სჭირდება წინასწარ მომზადებული იდეა იმისთვის, რომ ახალი ამბავი შექმნას. მას ფორმები, ფერები, ემოციები მიანიჭოს და ტილოზე გადაიტანოს. მისი თქმით, გარემო, მუსიკა, საღებავები, თავად ქმნიან ფორმებს, რომლებსაც მხატვრის ფუნჯი თანმიმდევრულად, ზოგჯერ არათანმიმდევრულადაც მიჰყვება და იქმნება ის, რაც მხატვრის შემოქმედებას შეადგენს. TREND. გარწმუნებთ, სრულიად ობიექტურად, რომ ძველი თბილისის ძველ ქუჩაზე მდებარე პატარა სახელოსნოში შექმნილი ეს ფერადი ამბები, აუცილებლად შეგიყვარდებათ.
ირაკლი კუნჭულია ის მხატვარია, რომელიც ზამთარსაც თბილად ხატავს. ბუნებრივია, ეს ინდივიდუალური, სუბიექტური ხედვა და დამოკიდებულებაა, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით რამდენიმე ტილოს, რომელიც ზამთრის პეიზაჟის თემატიკაზეა შექმნილი და რომლის ნახვის საშუალებაც გამოფენაზეც გექნებათ, მიხვდებით, რომ არც ბოლომდე სუბიექტური შეიძლება იყოს მათი აღქმა.
რაც შეეხება ფერადი ბუშტების სერიას, რომლებზეც ასახული წითელთმიანი პატარა ქალბატონები ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, საკმაოდ ლამაზ რეალობასა თუ აბსტრაქციაში ცხოვრობენ, მხატვარმა ერთ-ერთი თავისივე ტილოს შთაგონებით შექმნა. ირაკლი კუნჭულიას მიერ შექმნილი ნამუშევრები პოზიტიურად დინამიკურია. პეიზაჟებიც კი, რომლებიც მხატვრის მიერ ძველი თბილისის თემატიკაზე, აბსტრაქტულ ჟანრშია შესრულებული, მოძრავი და ხმაურიანია. მხატვრის მიერ შექმნილ თითქმის ყველა ნამუშევარში იგრძნობა მის მიერ სამყაროს აღქმა და რეალობის მძაფრი, განსხვავებული, ემოციური შეგრძნება.
ირაკლი კუნჭულიას პირველი გამოფენა 2003 წელს „ძველ გალერეაში“ შედგა. მას შემდეგ, მხატვარმა არა ერთი გამოფენა გააკეთა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთაც.
მისი ნამუშევრები დაცულია აზერბაიჯანის, პოლნეთის, უკრაინის, რუსეთის, გერმანიის, ბელგიის, ინგლისისა და აშშ-ს კერძო კოლექციებში.
როგორც მხატვარი ჩვენთან საუბარში განმარტავს, მისთვის ხატვა საქმეა, რომელიც უყვარს და რომლისგანაც დასვენება არ სჭირდება. იგი ხატავს ყოველდღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. ფუნჯს განსაკუთრებული, წინასწარ განუსაზღვრელი მიმართულებების გარეშე იყენებს და მუშაობის პროცესში გამოკვეთილ ბილიკებს მიჰყვება.
დანარჩენს მხატვარზე, ყველაფერს, მხატვრისვე შექმნილი ტილოები ამბობენ. ამიტომაც, 14 მარტს, აუცილებლად ესტუმრეთ გალერეა iArt-ს, გაიცანით მხატვარი მისი ნატურმორტები, პეიზაჟები, თბილი ზამთრები და რაც მთავარია, მისი წითელთმიანი პერსონაჟები, მოეჭიდეთ ჰელიუმის ფერად ბუშტებს და გაფრინდით.
და გახსოვდეთ, მხატვრები სულაც არ არიან უცნაური ადამიანები. ისინი ყველაზე საინტერესო ამბებს ქმნიან!
თემები: iArt, გალერეა, გამოფენა, პერსონალური გამოფენა, ირაკლი კუნჭულია, მხატვარი
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია