რატომ ირთულებენ ადამიანები ცხოვრებას მაშინ, როცა ყველაფრის გამარტივება შეუძლიათ - ახალი ტრენდი, რომელიც ბევრს დააფიქრებს
- 17.10.2026
ტექნოლოგიები ყველაფერს გვიმარტივებს, საჭმლის შეკვეთიდან დაწყებული, ტექსტების დაწერით დასრულებული. მაგრამ რატომ ირჩევენ ადამიანები სულ უფრო ხშირად იმას, რაც მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს?
ზოგი ტაქსის ნაცვლად ფეხით მიდის, ზოგი ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს და ტექსტებს თავად კითხულობს, ზოგი კი ყავას საკუთარი ხელით ამზადებს.
ამ ტენდენციას Friction-Maxxing ეწოდება და მისი იდეა მარტივია: ზოგჯერ ზედმეტად მარტივი ცხოვრება სიამოვნებას გვაკარგვინებს.
როცა კომფორტი მოსაწყენი ხდება
დღეს თითქმის ყველაფრის გაკეთება რამდენიმე წამში შეიძლება. ხელოვნური ინტელექტი ტექსტს გვიწერს, აპლიკაცია საჭმელს კართან გვაწვდის, ნავიგაცია კი გზას გვიჩვენებს ისე, რომ ორიენტირებაც აღარ გვჭირდება.
მაგრამ ამ კომფორტს მოულოდნელი მეორე მხარე აქვს: როცა ყველაფერს სწრაფად და ძალისხმევის გარეშე ვიღებთ, თავად პროცესში მონაწილეობის განცდა შეიძლება დავკარგოთ.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას Friction-Maxxing - ტენდენცია, რომლის მიმდევრებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგნებულად ირჩევენ მეტ ძალისხმევას და ნაკლებ ავტომატიზაციას.
რატომ გვანიჭებს სიამოვნებას შრომა?
ე.წ. „აიკეას ეფექტი“ - ფსიქოლოგიური ფენომენი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ხშირად უფრო მეტად აფასებენ ნივთებს, რომლებიც თავად ააწყეს ან შექმნეს.
მსგავსი რამ სხვა საქმიანობაშიც ხდება: როცა დროსა და ენერგიას რაღაცას ვუთმობთ, შედეგიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენთვის.
ფსიქოლოგ მიჰაი ჩიქსენთმიჰაის ნაკადის თეორიის მიხედვით, განსაკუთრებული კმაყოფილება შეიძლება მაშინ განვიცადოთ, როცა რთულ, მაგრამ დაძლევად ამოცანას ვუმკლავდებით.
რას აკეთებენ ადამიანები სხვანაირად?
Friction-Maxxing მხოლოდ თეორია არ არის - ის ყოველდღიურ ჩვევებშიც ვლინდება:
-
ხელოვნური ინტელექტის ნაცვლად - საკუთარი გონება: მზა შეჯამების წაკითხვის ნაცვლად, ადამიანი სრულ ტექსტს თავად ეცნობა.
-
მესიჯის ნაცვლად - ზარი: მეგობარს ემოჯის გაგზავნის ნაცვლად ურეკავს ან პირადად ხვდება.
-
ტაქსის ნაცვლად - ფეხით სიარული: დანიშნულების ადგილამდე ფეხით მიდის, ზოგჯერ უცნობ ქუჩებსაც ირჩევს.
-
მზა პროდუქტის ნაცვლად - საკუთარი ხელით მომზადება: ყავას თავად ამზადებს ან სადილს ნედლი პროდუქტებისგან ამზადებს.
-
ფონური მუსიკის ნაცვლად - სრული ალბომი: სიმღერებს ყოველ რამდენიმე წამში არ ცვლის და მუსიკას თავიდან ბოლომდე უსმენს.
ამ ჩვევების მთავარი მიზანი ცხოვრების განზრახ გართულება კი არა, პროცესში უფრო აქტიური მონაწილეობაა.
რატომ გვაღიზიანებს ყველაფერი, რაც სწრაფად არ ხდება?
როცა მყისიერ შედეგებს ვეჩვევით, მცირე შეფერხებაც კი შეიძლება გამაღიზიანებელი გახდეს. აპლიკაციის გაჭედვა, დაგვიანებული კურიერი ან მოულოდნელი ცვლილება ზოგჯერ იმაზე მეტ სტრესს იწვევს, ვიდრე რეალურად იმსახურებს.

Friction-Maxxing-ის იდეა სწორედ მცირე სირთულეებთან შეგუებასა და გაურკვევლობის ატანასაც გულისხმობს. ცხოვრება ყოველთვის სწრაფი, გამართული და პროგნოზირებადი ვერ იქნება.
ეს არ ნიშნავს, რომ სარეცხ მანქანაზე ან სხვა სასარგებლო ტექნოლოგიებზე უარი უნდა ვთქვათ. იდეა ისაა, რომ ყველაფრის გამარტივების სურვილმა არ წაგვართვას ის გამოცდილება, რომელსაც ძალისხმევა, ფიქრი, ურთიერთობა და საკუთარი ხელით რაღაცის შექმნა გვაძლევს.
ზოგჯერ სასიამოვნო მხოლოდ შედეგი კი არა, ის გზაც არის, რომელიც მის მისაღწევად გავიარეთ.
თემები: რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია