LIFE

მაიკლ დუგლასის მემუარები: ღალატი, პრინცესა დაიანასთან შეხვედრა და შერონ სტოუნთან დაკავშირებული ჭორები

მაიკლ დუგლასის მემუარები: ღალატი, პრინცესა დაიანასთან შეხვედრა და შერონ სტოუნთან დაკავშირებული ჭორები

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს, მაიკლ დუგლასს, პირადი ცხოვრების შესახებ წლების განმავლობაში უამრავი ჭორი ახლდა.

ახლა მსახიობმა მემუარებში „ჯანდაბა, რა კარგი მოგზაურობა იყო“ თავისი ცხოვრების პირად ეპიზოდებზე ისაუბრა - ყოფილ ურთიერთობებზე, ღალატზე, პრინცესა დაიანასთან შეხვედრასა და იმ მსახიობებზე, რომლებთანაც რომანს მიაწერდნენ.

პირველი დიდი სიყვარული და გულისტკივილი

მაიკლ დუგლასი კირკ დუგლასისა და დაიანა დილის შვილია. მსახიობი იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში მამამ მას ფული მისცა და დამოუკიდებლად კარიერის შექმნისკენ უბიძგა.
ერთ-ერთი გადაღების დროს მაიკლი მსახიობ ბრენდა ვაკაროს შეხვდა.

მათ შორის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და რამდენიმე თვეში არაოფიციალურად იქორწინეს.



დუგლასის თქმით, ბრენდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, თუმცა ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ გაიგო, რომ საყვარელმა ქალმა უღალატა. მისი ახალი პარტნიორი მათი საერთო ნაცნობი, დონ სტრაუდი აღმოჩნდა.

ამ გამოცდილებამ, როგორც მსახიობი იხსენებს, მის დამოკიდებულებაზე იმოქმედა - გადაწყვიტა, რომ მომავალში თავად ყოფილიყო პირველი, ვინც ურთიერთობას უღალატებდა.

პირველი ქორწინება და რომანები

ბრენდა ვაკაროსთან დაშორებიდან მალევე დუგლასმა სტუდენტი დიანდრა ლუკერი გაიცნო. ისინი რამდენიმე კვირაში დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი ვაჟი, კამერონი შეეძინათ.

თუმცა ქორწინება რთული აღმოჩნდა. გამოცემის ცნობით, დუგლასს სხვა ქალებთან ურთიერთობები ჰქონდა, მეუღლე კი იმავეთი პასუხობდა. მათ შორის უთანხმოებას ცხოვრების განსხვავებული ხედვებიც ამწვავებდა: დიანდრას ნიუ-იორკში ცხოვრება სურდა, მაიკლი კი ჰოლივუდში კარიერის განვითარებას ცდილობდა.
1984 წელს ფილმ „რომანი ქვასთან“ მუშაობისას მსახიობი სცენარისტ დაიანა თომასს დაუახლოვდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა.



ერთი წლის შემდეგ თომასი ავტოკატასტროფაში დაიღუპა - ის პორშე კარერას მართავდა, რომელიც დუგლასმა აჩუქა.

საიდუმლო ურთიერთობა კეტლინ ტერნერთან

იმავე ფილმის გადაღებების პერიოდში დუგლასს მთავარ როლში მონაწილე კეტლინ ტერნერთანაც აკავშირებდნენ.

გამოცემის თანახმად, მსახიობები ურთიერთობას მალავდნენ, რადგან მაიკლი ჯერ კიდევ დიანდრაზე იყო დაქორწინებული და სკანდალის თავიდან აცილება სურდათ.



დუგლასმა ამ ამბის შესახებ თავად ტერნერის თანხმობით ისაუბრა. მსახიობმა ჟურნალ People-თან აღნიშნა, რომ მაიკლს კვლავ უყვარს და მისი წიგნის წაკითხვას მოუთმენლად ელოდება.

შეხვედრა პრინცესა დაიანასთან

მემუარებში დუგლასი იხსენებს პრინცესა დაიანასთან შეხვედრას 1988 წელს, ფილმ „უოლ-სტრიტის“ პრემიერაზე. ისინი კინოდარბაზში გვერდიგვერდ ისხდნენ.

მსახიობის თქმით, შეხვედრამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

დუგლასი წერს, რომ მათი ხელები ზოგჯერ საერთო სავარძლის სახელურზე ერთმანეთს ეხებოდა. მისივე სიტყვებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს დარბაზში მხოლოდ ისინი ორნი იყვნენ.



მათი ურთიერთობა მეგობრობაშიც არ გადაზრდილა, თუმცა ეს შეხვედრა მსახიობს წლების შემდეგაც ახსოვდა.

დუგლასის თქმით, მას პრინცესა ებრალებოდა, რადგან გრძნობდა, რამდენად უბედური იყო ჩარლზთან დანგრევის პირას მისული ქორწინების გამო.

შერონ სტოუნთან რომანი - სიმართლე თუ ჭორი?

ფილმ „ძირითად ინსტინქტში“ მაიკლ დუგლასისა და შერონ სტოუნის ეკრანულმა ქიმიამ მაყურებელში მათი შესაძლო რომანის შესახებ კითხვები გააჩინა. თუმცა დუგლასი ამტკიცებს, რომ კოლეგასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.



გამოცემის ცნობით, მსახიობს იმავე გადაღებების პერიოდში ჯინ ტრიპლჰორნთან ჰქონდა ურთიერთობა.

ის დუგლასზე 20 წლით უმცროსი იყო და თავდაპირველად დაქორწინებულ კაცთან ურთიერთობა არ სურდა.

დუგლასმა, როგორც გამოცემა წერს, დაარწმუნა, რომ დიანდრასთან მისი კავშირი ფაქტობრივად დასრულებული იყო.

მათ ურთიერთობის დამალვა უწევდათ, რათა დუგლასის ვაჟს, კამერონს, ამ ამბის შესახებ პრესიდან არ გაეგო. წყვილი ძირითადად ნაქირავებ ბინაში ატარებდა დროს.

კეტრინ ზეტა-ჯონსი - ცხოვრების სიყვარული

1998 წელს დუგლასმა ფილმ „ზოროს ნიღაბში“ კეტრინ ზეტა-ჯონსი ნახა და მსახიობის თქმით, მაშინვე მოიხიბლა. ისინი კინოფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს. კეტრინი მასზე 25 წლით უმცროსი იყო, თუმცა ამან დუგლასს მისთვის თავის მოწონებაში ხელი არ შეუშალა.

გამოცემის თანახმად, კეტრინმა მას პირობა წაუყენა: ან მხოლოდ მასთან ექნებოდა ურთიერთობა, ან წყვილს მომავალი არ ექნებოდა. დუგლასმა ხუთ ქალს დაურეკა, რომლებთანაც იმ პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა, და დაშორების შესახებ აცნობა.

2000 წელს მსახიობი დიანდრა ლუკერს დაშორდა და კეტრინ ზეტა-ჯონსზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა - ვაჟი დილანი და ქალიშვილი კერისი.



მემუარებში დუგლასი კეტრინს თავისი ცხოვრების სიყვარულად მოიხსენიებს. მათი ქორწინება უკვე 26 წელს ითვლის.

მსახიობის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, ისინი კვლავ ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ და ერთმანეთის გვერდით ყოფნით სიამოვნებას იღებენ.