როდესაც უცხო ადამიანს გავიცნობთ ხოლმე, განსაკუთრებით რომანტიკულ გარემოში, შესაძლოა, სიმპათიებიც გაგვიჩნდეს მის მიმართ. ხშირად მომენტალურად ვხვდებით, მოგვწონს თუ არა მამაკაცი, რომელიც ახლახან გავიცანით. თუმცა, როგორ უნდა მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა მასაც?
ადამიანების საქციელი ზოგჯერ სიტყვებზე მეტყველია და არსებობს რამდენიმე ისეთი ქცევაც, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია, მივხვდეთ, აქვს თუ არა სიმპათია ახალგაცნობილ მამაკაცს ჩვენ მიმართ. თუ მამაკაცი, რომელიც მოგწონთ:
1. ამყარებს თვალით კონტაქტს
თუ თვალით კონტაქტი ორმხრივია, ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთი მოგწონთ. ადამიანები, ძირითადად გაურბიან იმათთან თვალით კონტაქტს, ვინც არ ესიმპათიურებათ. ამაზე პასუხისმგებელია ნეიროქიმიური ნივთიერება, ოქსიტოცინი, რომლის შემცველობაც ორგანიზმში მაშინ იზრდება, როცა ადამიანებს ემოციური სიმპათიები უჩნდებათ. ოქსიტოცინის მაღალი შემცველობა კი თვალით კონტაქტს განაპირობებს და წარმოქმნის დადებით შეგრძნებებს, ორმხრივ მიზიდულობას.
არსებობს თითქმის შეუმჩნეველი ზღვარი თვალით კონტაქტსა და ღელვას შორის, რაც უხერხულობას წარმოქმნის. მაგალითად, ორმხრივი თვალით კონტაქტისას თქვენ უხეშად აბრუნებთ თავს და უპასუხოდ ტოვებთ თქვენი სიმპათიის ობიექტის მზერას. სწორედ ამიტომ ის მამაკაცი, რომლის მზერასაც უპასუხოდ ტოვებთ, ფიქრობს, რომ მისი სიმპათია ცალმხრივია. ამიტომ, თუ ისეთი მამაკაცი შეეცდება თვალით კონტაქტის დამყარებას, რომელიც მოგწონთ, თავი არ შეაბრუნოთ და მზერა გაუსწორეთ.
2. მსუბუქად გეხებათ
რომანტიკული ურთიერთობების დასაწყისში ქალები მსუბუქად ეხებიან იმ მამაკაცის მკლავს, რომელსაც ესაუბრებიან და ამავდროულად მოსწონთ კიდეც. როგორც წესი, ეს შეხება სექსუალურ გამოწვევად არ ითვლება. ეს მხოლოდ მცირე ნიშანია იმისა, რომ ქალს მოსწონს მამაკაცი. მამაკაცები კი რადიკალურად განსხვავებულად გამოხატავენ თავიანთ სიმპათიებს. მაგალითად, ხელის ჩამორთმევით, მხარზე მსუბუქი შეხებით და ა.შ. ძირითადად, ისინი სხეულით თამაშს ამჯობინებენ და ამისთვის განსაკუთრებულად წესრიგდებიან. ხშირად მამაკაცები მსუბუქად ეხებიან თავიანთ ტანისამოსსაც, ისწორებენ ჰალსტუხსა და პიჯაკს, რაც ნიშნავს, რომ ღელავენ. ღელვა კი ხშირად სიმპათიებთან არის დაკავშირებული. ზოგადად შეხება ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია, მოსწონხართ თუ არ მოსწონხართ ვინმეს. ქცევებზე დაკვირვებით, მსგავსი დამოკიდებულებები ყველაზე კარგად იკვეთება.
3. შინაგან განწყობას არ მალავს
ადამიანთან საუბრისას, იმის გასარკვევად, მოსწონხართ თუ არა მას, სხეულის ორიენტაცია მნიშვნელოვანი ნიშანი შეიძლება იყოს. ადამიანები ყოველთვის იჭერენ დისტანციას მათთან საუბრისა და კომუნიკაციის მომენტში, ვინც არ მოსწონთ და პირიქით. მათ სიახლოვეს, თავისა და მხრების მოძრაობას, ძალიან ხშირად სწორედ შინაგანი განწყობა განაპირობებს.
4. თქვენსავით იქცევა
ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი მოსწონთ, ხშირად მსგავსი ქცევები ახასიათებთ. შედეგად შესაძლოა, დამყარდეს ურთიერთგაგება ან მინიმუმ იმის გარკვევა მოახერხოთ, შეგეფერებათ თუ არა ეს პიროვნება ან მოსწონხართ თუ არა მას. ადამიანები ერთმანეთს გაუცნობიერებელ მინიშნებებს აძლევენ, ამიტომ, როცა ვინმეს ხვდებით, დააკვირდით პარტნიორის ქცევასა და მოძრაობებს და შეეცადეთ, თქვენც მასავით მოიქცეთ. ცოტა ხნის შემდეგ კი ეცადეთ, სტრატეგია შეცვალოთ და დააკვირდით, გაიმეორებს თუ არა ის თქვენს ქცევას. თუ ასე მოხდა, გამოდის, მასაც მოსწონხართ.
5. დაბრკოლებებს გაურბის ან ქმნის
როცა ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, სურთ, ყველა დაბრკოლება გადალახონ. ხოლო როცა ვიღაც არ მოსწონთ, ბარიერებს აღმართავენ მასთან. ბარიერებად კი შეიძლება ნებისმიერი რამ გამოიყენონ: ჩანთა, გაზეთი, ჟურნალი, ბალიში და მსგავსი ნივთები. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბარიერების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ადამიანს არ მოსწონხართ, ეს შეიძლება მხოლოდ იმაზე მიანიშნებდეს, რომ თქვენ შორის ურთიერთგაგება ჯერ არ დამყარებულა.
არავერბალურ ქცევებზე დაკვირვებით, თქვენ, ასევე, აკვირდებით ურთიერთგაგების პროცესს და უკეთ შეგიძლიათ, გააცნობიეროთ, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ის, ვისაც მოსწონხართ. არავერბალური ქცევა საშუალებასაც გაძლევთ, კომუნიკაცია დაამყაროთ იმასთან, ვინც მოგწონთ და განაგრძოთ ურთიერთობა მასთან სასურველ გარემოში.
თემები: სიყვარული, ქცევები, ურთიერთობა, წყვილი
წყარო: <a href="https://www.psychologytoday.com/blog/let-their-words-do-the-talking/201607/how-do-you-know?utm_source=FacebookPost&utm_medium=FBPost&utm_campaign=FBPost" target="_blank">www.psychologytoday.com</a>