ქალებო, თუ გსაყვედურობენ იმის გამო, რომ დაქალებთან ერთად დიდ დროს ატარებთ, აღარ იდარდოთ, რადგანაც დღეიდან შესანიშნავი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ საუკეთესო ქალ მეგობრებთან ერთად დროის გატარება „გაამართლოთ“.

ახალი კვლევის თანახმად, ქალის ჯანმრთელობისთვის, კვირაში მინიმუმ ორჯერ, ქალ მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათ გვერდით დროის გატარება აუცილებელია.

გიყვართ საუკეთესო მეგობრებთან ერთად დროის გატარება? - თუმცა რა კითხვაა, ვის არ უყვარს?! მათთან ერთად შეგიძლიათ უფრო მეტი დრო გაატაროთ, მით უფრო, რომ როგორც მკვლევარები წერენ, ეს აუმჯობესებს ჯანმრთელობას და გაცილებით უფრო ბედნიერს გხდით.

კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს. კვლევის მიხედვით, ქალისთვის უმნიშვნელოვანესია თავისუფლების შეგრძნება და თავისუფლების განცდას ყველაზე მეტად დაქალების გვერდით ყოფნა ანიჭებს.

„იმისთვის, რომ ქალმა თავისუფლება სრულად შეიგრძნოს, კვირაში ორჯერ მაინც უნდა წავიდეს ქალ მეგობრებთან ერთად სადმე“, - აღნიშნულია კვლევის დასკვნაში.

ფსიქოლოგი, კვლევის ხელმძღვანელი, რობინ დუნბარი “The Vancouver Sun”-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა და კეთილდღეობის შეგრძნება უმჯობესდება ყველაზე მეტად მაშინ, როცა ოთხი ქალი მეგობარი კვირის განმავლობაში ერთად ორჯერ მაინც იკრიბება და სხვადასხვა საქმეებით კავდება. მაგალითად, ლუდის მირთმევით, ჭორაობით, სხვადასხვა საკითხებზე აზრების გაზიარებით, საყიდლებზე სიარულით. ამ აქტივობებით ისინი, გარკვეულწილად, სოციალიზაციას ახდენენ.

ასეთი შეკრებები, როგორც აღვნიშნეთ, აუმჯობესებს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს შფოთვის ხარისხს და საერთო ჯამში, ქალს თავს ბედნიერად აგრძნობინებს.

ასე რომ, გირჩევთ, ახლავე დაგეგმოთ, როგორ გაატაროთ საღამო დაქალებთან ერთად. ისიამოვნოთ, გაერთოთ, მისცეთ საკუთარ თავს ბედნიერების საშუალება. მეცნიერები კი გვპირდებიან, რომ თუ ასე მოვიქცევით, უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.