ყველა ადამიანს ბედნიერების შესახებ საკუთარი შეხედულება აქვს. ბედნიერების ცნება სხვადასხვაგვარად გვესმის. ზოგიერთ ქვეყანაში ბედნიერების მინისტრებიც კი ჰყავთ, რომელთა საქმეც ადამიანების დარწმუნებაა იმაში, რომ ცხოვრებით ისიამოვნონ. ზოგიერთ ქვეყანას კი, ბედნიერების ეროვნული კონცეპტი აქვს შემუშავებული, რომელიც ადამიანებს სთავაზობს მზა რეცეპტს იმისას, თუ როგორ მოიშორონ სტრესი და ისიამოვნონ ცხოვრებით.

ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნების ბედნიერების ყველაზე საინტერესო ფილოსოფია და რეცეპტები. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მკითხველი ამ სტატიაში ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს.

1. ფინეთი - „კალსარიკანი“

„კალსარიკანი“ - ეს რთულად წარმოსათქმელი სიტყვა რომ ვთარგმნოთ, მსგავსი შინაარსის ტექსტს მივიღებთ: „სახლში კომფორტულად, პიჟამათი, ან მხოლოდ თეთრეულით ყოფნა და ალკოჰოლის მირთმევა“. სხვა სკანდინავიური ქვეყნების ბედნიერების რეცეპტებისგან განსხვავებით, „კალსარიკანი“ არ გეუბნებათ, რომ აუცილებლად ლამაზი ოთახი უნდა გქონდეთ, სრული კომფორტითა და ბუხრით. ის უფრო ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან.


ბედნიერების ამ რეცეპტის მიხედვით, საღამოს, როცა სახლში მიხვალთ, უნდა ჩაიცვათ ის სამოსი, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ. მაგალითად, პიჟამა თბილ წინდებთან ერთად საუკეთესო არჩევანია. გახსენით ღვინის ბოთლი და დალიეთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. მიირთვით შოკოლადის ფილები, ან რაიმე ისეთი, რასაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ საკვებთან, მაგრამ ძალიან გემრიელია და ძალიან გიყვართ. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და უყურეთ ფილმს საყვარელ ცხოველებზე. ამ მეთოდს საოცარი ძალა აქვს. ადამიანს განტვირთვაში ეხმარება და ბედნიერების განცდას ამძაფრებს.

2. იაპონია - „შინრინ იოკუ“

„შინრინ იოკუ“ ასე ითარგმნება - „ტყის სუნთქვა“. ამ თერაპიის მთავარი მოძღვრება ის არის, რომ ბუნებაში უნდა ისიამოვნოთ და სიმშვიდის პოვნა სწორედ ბუნების წიაღში უნდა სცადოთ. ეს უნიკალური მეთოდია, რომელიც დეპრესიის დამარცხებაში გეხმარებათ და სტერსს ყოველგვარი აბებისა და ფსიქოლოგების ჩარევის გარეშე დაგაძლევინებთ. „ტყის თერაპია“ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ძალიან პოპულარულია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანში აგრესიის ხარისხს ამცირებს, ასევე აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

„შინრინ იოკუს“ ბედნიერების რეცეპტი ასეთია - წადით ტყეში, იპოვეთ წყნარი ადგილი. მიმოიხედეთ, დატკბით სიმწვანით, ისუნთქეთ ღრმად, მოუსმინეთ ბუნების ხმას, შეიგრძენით სუფთა ჰაერის გემო. შემდეგ დახუჭეთ თვალები და იგრძენით ჰარმონია და სიმშვიდე. შეგიძლიათ გააკეთოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მაგ: დახატეთ, წაიკითხეთ რაიმე, დაკავდით მედიტაციით, ან ისეირნეთ.

3. იაპონია -„იკიგაი“

„იკიგაი“ ასე ითარგმნება - „ცხოვრების მნიშვნელობა“, მაგრამ მას მეორე თაგრმანიც აქვს, რომელიც ასეთი შინაარსისაა: „ის რაც დილით ადრე ადგომას განდომებს“. ეს შეიძლება იყოს ყავის სურნელი, ან სამსახურში მისვლის აუცილებლობა, ან ის, რომ საყვარელ ცხოველს მოშივდა და უნდა აჭამოთ.


„იკიგაის“ ბედნიერების რეცეპტი ასეთია - დაიწყეთ დილა საყვარელი საჭმლის მირთმევით. შედეგად,მთელი დღე კარგ ხასიათზე იქნებით. დღის განმავლობაში ერთი საათი მაინც დაუთმეთ საყვარელ საქმეს. მიეცით შინაგან ბავშვს მოქმედების საშუალება და იყავით მამაცები. არ ატკინოთ გული სხვებს, რადგანაც ვერ იპოვით ბედნიერებას, თუ სხვებს გულს ატკენთ. იყავით ბედნიერი როცა, შესაძლოა, უმნიშვნელო, მაგრამ კარგი ამბები ხდება. ისწავლეთ დეტალებით გახარება.

4. დანია - Lykke

Lykke - ეს დანიური სიტყვაა, რომელიც ბედნიერებას ნიშნავს და მისი კონცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი უნდა იმხიარულოთ და სხვები გაახაროთ. Lykke-ს რეცეპტი ასეთია - ყოველთვის არის რაღაც სასიამოვნო, რისი გაკეთებაც ახლა, ამ წამს შეგიძლიათ.

მაგალითად, წადით მეზობელთან და მიუტანეთ მას რაიმე გემრიელი, ან უთხარით რაიმე სასიამოვნო თქვენს ახლობლებს. შეგიძლიათ გაუღიმოთ ქუჩაში სრულიად უცნობ ადამიანებს. სცადეთ შეიცვალოთ სამსახური თუ არ მოგწონთ ის. ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს წესებს. იყავით თავისუფალი.

5. სამხრეთ კორეა - „პალი-პალი“

მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებში ბედნიერება სიმშვიდესთან ასოცირდება, სამხრეთ კორეაში ყველაფერი პირიქითაა. ამ ქვეყანაში ადამიანებს ყოველთვის ეჩქარებათ. „პალი-პალი“ მათი ბედნიერების კონცეპტს ჰქვია და ასე ითარგმნება: „უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად“.

„პალი პალის“ ბედნიერების რეცეპტი ასეთია - არ უგულებელყო შესაძლებლობები და მაქსიმალურად სწრაფად გამოიყენე ისინი. აუცილებლად გქონდეს განრიგი, ჭამე ჯანსაღი საკვები, მაგრამ ბევრ დროს ნუ დახარჯავ საჭმლის მოსამზადებლად, იმღერე უფრო ხშირად, აბაზანაში, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე და ა.შ. არასოდეს შეწყვიტო სწავლა. ისწავლე ყოველთვის, რა ასაკისაც უნდა იყო.

6. შოტლანდია - Coorie

Coorie ჩახუტებას ნიშნავს. ამ ქვეყანაში, სადაც ცივი კლიმატია მყუდრო გარემოს შექმნა და ჩახუტება ბევრს ნიშნავს. ბედნიერების რეცეპტი კი ასეთია - წადი ძაღლთან ერთად ლამაზ ადგილას, ბუნებაში. არ იფიქრო კოღოებზე და სიცივეზე, არ იფიქრო უსიამოვნო საკითხებზე. ჩართე სასიამოვნო მუსიკა და მოუსმინე მელოდიას ბუნებაში. საღამოს წადი კაფეში მეგობრებთან ერთად და ისაუბრე საინტერესო იდეებზე. პატივი ეცი ისტორიას და არ დაივიწყო წინაპრები.

7. საბერძნეთი - „ფილიტიმო“

„ფილიტომო“ შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ, „სიამაყე, გულწრფელობა და კეთილშობილება“. ამ სიტყვის ზუსტად თარგმნა რთულია, რადგანაც ბერძნებს მისი მნიშვნელობა სხვაგვარად ესმით.


„ფილიტიმოს“ ბედნიერების რეცეპტი კი ასეთია - ყოველ დღე 2, ან 3 პოზიტიურ რამეზე იფიქრე და დაწერე შენი ფიქრების შესახებ დღიურში. იყავი ზრდილობიანი და სტუმართმოყვარე. და თუ მეგობარი გეუბნება რომ არც ისე კარგადაა, ჰკითხე მას რა შეგიძლია გააკეთო დასახმარებლად და მოუმზადე რაიმე გემრიელი.


ბონუსი: ბედნიერების რეცეპტი დალაი ლამასგან

რატომ უნდა იყო მოწყენილი, როცა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და რატომ უნდა იყო მოწყენილი, თუ არ შეგიძლია პრობლემის მოგვარება?

ყოველ დღე ვიღებთ შანსს, რომ რაღაც დავიწყოთ. ყოველი ახალი დღე ჩვენი დაბადების დღეა.

იყავი სულგრძელი და დაეხმარე სხვებს. ნამდვილ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ იპოვნი ,თუ გარშემო ბედნიერი ადამიანები გეყოლება.