იდუმალებით მოცული 5 სერიალი, რომელთა ყურებასაც პირველივე ეპიზოდიდან დაიწყებთ
- 28.11.2026
მისტიკური სერიალები მაყურებელს უცნაურ, იდუმალ და ზოგჯერ შემზარავ სამყაროში ამოგზაურებს, სადაც ზებუნებრივი მოვლენები, გაუჩინარებები და გაუხსნელი საიდუმლოებები ერთმანეთს ერწყმის.
გთავაზობთ ხუთ სერიალს, რომელთა სიუჟეტებიც მოულოდნელი განვითარებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი დაგამახსოვრდებათ.
1. „ოა“ - The OA (2016–2019)
Netflix-ის სერიალი „OA“ არაორდინარული სიუჟეტით გამოირჩევა და დრამას, მისტიკასა და სამეცნიერო ფანტასტიკას აერთიანებს. მისი ატმოსფერო კრიტიკოსებს დევიდ ლინჩის შემოქმედებასაც ახსენებდა.

ისტორია პრეირი ჯონსონის გარშემო ვითარდება. გოგონა შვიდწლიანი გაუჩინარების შემდეგ სახლში ბრუნდება, თუმცა არ ამხელს, სად იმყოფებოდა და როგორ დაიბრუნა ბავშვობაში დაკარგული მხედველობა. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ირკვევა მისი ცხოვრების სულ უფრო უცნაური და შემაშფოთებელი დეტალები.
2. „უცნაური ამბები“ - Stranger Things (2016–2025)
მოქმედება 1980-იანი წლების ამერიკულ ქალაქ ჰოკინსში ვითარდება. ყველაფერი ბიჭის იდუმალი გაუჩინარებით იწყება. მის ძებნას დედა და ადგილობრივი შერიფი ცდილობენ, თუმცა მალე ირკვევა, რომ პატარა ქალაქში გაცილებით უცნაური მოვლენები ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სერიალი სამეცნიერო ფანტასტიკას, მისტიკასა და დეტექტიურ ინტრიგას აერთიანებს. საინტერესო სიუჟეტმა და მსახიობთა წარმატებულმა შესრულებამ ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო პროექტად აქცია.
3. „ბნელი“ - Dark (2017–2020)
Netflix-ის გერმანული სერიალის მოქმედება პატარა ქალაქ ვინდენში ვითარდება. ისტორია ბიჭის, მიკელის, გაუჩინარებით იწყება, თუმცა გამოძიება რამდენიმე ოჯახის წარსულში ჩაფლულ საიდუმლოებებსა და დროში მოგზაურობის რთულ ისტორიამდე მიდის.

„ბნელი“ გამორჩეულია მძიმე ატმოსფეროთი, ჩახლართული სიუჟეტითა და მოულოდნელი კავშირებით პერსონაჟებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად „უცნაურ ამბებს“ ადარებენ, სერიალს სრულიად განსხვავებული სტილი და თხრობის მანერა აქვს.
4. „ქასელ-როქი“ - Castle Rock (2018–2019)
სტივენ კინგის ნაწარმოებებით შთაგონებული სერიალი პატარა ქალაქ კასლ-როკში განვითარებულ უცნაურ მოვლენებს გვიყვება. ყველაფერი ციხის უფროსის თვითმკვლელობითა და ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იდუმალი ახალგაზრდა მამაკაცით იწყება. ის თითქმის არაფერს ამბობს, გარდა ადვოკატ ჰენრი დივერის სახელისა - ადამიანის, რომლის ბავშვობაც სწორედ ამ ქალაქში გავიდა.

დეტექტიური ინტრიგა, მისტიკური ატმოსფერო და ბილ სკარსგარდის დამაჯერებელი შესრულება სერიალს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
5. „მოსამსახურე“ - Servant (2019–2023)
სერიალის მთავარი გმირები ფილადელფიაში მცხოვრები შეძლებული წყვილი, შონი და დოროთი ტერნერები არიან. სამი თვის შვილის დაკარგვის შემდეგ დოროთი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვარდება. ტრავმასთან გასამკლავებლად ის რეალისტურ თოჯინას ყიდულობს და ისე ექცევა, თითქოს ბავშვი ცოცხალი იყოს. მოგვიანებით ამ ილუზიას ოჯახში დაქირავებული ძიძაც იზიარებს.

სერიალი პირველივე ეპიზოდებიდან ქმნის უცნაურ, დაძაბულ ატმოსფეროს, რომელშიც გლოვა, სასოწარკვეთა და აუხსნელი მოვლენები ერთმანეთს ერწყმის. ყოველი ახალი სერია კი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
თემები: სერიალი, სერიალები ქალებზე, სერიალები