ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს: როგორ იცვლება მამაკაცი, როდესაც მამობისთვის ემზადება
- 03.05.2021
ორსულობისა და მშობიარობის დროს, ქალი უამრავ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ცვლილებას განიცდის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს პერიოდი, მამაკაცებისთვისაც არ არის ადვილი.
ჰორმონალური თუ ემოციური ატრაქციონი, ძლიერი დამოკიდებულება ახალშობილის მიმართ, შფოთვა, დეპრესია და ორსულობის სიმპტომებიც კი - შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვის მოლოდინში, ამ გზას უამრავი მამაკაცი გადის.
ტესტოსტერონის დონე ეცემა
ტესტოსტერონი პასუხისმგებელია ქცევის ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა აგრესია, კონკურენცია და ახალი პარტნიორის მოზიდვა. მაგრამ როდესაც კაცი მამობისთვის ემზადება, მისი ტესტოსტერონის დონე იკლებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა მამაკაცის მთელი ყურადღება ოჯახის შიგნით უნდა იყოს მიმართული.
თუმცა იზრდება ოქსიტოცინისა და დოპამინის დონე
ეს ორი ქიმიური ნივთიერება, ოქსიტოცინი და დოპამინი, პასუხისმგებელნი არიან მშობელისა და შვილს კავშირზე. მიუხედავად იმისა, რომ ტესტოსტერონის დონე იკლებს, ოქსიტოცინისა და დოპამინის დადებითი ეფექტები იზრდება, რის გამოც, ახალბედა მამას უფრო მეტად სიამოვნებს ბავშვთან თამაში და ჩახუტება.
ჰორმონალურმა ცვლილებამ, შეიძლება გამოიწვიოს პოსტნატალური დეპრესია მამაკაცებში
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჩვენგანმა იცის რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალებში, ალბათ არ გვსმენია მამაკაცების პოსტნატალური დეპრესიის შესახებ. სხვა ფუნქციების გარდა, ტესტოსტერონი, ასევე, დიდ როლს თამაშობს ჩვენს ფსიქოლოგიურ სიძლიერეში. ხოლო როდესაც მისი დონე დაეცემა, ახალგაზრდა მამებს, შეიძლება დეპრესიისადმი მიდრეკილება განუვითარდეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჰორმონალური და ქცევითი ცვლილებები, ახალბედა დედების მსგავსად, მიმდინარეობს მამის სხეულშიც.
იცვლება ტვინის აქტივობა
მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის აქტივობა ახალბედა მამების შემთხვევაში და აღმოჩნდა, რომ მშობიარობიდან პირველი 4 თვის განმავლობაში, მათ ტვინში რუხი ნივთიერების ცვლილებები შეიმჩნევა. ეს ცვლილებები ეხმარება ახალ მამებს განავითარონ აღზრდის უნარები და დაამყარონ ძლიერი კავშირი ახალშობილებთან. ეს ადრეული ურთიერთობა ქმნის მყარ საფუძველს მშობლისა და ბავშვის მომავალი ურთიერთობისთვის, რაც დიდ როლს თამაშობს ბავშვების შემეცნებით და სოციალურ განვითარებაში.
შესაძლებელია, ორსულობის სიმპტომები მამაკაცებშიც განვითარდეს
მამაკაცის სხეული, მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ არ იცვლება. პარტნიორის ორსულობის დროს, მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ ორსულობასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, მადის ცვლილება, შეშუპება და თავის ტკივილი. ამ ფენომენს „თანამგრძნობი ორსულობა“ ეწოდება, თუმცა ოფიციალურად არ არის აღიარებული, როგორც სამედიცინო მდგომარეობა.
სწორედ ამიტომ, ორივე წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროის ერთად გატარება და საუბარი იმაზე, თუ რას განიცდიან ახალ ამპლუაში. დაიმახსოვრეთ, რომ ზოგჯერ პარტნიორთან გულწრფელმა საუბარმა შეიძლება სასწაულები მოახდინოს.
თემები: მშობლები და შვილები, მამაკაცები, ბავშის აღზრდა, მამა და შვილი, მამები, მამები და შვილები