სილამაზე

„Cloud Skin“ - მაკიაჟის ტრენდი, რომელიც განსაკუთრებით უხდება 40 წელს გადაცილებულ ქალებს

„Cloud Skin“ - მაკიაჟის ტრენდი, რომელიც განსაკუთრებით უხდება 40 წელს გადაცილებულ ქალებს

მძიმე ტონალური კრემი და ზედმეტად პრიალა ეფექტი წარსულს ბარდება. „Cloud Skin“ კანის ბუნებრივ იერს ინარჩუნებს, ფორებს ვიზუალურად არბილებს და სახეს მსუბუქ, ხავერდოვან ბზინვარებას სძენს.

ბოლო პერიოდში სილამაზის ტრენდებში განსაკუთრებული ყურადღება კვლავ კანს ეთმობა. მთავარი მიზანი უკვე აღარ არის სახის სრულად დაფარვა - პირიქით, აქტუალურია ისეთი მაკიაჟი, რომელიც კანს ბუნებრივ იერს უნარჩუნებს და უფრო მოვლილს, თანაბარსა და დასვენებულს აჩენს.

სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია „Cloud Skin“ - მაკიაჟის ტექნიკა, რომელიც TikTok-სა და წითელ ხალიჩებზეც აქტიურად გამოჩნდა.

პროფესიონალი ვიზაჟისტის, კრისტინა ჯი ნუევოს, განმარტებით, „Cloud Skin“ არც ძლიერ ბზინვარე „glass skin“-ს ჰგავს და არც კლასიკურ მქრქალ მაკიაჟს. ის ამ ორ ეფექტს შორის არის - კანი გლუვი და დაბალანსებული ჩანს, ფორები კი ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევია.

რატომ უხდება „Cloud Skin“ განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულ ქალებს?

ამ ტექნიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ უსვამს ხაზს წვრილ ხაზებს, ნაოჭებსა და კანის არათანაბარ ტექსტურას.

ვიზაჟისტის თქმით, ამ ტრენდის მთავარი იდეა ბუნებრივი სილამაზის გაძლიერებაა -კანი ისევ კანს ჰგავს, უბრალოდ უფრო თანაბარი, დასვენებული და ნათელი ჩანს.

„Cloud Skin“ არბილებს სახის ნაკვთებს და არ უსვამს ზედმეტად ხაზს კანის ტექსტურას. 40-50 წლის ასაკში კი განსაკუთრებით სასარგებლოა ის, რომ სახეს ზედმეტად მკაცრ იერს არ აძლევს და კანს გამომშრალად არ აჩენს.

ამასთან, ზედმეტმა ბზინვარებამ ზოგჯერ შესაძლოა ფორებსა და წვრილ ხაზებს უფრო მკაფიოდ გაუსვას ხაზი. „Cloud Skin“ სწორედ ამ ეფექტს ერიდება.

როგორ გავიკეთოთ „Cloud Skin“ - ეტაპობრივად

1. კანის მომზადება

ეს ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

თუ კანი სათანადოდ მომზადებული არ არის, სასურველი რბილი და გლუვი ეფექტის მიღება რთული იქნება.

გამოიყენეთ მსუბუქი, დამატენიანებელი პროდუქტები, რომლებიც კანს კომფორტულსა და სუფთას დატოვებს, ზედმეტად არ დატვირთავს და ძლიერ ბზინვარებას არ მისცემს.

მიზანი პრიალა კანი კი არა, დაბალანსებული კანია.

2. ტონალური კრემი

მძიმე და მაღალი დაფარვის ტონალური კრემის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ თხევადი ფორმულა, skin tint ან მსუბუქი ტონალური კრემი ბუნებრივი, ნახევრად მქრქალი ეფექტით.

მთელი სახის სქელი ფენით დაფარვა საჭირო არ არის. მთავარი კანის ტონის გათანაბრებაა, ისე რომ ბუნებრივი კანი მაინც ჩანდეს.

3. კორექტორი - მხოლოდ საჭირო ადგილებში

კორექტორი მთელ სახეზე მეორე ტონალური კრემივით არ უნდა გადაინაწილოთ.

გამოიყენეთ მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში - მაგალითად, თვალების ქვეშ, ცხვირის გვერდებთან ან მცირე სიწითლის დასაფარად.

4. ლოყები

აქ საუკეთესო არჩევანია კრემის ან თხევადი ტექსტურის პროდუქტები.

კრემის რუჟი სახეს ბუნებრივ სიხალისეს მატებს და კანის რბილ, ხავერდოვან ეფექტს არ არღვევს.

იგივე პრინციპი მოქმედებს ბრონზერზეც - ის მსუბუქად უნდა გადაინაწილოთ და მკვეთრი ხაზები არ შექმნათ.

5. პუდრი - მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა

პუდრს თავისი ადგილი „Cloud Skin“-ის მაკიაჟშიც აქვს, თუმცა მისი მთელ სახეზე გადანაწილება საჭირო არ არის.

ცოტაოდენი პუდრი T-ზონაში საკმარისია ზედმეტი ბზინვარების შესამცირებლად და კანის ტექსტურის ვიზუალურად გასასწორებლად.

თუ პუდრს მთელ სახეზე წაისვამთ, შეიძლება დაკარგოთ სწორედ ის რბილი და ბუნებრივი მოცულობა, რომელიც ამ მაკიაჟის მთავარი ხიბლია.

„Cloud Skin“ საბოლოოდ მსუბუქ, შეუმჩნეველ და ხავერდოვან ეფექტს ქმნის - პროდუქტები ერთმანეთში ბუნებრივად გადადის და სახე მაკიაჟით გადატვირთული აღარ ჩანს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ნაკლები უფრო მეტია - და ტრენდი, რომელიც 2026 წლის ზაფხულში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, შემოდგომაზეც აქტუალური დარჩება.