ჯანმრთელობა

რატომ არიან შვედები ბედნიერები? - 6 ჩვევა, რომელიც გადაღლისგან დაგიცავთ

რატომ არიან შვედები ბედნიერები? - 6 ჩვევა, რომელიც გადაღლისგან დაგიცავთ

ბედნიერებისთვის ზოგჯერ იმაზე გაცილებით ნაკლები გვჭირდება, ვიდრე გვგონია. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი პასუხი შვედურ ცხოვრების ფილოსოფიაში იმალებოდეს - ლაგომში (Lagom).

შვედური ცხოვრების წესი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ მიდგომად მიიჩნევა. მისი მთავარი იდეა მარტივია: არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ცოტა - ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა.

ლაგომის კონცეფცია ძველ შვედურ გამოთქმას უკავშირდება, რომლის მნიშვნელობაც დაახლოებით ასეთია - საერთო სასმისიდან ისე უნდა დალიო, რომ ყველას თანაბრად შეხვდეს. დროთა განმავლობაში ეს იდეა ცხოვრების წესად იქცა და დღეს ზომიერებას, ბალანსსა და „საკმარისის“ ცოდნას გულისხმობს.

ლაგომი არ ნიშნავს ყველაფრის შეზღუდვას ან მინიმალისტურ ცხოვრებას. პირიქით - მისი მთავარი პრინციპია, არ გადავტვირთოთ საკუთარი თავი, სწორად დავაბალანსოთ საქმე და დასვენება და არ ჩავერთოთ მუდმივ შეჯიბრში, ვინ უფრო მეტს მოასწრებს.

აი, 6 შვედური ჩვევა, რომლის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვაც მარტივად შეგიძლიათ.

1. ყოველდღე მხოლოდ სამი მთავარი საქმე დაისახეთ

თანამედროვე სამყაროში თითქოს მუდმივად გვესმის, რომ დიდი მიზნები უნდა დავისახოთ და რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ. ლაგომის ფილოსოფია კი საპირისპიროს გვთავაზობს - ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ყოველ დილით შეარჩიეთ მხოლოდ სამი რეალისტური საქმე, რომლის დასრულებაც დღის ბოლომდე შეგიძლიათ.

ეს არ ნიშნავს, რომ სხვა საქმეები საერთოდ არ უნდა გააკეთოთ. უბრალოდ, სამი მთავარი ამოცანის გამოყოფა გეხმარებათ, არ დაიკარგოთ უსასრულო „გასაკეთებელი საქმეების“ სიაში.

რაც უფრო კონკრეტული და მიღწევადია მიზანი, მით უფრო მარტივია მისი შესრულება - და დღის ბოლოსაც ნაკლებად გექნებათ განცდა, რომ მთელი დღე იშრომეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი მოასწარით.

2. გააკეთეთ „ფიკა“ - უბრალოდ შეისვენეთ

შვედეთში „ფიკა“ (Fika) მხოლოდ ყავის დალევას არ ნიშნავს.

ეს არის სპეციალური შესვენება ყავის, ჩაისა და რაიმე ტკბილეულის თანხლებით, რომლის მთავარი ნაწილი კი სასმელი და საკვები კი არა, ურთიერთობაა.

ფიკის დროს ადამიანები კოლეგებს, მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ესაუბრებიან, ცოტა ხნით საქმეს წყდებიან და უბრალოდ ცხოვრებით ტკბებიან.

ზოგიერთ შვედურ ოფისში ასეთი შესვენება სამუშაო დღის ნაწილიც კი არის და შესაძლოა, დღეში ორჯერაც მოეწყოს.

თუ მარტო ხართ, შეგიძლიათ ფიკა საკუთარ თავთანაც მოაწყოთ - გადადეთ ტელეფონი, დალიეთ ყავა ან ჩაი და რამდენიმე წუთით არაფერზე იჩქაროთ.

ზოგჯერ ყველაზე პროდუქტიული რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, სწორედ შესვენებაა.

3. გაისეირნეთ ბუნებაში

შვედებისთვის ბუნება ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ტყეში, პარკში, ტბასთან ან უბრალოდ მწვანე სივრცეში სეირნობა შესანიშნავი საშუალებაა, რომ ცოტა ხნით მოწყდეთ ეკრანებს, ხმაურსა და ყოველდღიურ სტრესს.

ბუნებაში დროის გატარება ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას, ამცირებს დაძაბულობის შეგრძნებას და შესაძლოა შემოქმედებით აზროვნებასაც დაეხმაროს.

შვედეთში ეს განსაკუთრებით მარტივია - ქვეყნის ბუნებრივი ტერიტორიების დიდი ნაწილი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია.

მაგრამ ამისთვის შვედეთში ცხოვრება სულაც არ არის აუცილებელი. უახლოესი პარკიც საკმარისია.

4. რაციონში მეტი ფერმენტირებული პროდუქტი დაამატეთ

შვედურ სამზარეულოში ფერმენტირებულ და დამწნილებულ პროდუქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ამის მიზეზი ისტორიულად ქვეყნის ხანგრძლივი და ცივი ზამთრებიც იყო - პროდუქტების შენახვის ასეთი მეთოდი აუცილებელი გახლდათ.

მაგალითად, შვედები ხშირად მიირთმევენ დამწნილებულ ქაშაყს, კიტრსა და ჭარხალს.

მათი ტრადიციული პროდუქტია ფილმიოლკიც - ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომელიც გარკვეულწილად თხევად მაწონს ან სასმელ იოგურტს ჰგავს.

რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება მხოლოდ ფერმენტირებულ პროდუქტებს არ გულისხმობს, მაგრამ მრავალფეროვან რაციონში მათ საკუთარი ადგილი ნამდვილად აქვთ.

5. გათავისუფლდით იმის შიშისგან, რომ რაღაცას გამოტოვებთ

FOMO - ანუ შიში, რომ სხვები რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ, თქვენ კი ამას გამოტოვებთ - თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა გახდა.

სოციალური ქსელები ამ შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს: ვხედავთ სხვების მოგზაურობებს, წარმატებებს, წვეულებებს, ახალ სამსახურს, ურთიერთობებს და ზოგჯერ გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენი ცხოვრება რაღაცას ჩამორჩება.

ლაგომის ფილოსოფია კი გვახსენებს: თქვენი ცხოვრება სხვისი ცხოვრების ასლი არ უნდა იყოს.

თუ კონკრეტული საქმე ენერგიას გაძლევთ და ბედნიერებას განიჭებთ, გააგრძელეთ. თუ რაღაც მხოლოდ იმიტომ გინდათ, რომ სხვებს აქვთ - დაფიქრდით, ნამდვილად თქვენია თუ არა ეს სურვილი.

საკუთარ გზაზე სიარული გაცილებით მარტივია, როცა მუდმივად სხვებს არ ადარებთ თავს.

6. ისწავლეთ იმის დაფასება, რაც უკვე გაქვთ

შვედური ცხოვრების ფილოსოფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეაა მადლიერება და აწმყოთი კმაყოფილება.

ამისთვის შეგიძლიათ ძალიან მარტივი ჩვევა დანერგოთ: ყოველ საღამოს ჩაიწერეთ სამი რამ, რისთვისაც იმ დღეს მადლიერი ხართ.

ეს შეიძლება იყოს დიდი მოვლენაც - მაგალითად, კარგი ამბავი ან წარმატება - მაგრამ შეიძლება სულ უბრალო რამეც იყოს: გემრიელი ყავა, მეგობართან საუბარი, სასიამოვნო გასეირნება ან მშვიდი საღამო.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება მუდმივად იმაზე არ გავამახვილოთ, რაც არ გვაქვს.

ხანდახან ბედნიერების შესამჩნევად უბრალოდ საჭიროა ცოტა ხნით გავჩერდეთ და დავაკვირდეთ იმას, რაც უკვე ჩვენს ცხოვრებაშია.

ლაგომის მთავარი იდეა ერთ წინადადებაში

ნუ ეცდებით ყველაფრის მოსწრებას. აირჩიეთ მნიშვნელოვანი, დაისვენეთ დანაშაულის გრძნობის გარეშე, გაატარეთ დრო ადამიანებთან და ბუნებაში და ისწავლეთ იმის დაფასება, რაც უკვე გაქვთ.

შეიძლება სწორედ ეს იყოს მიზეზი, რატომაც შვედური ცხოვრების ფილოსოფია დღეს ასე პოპულარული გახდა - ბედნიერებას მეტი კი არა, ზოგჯერ უბრალოდ მეტი ბალანსი სჭირდება.