მშობლები

იდეალურები არ არიან და არც ცდილობენ იყვნენ: ვინ არიან „აბრეშუმის დედები“ და როგორ მოქმედებს ეს მიდგომა ბავშვების ფსიქიკაზე

იდეალურები არ არიან და არც ცდილობენ იყვნენ: ვინ არიან „აბრეშუმის დედები“ და როგორ მოქმედებს ეს მიდგომა ბავშვების ფსიქიკაზე

რამდენიმე წელია, სოციალურ ქსელებში ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მწვავე კამათისა და კრიტიკის მიზეზი ხდება.

მშობლებს თითქოს ოქროს შუალედის პოვნა აღარ შეუძლიათ: თუ ბავშვს ტრენდულად აცვამენ - მის ფსიქიკაზე არ ფიქრობენ, თუ ნეიტრალურ ფერებს ირჩევენ - მხოლოდ ლამაზ სურათზე ზრუნავენ; თუ ყველა აცრას უკეთებენ - ცუდია, თუ აცრებზე უარს ამბობენ - კიდევ უფრო ცუდი; თუ უამრავ წრეზე დაჰყავთ - ბავშვობას ართმევენ, თუ არაფერზე დაჰყავთ - განვითარებაში ხელს უშლიან.

„კრემისფერი“ და „ნუშისფერი“ დედები უკვე თითქოს წარსულს ჩაბარდა. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად განიხილავენ „ნატურალისტ დედებს“ - ქალებს, რომლებიც შვილებს მაქსიმალურად ბუნებრივი ცხოვრების პრინციპებით ზრდიან. მათ საპირისპიროდ კი ონლაინ სივრცეში ახალი ფენომენი გამოჩნდა - „აბრეშუმის დედები“ (silky moms).

ლოგიკურად, სწორედ მათ უნდა მოეპოვებინათ საზოგადოების მხარდაჭერა, თუმცა რეალობა სხვაგვარია. ისინი მაინც უამრავი კრიტიკისა და ჰეითის სამიზნე ხდებიან. ვინ არიან „აბრეშუმის დედები“ და რატომ ვერ წყდება სოციალურ ქსელებში მშობლობის სხვადასხვა სტილის გარშემო აგრესიული კამათი?

დედა, რბილი როგორც აბრეშუმი

სლენგური ტერმინი silky mom, პირდაპირი მნიშვნელობით, „აბრეშუმის დედას“ ნიშნავს - ქალს, რომელიც მშობლობის უფრო მარტივ, თანამედროვე და მოქნილ სტილს ირჩევს.

ის აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ენდობა მეცნიერებასა და მედიცინას და არ ერიდება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დედობას ამარტივებს.

ასეთ ოჯახში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბავშვი ჭამის დროს მულტფილმს უყურებს, გაციებისას ჩვეულებრივ მედიკამენტებს იღებს, ფერად პლასტმასის სათამაშოებით თამაშობს, საჭიროების შემთხვევაში ხელოვნურ რძეს სვამს და საბავშვო ბაღში წასვლისაც არ ეშინია, რადგან აუცილებელი აცრები ჩვილობის ასაკშივე აქვს გაკეთებული.

სინამდვილეში, დედობის ეს მიდგომა ახალი არ არის. ტერმინი დასავლეთში ჯერ კიდევ 2010-იან წლებში გამოიყენებოდა, თუმცა ფართო პოპულარობა ბოლო პერიოდში მოიპოვა - როგორც „ნატურალისტი დედების“ (crunchy moms) საპირისპირო კონცეფციამ.

„აბრეშუმის დედები“ უბრალოდ უარს ამბობენ მშობლობის მკაცრ კატეგორიებში მოქცევაზე. მათ არ სურთ ყოველდღიური ცხოვრება კონკრეტულ წესებში მოაქციონ და გაოცებით აკვირდებიან სოციალურ ქსელებში გამართულ დაუსრულებელ კამათს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს „სწორი“ დედა.

მათი მთავარი გზავნილი მარტივია: ბედნიერი უნდა იყოს არა მხოლოდ ბავშვი, არამედ დედაც - და მშობლობა შეიძლება იყოს მოსახერხებელი, მარტივი და ნაკლებად დამღლელი.

„აბრეშუმის“ დედები VS ნატურალისტი დედები

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მშობლობის სხვა მიმდინარეობებთან შედარებით „აბრეშუმის დედები“ საკმაოდ მშვიდ და დაბალანსებულ ჯგუფად გამოიყურებიან, მათაც აქვთ გარკვეული პრინციპები.

მათი მიდგომისთვის დამახასიათებელია:

  1. ბავშვის გაჩენა სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში ეპიდურული ანესთეზიის გამოყენება;

  2. თუ ძუძუთი კვება რთულად მიმდინარეობს ან დედას უბრალოდ არ სურს, სწრაფად გადასვლა ხელოვნურ კვებაზე;

  3. ვაქცინაციის კალენდრის დაცვა;

  4. ერთჯერადი საფენების, საწოვარების, პლასტმასის ბოთლებისა და სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენება, რომლებიც დედობას ამარტივებს;

  5. ბავშვისთვის ეკრანთან დროის შედარებით თავისუფლად დაშვება;

  6. ბავშვის რაციონში საყვარელი და ნაკლებად სასარგებლო საკვების ზომიერად შეტანის წინააღმდეგ არყოფნა;

  7. მკაცრი დღის რეჟიმის არქონა და ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემა.

თუ ნატურალისტი დედები შვილებს ბუნებრივობის პრინციპით ზრდიან - ერიდებიან ხელოვნურ მასალებს, ირჩევენ ორგანულ პროდუქტებს და ზოგჯერ ალტერნატიულ მიდგომებსაც მიმართავენ - „აბრეშუმის დედები“ იარლიყების წინააღმდეგ გამოდიან და გადაწყვეტილებების მიღებისას პირველ რიგში პედიატრებისა და სხვა კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობიან.

„აბრეშუმის დედობა“ - მოსახერხებელია თუ მოდური?

Silky mom-ის მიდგომა ბევრისთვის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან გაცილებით ახლოსაა. ამ კატეგორიაში საკუთარი თავის მოქცევა საშუალებას გაძლევთ, მუდმივად არ ინერვიულოთ იმაზე, რომ რაღაც „არასწორად“ გააკეთეთ.

ეს მიდგომა დედას აძლევს შესაძლებლობას, შეუთავსოს ერთმანეთს ბავშვი, სამსახური და საკუთარი ცხოვრება და საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებაც მისცეს.

რადგან იდეალური მშობლები არ არსებობენ - თუნდაც ზოგიერთი მათგანი ცდილობდეს საპირისპიროს დამტკიცებას.

ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ბალანსია: თავისუფალ დროს მშობელს შეუძლია ბავშვთან ხარისხიანად გაატაროს, ხოლო გადაღლილობის, გადატვირთული დღის ან სხვა გადაუდებელი სიტუაციის დროს თამაშს, მულტფილმს ან პლანშეტს მიმართოს.

ამასთან, ასეთი მოდელი დამატებით ფინანსურ თუ დროით რესურსებსაც ნაკლებად მოითხოვს.

„აბრეშუმის დედების“ ფილოსოფია გარკვეულწილად ჰგავს იმ გარემოს, რომელშიც დღევანდელი ზუმერების ნაწილი გაიზარდა - უბრალოდ, 2000-იანების დასაწყისში ამას კონკრეტული ტრენდის სახელი არ ერქვა.

მშობელსა და ბავშვს შორის ემოციური კავშირი მტკიცეა, თუმცა ურთიერთობაში საზღვრებიც არსებობს. ბავშვს არ აიძულებენ კონკრეტულ აქტივობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღის განრიგში წერია. შედეგად, ის მცირე ასაკიდანვე სწავლობს არჩევანის გაკეთებას.

რატომ აკრიტიკებენ „აბრეშუმის დედებს“?

მშობლობის თემაზე სოციალურ ქსელებში ყველაზე მწვავე კრიტიკა ხშირად სწორედ სხვა მშობლებისგან მოდის. „ნატურალისტი“, „ნუშისფერი“, „კრემისფერი“ და სხვა კატეგორიის დედები ხშირად ამტკიცებენ, რომ „აბრეშუმის“ მიდგომა ბავშვისთვის საზიანოა.

კრიტიკის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნებისმიერი განსხვავებული მიდგომა ავტომატურად აღიქმება არასწორად.

თუმცა ოპონენტებს ყველაზე მეტად ორი საკითხი აღელვებთ.

პირველი - ბავშვისთვის ზედმეტი თავისუფლების მიცემა შესაძლოა მომავალში პრობლემად იქცეს და მას თვითკონტროლის განვითარება გაურთულოს.

მეორე კი „iPad kid“-ის შექმნის საფრთხეა. თუ ბავშვი პატარა ასაკიდანვე შეუზღუდავად იყენებს გაჯეტებს, შესაძლოა ჩამოუყალიბდეს კონტენტზე დამოკიდებულება. მუდმივმა და ინტენსიურმა სტიმულაციამ კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურადღებაზე, სწავლის პროცესსა და ქცევაზე.

საბოლოოდ, ალბათ ყველაზე ჯანსაღი მიდგომა ის არის, რომ თანამედროვე მშობელმა საკუთარი თავი არც ერთ მოდურ კატეგორიას არ მიაკუთვნოს.

ბავშვის აღზრდის საფუძველი მაინც სიყვარული, სითბო, ზრუნვა და უსაფრთხო გარემოა. დანარჩენი გადაწყვეტილებები კი კონკრეტული ოჯახის საჭიროებების, ბავშვის თავისებურებებისა და სანდო სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით შეიძლება მიიღოთ.

რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვს აცრები გავუკეთოთ, ზოგჯერ მოდურად ჩავაცვათ, ჯანსაღი ბოსტნეული და ხილი მივცეთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში პლანშეტიც გამოვიყენოთ?

შეიძლება, ამ გზით რომელიმე „ტრენდულ დედების კლუბში“ ვერ მოხვდეთ, მაგრამ კარგი მშობლის გამოცდას ნამდვილად ჩააბარებთ.