ყველაფერი ემოციური, პოეტური მუსიკით დაიწყო. შემდეგ შავი ტანსაცმელი, მკვეთრი ფერის თმა, ასიმეტრიული ვარცხნილობები და თეატრალიზებული მაკიაჟი შეემატა. გნებავს, „ემო“ დაუძახე, გნებავს – „გოთი“, როგორც გაგიხარდება. ეს მიმდინარეობა სხვებისგან გამორჩეულობის სურვილით შთაგონებული თინეიჯერების ერთგვარი რიტუალია.
თუმცა დღევანდელი მოზარდები ახალი იდენტობების მორგებას ვიზუალურად ექსტრემალური გზებით ცდილობენ, რაც მათი მშობლების ღელვის მიზეზი გახდა. საფუძვლიანია თუ არა მათი მშობლების ნერვიულობა, უმეტესად შვილზეა დამოკიდებული – გააჩნია, საკუთარი თავის გამოხატვისთვის რა სახის ალტერნატიული კულტურა აირჩია.
რა არის „ემო“?
საინტერესოა, რომ თავიდან ეს ტერმინი არა იდენტიფიკაციის, არამედ შეურაცხყოფის მიზნით დამკვიდრდა: „ემო“ მუსიკალური მიმდინარეობის – emotive hardcore-ის აბრევიატურაა, რომელსაც ხუმრობით „ესტროგენის პანკ მუსიკასაც“ უწოდებენ. მოზარდები, რომლებიც „ემოს“ ალტერნატიულ კულტურას მიეკუთვნებიან, უცნაური ჩაცმულობითა და ვარცხნილობით შეგიძლია, ამოიცნო. „ემოს“ მუსიკალური სტილის სიმღერები, მოზარდის ცხოვრების მსგავსად, სევდიანია, თუმცა, ზოგადად, „ემო“ თავისი იდეოლოგიით უწყინარი მიმდინარეობაა. ყველაზე პოპულარული ვებგვერდის – Emo Corner-ის მიხედვით, აბურძგნული ან წვეტიანი ვარცხნილობები, პირსინგები და მეორად მაღაზიებში შეძენილი ტანსაცმელი, უბრალოდ, მოზარდების მელანქოლიური გრძნობების გამოხატვას ემსახურება.
რა არის „გოთი“?
„გოთი“ „ემოს“ ოდნავ ექსტრემალური ფორმაა, როგორც ჩაცმის სტილით, ასევე იდეოლოგიით. ბევრი მათგანი ამბობს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები მათ თავისუფალ აზროვნებას ზღუდავს. მიმდინარეობის სახელი მე-19 საუკუნის ჟანრითაა შთაგონებული, მისი წევრი მოზარდები ვიქტორიანული სტილის ტანსაცმელს ატარებენ და მაკიაჟის დახმარებით ფერმკრთალ, მისტიკურ გამომეტყველებას იღებენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლების ღელვის მიზეზი სწორედ მოზარდების ექსტრემალური გარეგნობაა, თუმცა მათ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ინდივიდუალურობის სურვილი ამოძრავებთ.
ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოზარდებისთვის ნამდვილად დამახასიათებელია საკუთარი იდენტობის ძიება და მათთვის „გოთის“ სტილის მორგებაც ერთგვარი სიახლეა. ფსიქოლოგების განცხადებით, ბავშვები, რომლებიც ამ სტილს ირგებენ, ათლეტურ უნარებზე მეტად, შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევიან და მათთვის ტანსაცმელიც, ერთგვარად, გამოხატვის ვიზუალური მასალაა. თუმცა, ბევრი მშობლისთვის შვილის ასეთი ჩაცმულობა განგაშის მიზეზი ხდება ხოლმე.
მაქვს თუ არა სანერვიულო, თუ ჩემი შვილი ამ ექსტრემალური მიმდინარეობებით დაინტერესდა?
ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ მიზეზით, თუ ბავშვი შავ ტანსაცმელს ატარებს და „გოთია“, საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ის დეპრესიული და სუიციდისკენ მიდრეკილია. ისინი თავიანთ მოსაზრებას იმ არგუმენტებით ამყარებენ, რომ ზოგიერთი ათლეტური ან ქუჩის ტანვარჯიშის სუბკულტურების მიმდევარი მოზარდებიც იღებენ ალკოჰოლს ან ანორექსიით ავადდებიან, რაც უფრო სახიფათოა.
ფსიქოლოგების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მშობლებმა მაინც ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი „ემოს“ ან „გოთის“ მიმდევარ შვილებს. ისინი პრობლემას ხედავენ არა მოზარდის ვიზუალურ მხარეში, არამედ გაუცხოების სურვილსა და ნორმიდან გადახვევის მისწრაფებაში. ეს უკანასკნელი ძალიან ზოგადი ცნებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად იცნობს მშობელი შვილს და აკვირდება თუ არა რეგულარულად მის ქცევას: რამდენად ხშირად უსმენს დეპრესიულ მუსიკას და რამე უფრო სერიოზულში ხომ არ გადაიზრდება მისი ქცევა? ფსიქოლოგების განმარტებით, ზოგიერთი მოზარდი სხვადასხვა სახის იდენტობას ირგებს, მშობლებისგან რომ განსხვავდებოდეს და როდესაც სასურველ სტილს მიაგნებს, თავს კომფორტულად გრძნობს; ზოგი კი ექსტრემალურ იდენტობებს ირჩევს, ერთი მხრივ, მშობლების ყურადღების მისაპყრობად და, მეორე მხრივ, მათი ნებისყოფის გამოსაცდელად.
საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგები ნებისმიერ ვარიანტში გვირჩევენ, რომ მშობელი შვილისთვის მხოლოდ „კარგი მეგობრის“ ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს; მისი ვალია, ბავშვს, განსაკუთრებით კი მოზარდს, გარკვეული საზღვრები დაუწესოს, რომელიც ცხოვრების უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
თემები: სტილი, ფსიქოლოგია, ემო, გოთი, მიმდინარეობა
<a href="http://www.education.com/magazine/article/Emo_and_Goth_Whats_All_About/">www.education.com</a>