თითქმის ყველა ბავშვს ესიზმრება კოშმარები და, ზოგადად, პატარებს ბევრი რამის ეშინიათ. თუმცა ერთ საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ: განსაკუთრებული შიშებით ნიჭიერი ბავშვები გამოირჩევიან.
შიშის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი
შიში უამრავმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს – ზოგჯერ ტრავმულმა გამოცდილებებმაც. თუმცა ამ ტიპის შიშის დასაძლევად, მხოლოდ ჩვენს რჩევებს ნუ დაეყრდნობი, უმჯობესია, პროფესიონალს მიმართო. მაგალითად, თუ ბავშვი ოჯახური ძალადობის შემსწრე გახდა, აუცილებლად გაესაუბრე ფსიქოლოგს.
შიში უმეტესად ბავშვის აქტიური წარმოსახვის შედეგია. ლოგიკურად, ნიჭიერ ბავშვებს წარმოსახვის უნარიც გამძაფრებული აქვთ და, თანატოლებთან შედარებით, მეტად ემოციურებიც არიან, ამიტომაც შიშებსაც განსაკუთრებულად შეიგრძობენ. შედარებით მოზრდილები ხშირად სოციალურ შიშსაც განიცდიან – აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და საუბრის ეშინიათ. შიშის ეს ფორმაც მათი აქტიური წარმოსახვის შედეგია: მათი გონება წარმოიდგენს, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს ამ დროს, მაგალითად, ეშინიათ, რომ შეიძლება საუბრისას შეცდომა დაუშვან და თანატოლების დაცინვის ობიექტი გახდნენ.
როგორ გავაბათილოთ ეს შიშები
ბავშვისთვის „ნუ გეშინიას“ თქმა გამოსავალი არ არის, ამით შიშის გრძნობა ნამდვილად არ გაუნელდება. საჭიროა, შენს პატარას შიშის დამარცხების მრავალფეროვანი სტრატეგიები შესთავაზო:
1. წარმოსახვის გამოყენება
თუ შიშები აქტიური წარმოსახვითაა გამოწვეული, ბავშვს აუხსენი, რომ შეუძლია, ფიქრები პოზიტიური შედეგებისკენ მიმართოს. თუმცა, ამაზე დღისით უნდა ესაუბრო – იმ დროს, როდესაც ბავშვს არაფრის ეშინია: სთხოვე, დეტალურად აღგიწეროს, რა სახის ფანტაზიები აშინებს ხოლმე ღამე და ამ შიშების დასამარცხებლად რა შეუძლია, წარმოიდგინოს. მაგალითად, თუ საწოლქვეშ ან კარადაში ურჩხული ელანდება, ასეთივე წარმატებით შეძლებს, წარმოიდგინოს, რომ ოთახში მეომრები გამოჩნდებიან, რომლებიც ურჩხულს დაამარცხებენ, ან ანგელოზები შემოფრინდებიან.
შესაძლებელია, შენს პატარას საყვარელი მულტფილმის/ზღაპრის გმირიც ჰყავდეს, რომელსაც თავის ფანტაზიებში „მოუხმობს“ და ბოროტი ძალების დასამარცხებლად დაიხმარს. გახსოვდეს: თუ შენს პატარას საშიში მოვლენების წარმოსახვის უნარი აქვს, მას პოზიტიური სიტუაციების წარმოდგენაც შეუძლია.
2. იუმორის ჩართვა
შიშის განეიტრალების მეორე გზა იუმორის გამოყენებაა. მაგალითად, უთხარი ბავშვს, როდესაც საშიშ ურჩხულს წარმოიდგენს, ეცადოს, მის სასაცილო მხარეებზე დაფიქრდეს.
ამ ორი სტრატეგიის გამოყენება შენს პატარას სოციალური შიშების გადალახვაშიც დაეხმარება: თუ აუდიტორიის წინაშე გამოსვლას თავს არიდებს და იმიზეზებს, რომ შეიძლება თანატოლებმა დასცინონ, აუხსენი, რომ მის გამოსვლას ასეთივე წარმატებით შეუძლია მოწონების დამსახურებაც და სწორედ ამაზე უნდა იფიქროს. თანაც გაითვალისწინე: მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა შენი პატარა, ან რა სახის შიშები აწუხებს, მათი გადალახვა და დამარცხება გარკვეულ დროს მოითხოვს – ნეგატიური ფიქრების პოზიტიურისკენ მიმართვა ერთ ღამეში ვერ მოხდება, ამაზე სისტემატურად უნდა იმუშაოთ.
ნეგატიური წარმოსახვის პოზიტიურად ქცევის ერთ-ერთი მეთოდი „საყრდენის“ გამოყენებაცაა:
ნივთები, რომლებიც „საყრდენის“ ფუნქციას შეითავსებს, შენს პატარას შიშების დამარცხებაში დაეხმარება. მაგალითად, შეგიძლია, ყურადღება გაამახვილებინო რომელიმე სათამაშოზე, რომელიც კეთილი ძალების „გამოძახებასა“ და ურჩხულების „დამარცხებაში“ დაეხმარება. ეს სათამაშოები შეიძლება იყოს ზარი, ბურთებით გამოტენილი ფუმფულა თოჯინა და ა.შ. ზარის დარეკვა ან ფუმფულა სათამაშოს გაჩხაკუნება ბავშვის ქვეცნობიერისთვის ორი სახის დატვირთვის მატარებელი გახდება – ერთი მხრივ, „კეთილ ძალებს“ მოუხმობს, მეორე მხრივ, მის ცნობიერს „გამოაღვიძებს“, რომ ნეგატიურიდან პოზიტიურ წარმოსახვაზე გადაერთოს.
„საყრდენის“ საშუალებად წყლით სავსე შესასხურებელი ბოთლიც გამოდგება. შენს პატარას უთხარი, წარმოიდგინოს, რომ ის მაგიური სითხითაა სავსე და როდესაც ამ სითხეს ურჩხულებს შეასხამს, უკვალოდ გააქრობს მათ. ამ თამაშისთვის რაც არ უნდა დიდი იყოს ბავშვი, შეგიძლია, აუხსნა, რომ წარმოსახვითი მაგია შიშების განეიტრალების იდეალური საშუალებაა. საბოლოო ჯამში, „საყრდენი“ ნებისმიერი ის ნივთი შეიძლება გახდეს, რომელიც შენს პატარას სიმყუდროვის შექმნაში ეხმარება, მაგალითად, მისი საყვარელი სათამაშო ან ბალიში.
დაბოლოს: მნიშვნელოვანია, დააკვირდე, როგორ გარემოში სიამოვნებს ბავშვს ძილი. ზოგს ბოლომდე ჩაბნელებულ ოთახში ეშინია, ზოგს კი – გადაწეული ფარდებისა და ქუჩის განათების მიერ შექმნილი ჩრდილები უფრო აშინებს. ნებისმიერ ვარიანტში, მიზნად უნდა დაისხაო, შენს პატარას შიშების დამარცხებაში ისე დაეხმარო, რომ ფანტაზიის უნარი არ ჩაუხშო.
თემები: მშობლები, შიში, ბავშვები
წყარო: <a href="https://www.verywell.com/help-your-gifted-child-calm-intense-fears-1449349">www.verywell.com</a>