ემოციური მიზიდულობა - გრძნობა, რომელიც მამაკაცს „აიძულებს“ სამუდამოდ უყვარდეთ
- 01.07.2021
ალბათ გქონიათ ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელიც გამუდმებით ცდილობდა თქვენს გაკვირვებას - იქნებოდა ეს გეგმების მოულოდნელი ცვლილება, ქალაქიდან გასვლები თუ რომანტიკული საჩუქრები სამსახურში. მაგრამ, როგორც კი მან თქვენი გაოცება შეწყვიტა, თქვენი სიყვარულიც სადღაც დაიკარგა. თითქოს, აღარ გსურდათ მასთან შეხვედრები...
სინამდვილეში, მამაკაცებიც ხშირად განიცდიან მსგავს გრძნობებს. როდესაც ურთიერთობა კომფორტული, პროგნოზირებადი და რუტინული ხდება, თავდაპირველი ვნებაც ნელ-ნელა ქრება. ეს არის წერტილი, სადაც იწყება „გადაყვარება“. თუმცა ეს „ჩაქრობა“ არ არის ურთიერთობის ფიზიკური ნაწილი, უფრო მეტიც, ის სრულიად შეგრძნებითი მდგომარეობაა და მას „ემოციური მიზიდულობა“ ეწოდება.
რა არის „ემოციური მიზიდულობა“?
ემოციური მიზიდულობა არის ის, რაც მამაკაცს „აიძულებს“ გაგიღოთ გულის კარი, გაგიზიაროთ გრძნობები და უფრო ღრმა, სულიერ დონეზე დაგიკავშირდეთ. ეს არის ის, რაც ქმნის ხანგრძლივ ურთიერთობებსა და სიყვარულს. მაგრამ რატომ ხდება „გადაყვარება“?
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აღარ გრძნობს სიყვარულს თქვენს მიმართ, სინამდვილეში ნიშნავს, რომ „შენთან ერთად ვგრძნობდი როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მიზიდულობას. მაგრამ ახლა, მე აღარ ვგრძნობ ამ ემოციური მიზიდულობას. ამის გამო, ვგრძნობ დანაკლისს და ვიცი, რომ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც „გამორთულია“ და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე“.
როდესაც მამაკაცი დროებით დაშორებას ან დისტანციას ითხოვს, ცდილობს მოენატროთ და ხელახლა გააღვივოს გრძნობა, მაგრამ შედეგი საწინააღმდეგოა. ადამიანი, როგორც წესი, გაურბის იმას, რაც მას მისდევს. ის იგრძნობს, რომ თქვენ სიახლოვეს აიძულებთ და მას გაქცევა სურს.
როგორ გავაძლიეროთ „ემოციური მიზიდულობა“?
1. მიეცით მას პირადი სივრცე და გამოყავით გარკვეული დრო საკუთარი თავისთვის
ეს ნიშნავს, რომ მთელი ენერგია და ყურადღება, ურთიერთობის შენარჩუნების ნაცვლად, საკუთარი თავისკენ მიმართოთ: გაიხსენეთ თქვენი მეგობრები, ჰობი და ყველაფერი ის, რაც გაბედნიერებთ. როდესაც ამას აკეთებთ, რაღაც ჯადოსნური ხდება. პირველ რიგში, თქვენ გრძნობთ, როგორ ძლიერდებით ამ სიტუაციაში, რადგან ხედავთ, რომ ემოციებზე ძლიერი ხართ. მეორეც, მამაკაცებს, ძალიან ხშირად, სჭირდებათ პირადი სივრცე, რათა საკუთარი ეჭვები და შიშები დამოუკიდებლად დაამარცხონ.
2. შეანჯღრიეთ ურთიერთობა - შექმენით ინტერესი და მღელვარება
გახსოვთ, სტატიის დასაწყისში, მამაკაცის მიმართ ინტერესისა და არაპროგნოზირებადობის კავშირზე ვისაუბრეთ? ჩვენ გავარკვიეთ რას ნიშნავს მამაკაცისთვის სიყვარული და რა უნდა გააკეთოთ, თუ ის მას აღარ "გრძნობს".
ასე რომ, თუ ჩვეულებრივ შაბათ-კვირის ერთი და იგივე გეგმები გაქვთ, შეცვალეთ ის. მოიფიქრეთ განსხვავებული და საინტერესო აქტივობები - შეარჩიეთ სპორტი, რომლის თამაშიც მასთან ერთად შეგიძლიათ; წადით განსხვავებულ ადგილებში და შეხვდით განსხვავებულ ადამიანებს; შეისწავლეთ ინტიმური ურთიერთობის სხვადასხვა გზები; დაგეგმეთ მოგზაურობა იქ, სადაც ყოველთვის გინდოდათ წასვლა და ა.შ. თუ თქვენ მუდმივად ერთად ხართ, მაშინ დროის ცალ-ცალკე გატარება, თქვენს ურთიერთობაში სიახლეს და არაპროგნოზირებადობას შექმნის.
თუ ადრე მას ფიზიკურად და ემოციურად იზიდავდით, შეგიძლიათ კვლავ გააჩინოთ იგივე დონის სიახლოვე. ემოციური მიზიდულობის შენარჩუნებისთვის საჭიროა მხოლოდ მისთვის პირადი სივრცის გამოყოფა და ახალი შესაძლებლობების შექმნა, რათა თქვენ ორივე ერთად გაატაროთ დრო.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, წყვილი, რჩევები