სტილი

დემი მური მილანის მოდის კვირეულზე: 63 წლის ვარსკვლავი ტყავის სამოსში და მოკლე ვარცხნილობით ამოუცნობია

დემი მური მილანის მოდის კვირეულზე: 63 წლის ვარსკვლავი ტყავის სამოსში და მოკლე ვარცხნილობით ამოუცნობია

ჰოლივუდის ლეგენდამ, დემი მურმა, მილანის მოდის კვირეულზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. 63 წლის მსახიობი, რომლის კარიერული რენესანსიც მთელმა სამყარომ აღიარა, „გუჩის“ ჩვენებაზე სრულიად განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა: სექსუალური ტყავის ლუქი, ტრენდული მოკლე ვარცხნილობა და მასიური სათვალე - ვარსკვლავი იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა.

საინტერესოა, რომ დემის გვერდით პირველ რიგში მისი განუყრელი მეგობარი - პატარა ჩიხუახუა იწონებდა თავს. ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ დონატელა ვერსაჩე, პარის ჰილტონი და რომეო ბექჰემი.

„აღარ ვცდილობ, სხვების სტანდარტებს მოვერგო“ - დემის დიდი დაბრუნება

ბოლო თვეები მსახიობისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ფილმში The Substance („სუბსტანცია“) შესრულებული როლისთვის მან გასულ წელს „ოქროს გლობუსიც“ დაიმსახურა. თავის ემოციურ სიტყვაში მურმა გულახდილად ისაუბრა იმ რთულ პერიოდებზე, როცა ფიქრობდა, რომ „არ იყო საკმარისად კარგი, ლამაზი თუ ჭკვიანი“.

„ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ არაფერში გავცვლიდი იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ვარ. ახლა მაქვს თავისუფლება, ვიცოდე, რომ ყველა კითხვაზე არ უნდა მქონდეს პასუხი“ — ამბობს მსახიობი.



მიუხედავად იმისა, რომ „ოსკარი“ წელს მაიკი მედისონს დარჩა, დემი ამას მშვიდად შეხვდა: „უბრალოდ ვენდობი იმას, რაც უნდა მოხდეს“.

წინ ოსკარების ცერემონიაა

დემი მურის ხილვას მაყურებელი 15 მარტს, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზეც შეძლებს, სადაც ის ერთ-ერთი ჯილდოს წარმდგენი იქნება ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან ხავიერ ბარდემი და ზოი სალდანა.

შეგახსენებთ, რომ დემი მურის ცხოვრება არაერთ ტრავმასა და გამოწვევას უკავშირდება - მამის გარეშე გაზრდა, რთული ურთიერთობა დედასთან, დამოკიდებულებებთან ბრძოლა... თუმცა, დღეს ის ჰოლივუდის ყველაზე შთამბეჭდავი „დაბრუნების“ სიმბოლოა.