რა ღირს ქართველი დიზაინერების კაბები სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის
- 26.05.2017
პირველი და ყველაზე მძაფრი შეგრძნება იმისა, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა და ახალ, სიურპრიზებითა და პასუხისმგებლობებით სავსე დიდების ცხოვრებაში უნდა შევაბიჯოთ, მაშინ გვეუფლება, როცა სკოლას ვამთავრებთ. ბოლო ზარს, გამოცდებისგან გამოწვეულ მღელვარებას, ცოტა დაბნეულობასა და სენტიმენტებს, რომელიც სკოლის დამთავრებას თან ახლავს, ერთი ლამაზი ტრადიცია მოსდევს - სკოლის გამოსაშვები საღამო. სწორედ ამ დროს, პირველად ვაძლევთ თავს უფლებას გამოვიყურებოდეთ დიდებივით, გავიკეთოთ მაკიაჟი, ჩავიცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ლამაზებმა და გამორჩეულებმა შევაღოთ ახალი კარი, სადაც უამრავი ჩვენთვის უახლესი ემოცია გველოდება.
ყოველი წლის ამ დროს, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლას ამთავრებენ ყველაზე აქტუალური სწორედ გამოსაშვები საღამოსთვის მზადების საკითხი ხდება. ახალგაზრდა გოგონები, გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყებენ იმაზე ფიქრს რა ჩაიცვან, როგორი ვარცხნილობა გაიკეთონ, როგორ შეარჩიონ მაკიაჟი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად შეიძინონ ან ვისთან შეიკერონ საღამოს კაბა, ვინ შეძლებს მათი სურვლების დაკმაყოფილებას.
გაზაფხულის მიწურული, არანაკლებ რთული და დატვირთული პერიოდია სტილისტებისა და დიზაინერებისთვისაც, რომლებსაც სკოლადამთავრებულები მიმართავენ. TREND. დაინტერესდა როგორია ქართველი დიზაინერებისთვისთვის მოცემული პერიოდი, რა ტენდენციურობით გამოირჩევიან მომხმარებლები, როგორია ქართველი დიზაინერების მომსახურების საშუალო ფასი და რამდენად რთულია ზუსტად შეურჩიო სტილი მოზარდს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის.
TREND. რამდენიმე ქართველ დიზაინერსა და ბრენდს დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, წელს მომხმარებელთა სურვილები მრავალფეროვანია, ფასები საშუალო, ხოლო თავად პერიოდი, როგორც მოზარდებისთვის, ასევე მოდის სახლებისთვისა და დიზაინერებისთვისაც ძალიან დატვირთული. მათი უმრავლესობის თქმით, ეს პერიოდი ახალ წელზე და სხვა დღესასწაულებზე გაცილებით დატვირთული და შრომატევადია.
აკა ნანიტაშვილის თქმით, ამ პერიოდში მომხმარებელთა უმრავლესობას ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს, რომელთა დაკმაყოფილებასაც დიზაინერი მაქსიმალური სიზუსტით ცდილობს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი დიზაინერის რჩევებსაც ითვალისწინებენ. როგორც აკამ აღნიშნა, წელს, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია გამჭვირვალე კაბებზე მოთხოვნა, რაც შეიძლება წლევანდელი გამოსაშვები საღამოს კაბების ტენდენციადაც მივიჩნიოთ. დიზაინერის მომსახურების საშუალო ფასი 800 ლარამდე მერყეობს, თუმცა, როგორც თავად დიზაინერი ამბობს, ფასს ძალიან ბევრი დეტალი განსაზღვრავს: ქსოვილი, შეკვეთის სირთულე და ა.შ. აკა ნანიტაშვილი აცხადებს, რომ იგი ხშირად ცდილობს შევიდეს მოზარდების მდგომარეობაში და მისი ბიუჯეტის ფარგლებში დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები.
როგორც ირკვევა, წლევანდელი სკოლადამთავრებულების უმრავლესობა ძალიან კარგად ერკვევა ტრენდში. აღნიშნული ფაქტი არა ერთმა დიზაინერმა დაგვიდასტურა. MACH & MACH-ის თქმით, წელს მომხმარებელთა უმრავლესობა ძალიან კარგად გრძნობს სტილს, ფერს და იშვიათად საჭიროებს რადიკალური რჩევებით ჩარევას. როგორც ბრენდი აღნიშნავს, არიან მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა კოლექციიდან აკეთებენ არჩევანს თავიანთი სკოლის გამოსაშვები საღამოს კაბებსა და ტანისამოსზე. რაც შეეხება ფასებს, ბრენდმა განგვიმარტა, რომ იგი აბსოლუტურად დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე.
მომხმარებლის მოთხოვნებით სასიამოვნოდ გაოცებული აღმოჩნდა ლაკო ბუკიაც, რომლის თქმით, წელს ძალიან დახვეწილი, სტილის შეგრძნების მქონე თაობა მოდის. თუ ადრე, მუდმივი მოთხოვნა მხოლოდ საღამოს კაბებზე იყო, წელს იგი ავანგარდულმა, განსხვავებულმა და საინტერესო არჩევანმა ჩაანაცვლა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დიზაინერისთვის, მომხმარებელთან ურთიერთობა წელს სასიამოვნოდ დამღლელი აღმოჩნდა. ლაკო ბუკიასთან გამოსაშვები საღამოს კაბებისა და ტანისამოსის ფასი 500-დან 1500 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, დიზაინერის თქმით, ეს მეტწილად მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
ის, რომ სკოლადამთავრებულთა უმრავლესობის მოთხოვნაა გამოიყურებოდნენ სექსუალურად და დიდებივით, დიზაინერმა ანუკა ქებურიამ დაგვიდასტურა. მისი თქმით, იგი ორ ხაზზე მუშაობს. პირველი ხაზი ორიენტირებულია ინდივიდუალურ შეკვეთებზე, რომლის ფასიც შესაბამისად მაღალია და ხარისხიც ფასის ადეკვატური. ხოლო, მეორე ხაზი მზა პროდუქციას მოიცავს, რომლის ფასი ინდივიდუალურ შეკვეთებთან შედარებით, დაბალია. დიზაინერის თქმით, სკოლადამთავრებულთა ძირითადი მოთხოვნაა გამოიყურებოდნენ განსხვავებულად და გამორჩეულად, რის დაკმაყოფილებასაც დიზაინერი მათი სურვილების კვალდაკვალ ცდილობს.
TREND. ახალბედა დიზაინერებსაც ესაუბრა. დიზაინერ თათა ჩაჩუასთვის და ატელიე თაობისთვის ეს წელი პირველი სამუშო წელია, რომელიც საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა და როგორც თავად დიზაინერი განმარტავს, მისთვის ეს მოულოდნელიც კი იყო. სკოლადამთავრებულთა უმრავლესობა დიზაინერსაც იმ თხოვნით მიმართავს, რომ იყოს გამორჩეული, განსხვავებული და სექსუალური. ატელიე თაობას მომსახურება მინიმალური ფასიდან 200-ლარიდან იწყება და მომხმარებლის სურვილის ადეკვატურად იმატებს.
იკო კიასაშვილი ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინერია, რომელიც Handmade by Iko-ს ქმნის. ამ სეზონზე იგი ამერიკიდან ჩამოტანილ საღამოს კაბებსაც ყიდის, რომლის შეძენა მომხმარებელს ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუძლიათ. Handmade by Iko კი საღამოს კაბების გასაფორმებლად საუკეთესო იდეაა.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული ბრენდი
Trend.ge