გაბრიელ გარსია მარკესის საყვარელი წიგნები - 15 ნაწარმოები, რომლებმაც ნობელიანტი მწერლის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა
- 25.11.2026
რომელი წიგნები შთააგონებდა „მარტოობის ასი წლის“ ავტორს, რომელმა ნაწარმოებმა შეუცვალა წარმოდგენა ლიტერატურაზე და რომელი მწერლების შემოქმედებას უბრუნდებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში?
გაბრიელ გარსია მარკესმა ავტობიოგრაფიულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებებზეც ისაუბრა, რომლებმაც მისი მკითხველად და მწერლად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
წარმოგიდგენთ 15 ლიტერატურულ გავლენას, რომლებმაც დიდი კოლუმბიელი მწერლის შემოქმედებით გზაზე განსაკუთრებული კვალი დატოვა
„ათას ერთი ღამე“
მომავალი მწერლის ბავშვობა წიგნებით იყო სავსე. ის გატაცებით კითხულობდა „რობინზონ კრუზოს“, „განძთა კუნძულს“ და სხვა სათავგადასავლო რომანებს. თუმცა ადრეულ ასაკში წაკითხულ ნაწარმოებებს შორის ყველაზე დიდი გავლენა მასზე „ათას ერთმა ღამემ“ მოახდინა.
„ჩემი საყვარელი წიგნების წყალობით, განსაკუთრებით კი პირველი ზრდასრულებისთვის განკუთვნილი „ათას ერთი ღამის“ წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ახალი წიგნის გადაშლისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: სულსა და გონებას მხოლოდ ის ნაწარმოებები არგებს, რომელთა კითხვასაც თავს არ ვაიძულებთ“, - იხსენებდა მარკესი.
„ჯადოსნური მთა“ - თომას მანი
მსოფლიო ლიტერატურის სერიოზულ სამყაროში მარკესი მოგვიანებით, ლიცეუმში სწავლის პერიოდში ჩაეფლო. სწორედ იქ გაეცნო ისეთ ავტორებს, როგორებიც თომას მანი იყო.
„ჯადოსნურმა მთამ“ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მოგვიანებით მწერალი იხსენებდა, რომ თანაკლასელებთან ერთად წიგნის ხმამაღლა კითხვისას ღამეებს ათენებდა, რათა არ გამორჩენოდა ჰანს კასტორპისა და კლაუდია შოშას ნანატრი კოცნა ან ნაფტასა და მისი მეგობრის, სეტემბრინის, ფილოსოფიური დუელების არცერთი სიტყვა.
„ადამიანი რკინის ნიღაბში“ - ალექსანდრე დიუმა
დაახლოებით იმავე პერიოდში მარკესმა ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებებიც აღმოაჩინა. მათ შორის ყველაზე მეტად „ადამიანი რკინის ნიღაბში“ დაამახსოვრდა - „სამი მუშკეტერის“ შესახებ დაწერილი ბოლო რომანის, „ვიკონტ დე ბრაჟელონის“ დასკვნითი ნაწილი.
ნაწარმოებში მოთხრობილია იდუმალი ფრანგი პატიმრის შესახებ, რომელსაც სახეზე რკინის ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული. ასეთი ადამიანი ისტორიულად მართლაც არსებობდა. მისი ვინაობის გამოცანა საუკუნეების განმავლობაში იწვევდა ინტერესს და არაერთი ვარაუდის საფუძველი გამხდარა: ზოგი მას მეფის ტყუპისცალ ძმად მიიჩნევდა, ზოგი - სახელმწიფო დამნაშავედ, უცხო ქვეყნის პატრიარქად ან სულაც ქალად.
„ბიძია თომას ქოხი“ - ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ
მარკესის კიდევ ერთი საყვარელი წიგნი, რომელსაც ის ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაეცნო, ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ იყო.
კლასიკური რომანი მონობის სისასტიკესა და ადამიანურ ტრაგედიებზე მოგვითხრობს. წიგნმა ამერიკულ საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა: ის XIX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ნაწარმოებად იქცა. ზოგიერთი მკვლევრის შეფასებით, რომანმა გაამწვავა ის დაპირისპირება, რომელმაც საბოლოოდ აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებას შეუწყო ხელი.
მარკესისთვის ეს წიგნი კიდევ ერთი მიზეზით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი - მან უნივერსიტეტში ჩაბარებისას ისტორიის გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარა.
„კონტრაპუნქტი“ - ოლდოს ჰაქსლი
მარკესი კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თანაკურსელებისგან წიგნების თხოვება. ძირითადად ევროპულ ლიტერატურას კითხულობდა, რომელიც იმ დროისთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო.
მას უცხოელი ავტორების შემოქმედება მალევე შეუყვარდა. მათ შორის იყო ბრიტანელი მწერალი ოლდოს ჰაქსლიც, რომლის რომანმა „კონტრაპუნქტი“ მარკესის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
როდესაც მომავალმა ნობელიანტმა პირველი ნაწარმოების შექმნა გადაწყვიტა, მეგობრებმა მას წიგნებით სავსე ყუთი მიუტანეს. მათ შორის ჰაქსლის ცნობილი რომანიც აღმოჩნდა.
„მრისხანების მტევნები“ - ჯონ სტაინბეკი
იმავე ყუთში ჯონ სტაინბეკის ნაწარმოებებიც იდო, რომლებიც მოგვიანებით მარკესის საყვარელ წიგნებს შორის აღმოჩნდა.
განსაკუთრებით მოეწონა რომანი „თაგვებსა და ადამიანებზე“, რომელშიც ორი მეგობრის ტრაგიკული ისტორია დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკის ფონზე ვითარდება.
მწერლის კიდევ ერთი ფავორიტი იყო „მრისხანების მტევნები“ - ნაწარმოები, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის ამერიკაში მცხოვრები უბრალო ადამიანების მძიმე ბედსა და უსამართლო სოციალურ სისტემას ასახავს. ამ რომანისთვის სტაინბეკმა პულიცერის პრემია მიიღო, მოგვიანებით კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
„ულისე“ - ჯეიმზ ჯოისი
მოგვიანებით მარკესმა ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ კითხვაც დაიწყო, თუმცა ნაწარმოებმა თავიდანვე ვერ მოხიბლა. ის წიგნს პერიოდულად უბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც თავად აღიარებდა, მოთმინება დაკარგა - მაშინ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რომანის მთელ სიღრმეს.
წლების შემდეგ, უკვე როგორც ჩამოყალიბებულმა მწერალმა, გადაწყვიტა, ნაწარმოები თავიდან წაეკითხა. ამჯერად წიგნმა მასზე სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„მან ჩემთვის ნამდვილი სამყარო გახსნა, რომლის არსებობაზეც წარმოდგენაც არ მქონდა. ამასთან, ფასდაუდებელი დახმარება გამიწია ენის გათავისუფლებაში, დროის მართვასა და საკუთარ წარმოსახვაში სტრუქტურების ჩამოყალიბებაში“, - იხსენებდა მარკესი.
„ხმაური და მძვინვარება“ - უილიამ ფოლკნერი
უილიამ ფოლკნერის „ხმაურისა და მძვინვარების“ შემთხვევაშიც მარკესს თავდაპირველად გაუჭირდა ნაწარმოების სრულად აღქმა. თუმცა ეს არ გამხდარა დაბრკოლება იმისთვის, რომ მოგვიანებით ამერიკელი მწერალი მის ერთ-ერთ უსაყვარლეს ავტორად ქცეულიყო.
მარკესი აღფრთოვანებული იყო ფოლკნერის სხვა ნაწარმოებებითაც, მათ შორის „სანამ მოვკვდებოდი“ და „ველური პალმებით“.
„სინამდვილეში, ბევრი რამ, რაც ჯოისისა და ფოლკნერის შემოქმედებაში თავდაპირველად ზედმეტად რთული ან გაუგებარი მეჩვენებოდა, მოგვიანებით საოცარი სილამაზითა და სიმარტივით გამეხსნა“, - აღნიშნავდა მწერალი.
„გარდასახვა“ - ფრანც კაფკა
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მარკესს საერთო საცხოვრებლის მეზობელმა ფრანც კაფკას „გარდასახვა“ მისცა წასაკითხად. ამჯერად ნაწარმოებმა მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ წიგნი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა.
მარკესის თქმით, ამ ნაწარმოებმა მისი ცხოვრება თითქოს ორ ნაწილად გაყო - კაფკას გაცნობამდე და მის შემდეგ.
„ამის შემდეგ ვეღარასდროს დავიძინე ისეთი სიმშვიდით, როგორც მანამდე. წიგნმა ჩემი ცხოვრების მიმართულება პირველი წინადადებიდანვე შეცვალა“, - ამბობდა მწერალი. ის ხაზს უსვამდა, რომ კაფკას ნაწარმოებში მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო აღმოაჩინა.
„ალეფი“ - ხორხე ლუის ბორხესი
მარკესი ხორხე ლუის ბორხესის შეხედულებებს ყოველთვის არ იზიარებდა, თუმცა მისი წერის სტილი გულწრფელად უყვარდა. ბორხესის შემოქმედებამ გარკვეული გავლენა თავად მარკესის მწერლურ სტილზეც მოახდინა.
ისინი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო. ბორხესის მნიშვნელოვან ნაწარმოებებს შორის მარკესი განსაკუთრებით გამოყოფდა „ალეფს“ - მოთხრობების კრებულს, რომელმაც არგენტინელ მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
„ოიდიპოს მეფე“ - სოფოკლე
პირველი ნაწარმოებების გამოქვეყნების შემდეგ მარკესი უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით. მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელები მას უკვე ნამდვილ მწერალს უწოდებდნენ, თავად მიაჩნდა, რომ მისი სტილი ჯერ კიდევ დასახვეწი იყო.
მეგობარ გუსტავო იბარას რჩევით, მან მსოფლიო ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლა გადაწყვიტა. ამ პროცესში, ბუნებრივია, ძველი ბერძნული კლასიკაც აღმოჩნდა.
მარკესისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა სოფოკლეს ტრაგედიას — „ოიდიპოს მეფეს“ ჰქონდა. მწერალი მას ისევე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევდა, როგორც „ოდისეას“, რომელსაც არაერთხელ დაბრუნებია.
„შვიდფრონტონიანი სახლი“ - ნათანიელ ჰოთორნი
გუსტავო იბარა ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე იყო. როგორც მარკესი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, მისმა მეგობარმა ყველაფერი იცოდა პოეზიის შესახებ, განსაკუთრებით კი ბერძნული და ლათინური კლასიკისა, რომელსაც ორიგინალში კითხულობდა.
იბარა მარკესს ხშირად უზიარებდა საინტერესო წიგნებს. მათ შორის იყო ნათანიელ ჰოთორნის „შვიდფრონტონიანი სახლი“.
გოთიკურმა რომანმა მარკესზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მეგობრები ნაწარმოებს დღეების განმავლობაში განიხილავდნენ. მათი მსჯელობა წიგნის მნიშვნელობის შესახებ გარკვეულ ეტაპზე ჩიხში შევიდა, თუმცა, მარკესის თქმით, ამ ფიქრების გამოძახილი წლების შემდეგ მილან კუნდერას გენიალურ ნაწარმოებში - „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში“ — ამოიცნო.
„მისის დელოუეი“ - ვირჯინია ვულფი
ერთხელ იბარამ მეგობარს ვირჯინია ვულფის წიგნების მთელი დასტა აჩვენა. მწერალს ის ხუმრობით „ბებერ ვულფს“ უწოდებდა. ეს წიგნები იბარას საყვარელი ნაწარმოებები იყო, ამიტომ მარკესს მათი წაკითხვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვეს.
„ჩემთვის ეს წარმოუდგენელი განძი იყო, რომლის დაკარგვისაც მეშინოდა, რადგან ისეთი პატარა ოთახიც კი არ მქონდა, სადაც მათ უსაფრთხოდ შევინახავდი. ბოლოს გუსტავო დამთანხმდა და ვირჯინია ვულფის „მისის დელოუეის“ ესპანური თარგმანი მომცა. პირობა უნდა დამედო, რომ წიგნს ზეპირად ვისწავლიდი“, - იხსენებდა მარკესი.
მან პირობა შეასრულა და მოგვიანებით ვულფის რომანებიდან ციტატებს მეგობრებთან შეხვედრებისა და სუფრის დროსაც იმოწმებდა.
„მოხუცი და ზღვა“ - ერნესტ ჰემინგუეი
როდესაც მარკესს შთაგონება აკლდა, ხშირად სხვა ცნობილი მწერლების ნაწარმოებებს უბრუნდებოდა. სწორედ ასე აღმოაჩინა ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“.
წიგნმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ემოციური რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა: ნაწარმოები იმდენად მოეწონა, რომ, როგორც თავად იხსენებდა, თითქმის დეპრესიულ მდგომარეობაშიც კი ჩააგდო.
„თამბაქოს გზა“ - ერსკინ კოლდუელი
მარკესზე გავლენის მქონე წიგნების ჩამონათვალი, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მას ლიტერატურა მთელი გულით უყვარდა, მუდმივად პოულობდა ახალ შთაგონებას და საყვარელ ნაწარმოებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრუნდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი წიგნი ერსკინ კოლდუელის „თამბაქოს გზა“ იყო, რომელსაც მწერალი ავტობიოგრაფიაშიც ახსენებდა.
რომანი ღარიბი ფერმერების ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც შიმშილსა და უკიდურეს სიღატაკეს ებრძვის. თუმცა ამბავი მხოლოდ ტრაგიკული ტონით არ არის გადმოცემული - ნაწარმოები შავი იუმორითაა გაჯერებული და გვიჩვენებს, რამდენად მძიმე მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, რომელსაც სასოწარკვეთილება აიძულებს, ადამიანური ღირსება დაკარგოს.
თემები: წიგნები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია