LIFE

8 მთავარი შიში, რომელზეც თანამედროვე მამაკაცები ხშირად დუმან

8 მთავარი შიში, რომელზეც თანამედროვე მამაკაცები ხშირად დუმან

საზოგადოება მამაკაცისგან სიმტკიცეს, თავდაჯერებულობასა და წარმატებას ელის. თუმცა ამ მოლოდინების მიღმა ხშირად შიშები და დაუცველობის განცდა იმალება, რომლებზეც საუბარი ბევრს უჭირს. რა აწუხებთ თანამედროვე მამაკაცებს ყველაზე მეტად?

1. მარტოობის შიში

მამაკაცს შეიძლება ბევრი მეგობარი ჰყავდეს, მაგრამ არ ჰყავდეს ადამიანი, რომელსაც რთულ მომენტში გულწრფელად დაელაპარაკება. Pew Research Center-ის 2025 წლის იანვრის გამოკითხვის მიხედვით, მეგობრისგან ემოციური მხარდაჭერის თხოვნის მაღალი ალბათობა მამაკაცების 38%-მა და ქალების 54%-მა დააფიქსირა.

2. კონტროლის დაკარგვის შიში

მამაკაცისგან ხშირად ელიან, რომ რთულ სიტუაციაში გამოსავალს სწრაფად იპოვის და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. ამიტომ იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცის ან არ შეუძლია, შესაძლოა მარცხთან ასოცირდებოდეს. მას ახლობლების თვალში საყრდენის დაკარგვაც აშინებს.

3. მოლოდინების ვერ გამართლების შიში

თუ ბავშვობაში ბიჭს მუდმივად სხვებს ადარებდნენ, ზრდასრულ ასაკში სამსახურში დაშვებული შეცდომაც შეიძლება განსაკუთრებით მძიმედ განიცადოს. ასეთ დროს პროფესიულ წარმატებას ხშირად საკუთარ ღირებულებას უკავშირებს და უჭირს გაარჩიოს, რა სურს თავად და რას ელიან მისგან სხვები.

4. ფინანსური პრობლემების შიში

მამაკაცისთვის შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება იყოს, თუ თავს ოჯახის მთავარ მარჩენლად მიიჩნევს. ზოგს მეუღლისგან ფინანსური დახმარების მიღებაც უჭირს, რადგან ეშინია, რომ მის პატივისცემას დაკარგავს.

5. ურთიერთობაში საკუთარი თავის დაკარგვის შიში

ზოგიერთ მამაკაცს ახლო ურთიერთობა სურს, თუმცა აშინებს, რომ პირადი თავისუფლების დათმობა მოუწევს. ფიქრობს, რომ მეგობრებთან შეხვედრებსა და საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა თავიდანვე ისაუბრონ პირად სივრცესა და ერთმანეთის საჭიროებებზე.

6. სისუსტის გამოჩენის შიში

ბიჭებს ხშირად ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ტირილი და სისუსტის გამოხატვა არ შეიძლება. შედეგად, ზრდასრულ ასაკში საკუთარ განცდებზე საუბარი საყვარელ ადამიანთანაც უჭირთ. მათი დუმილი ყოველთვის გულგრილობას არ ნიშნავს - შესაძლოა, უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ გამოხატონ ემოციები.

7. პარტნიორის არჩევანში ხელახლა შეცდომის დაშვების შიში

ღალატის ან მტკივნეული განქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობის დაწყება რთულია. მამაკაცი შეიძლება ეჭვით უყურებდეს პარტნიორის სიტყვებს, უმიზეზოდ ეძებდეს პრობლემას ან პირველი კამათის შემდეგ დისტანცირდეს. წარსული გამოცდილება კი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ახალი ურთიერთობაც იმავე შედეგით დასრულდება.

8. ცუდ მამად ყოფნის შიში

მამაკაცს, რომელსაც ბავშვობაში მამისგან სითბო აკლდა, შესაძლოა თავად ძალიან უნდოდეს კარგი მამობა, მაგრამ არ იცოდეს, როგორ გამოხატოს სიყვარული. ამისთვის იდეალური მშობლობა საჭირო არ არის - საკმარისია ბავშვის მოსმენა, მისი ამბებით დაინტერესება და შეცდომის შემთხვევაში პატიების თხოვნა.

საკუთარ შიშებზე საუბარი სისუსტე არ არის. პირიქით, მათი აღიარება ადამიანს საკუთარ თავთან და ახლობლებთან უფრო გულწრფელი ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს.